ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აქცია და კონსტიტუციური უფლებები


აქცია და კონსტიტუციური უფლებები
აქცია და კონსტიტუციური უფლებები

ხელისუფლება ოპოზიციის აქტივისტების დაპატიმრებას განაგრძობს

საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულია მოქალაქეთა შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება. სწორედ ამის შესახებ საუბრობდა დღეს დილას გამართულ პრესკონფერენციაზეც ნინო კალანდაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე როდესაც მას კითხვა თბილისში მიმდინარე აქციის შესახებ დაუსვეს. „ყველა მოქალაქეს აქვს შეკრებისა და აზრის გამოხატვის უფლება, ეს პრინციპები ჩვენ თავად დავამკვიდრეთ,“– განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისს იურიდიული მომსახურებისთვის „ქართული პარტიის“ წარმომადგენლებმა მიმართეს და ორი წევრის ადვოკატირება სთხოვეს. თემურ აფხაზაშვილი, „ქართული პარტიის“ ერთ–ერთი ლიდერი გორში ამბობს, რომ მისი მეგობარი და თანაპარტიელი კახა ერგემლიძე 21 მაისს დააკავეს და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით 25 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. ანალოგიური ხვედრი ერგო წილად დავით ჯარმელაშვილსაც.

ტელეკომპანია „თრიალეთის“ ჟურნალისტი ლადო ბიჭაშვილი „ქართული პარტიის“ წევრის, დავით ჯარმელაშვილის დაკავების ფაქტს თავად შეესწრო. საპატრულო პოლიციამ ტაქსისტი ჯერ ალკოჰოლზე შეამოწმა, შემდეგ კი მანქანიდან მგზავრი ჩამოსვა და ბორკილები დაადო. „ჩვენ რომ მივედით ის უკვე პატრულის მანქანაში იჯდა და თვალები შავი ნაჭრით ჰქონდა დაფარული“,– ამბობს ლადო ბიჭაშვილი.

გორში „სახალხო კრების“ აქტივისტი მიშა გოგიჩაშვილი 20 მაისს საღამოს დააკავეს. ოჯახის წევრები ორი დღის მანძილზე მის ადგილსამყოფელს ვერ ადგენდნენ. თამარ კოდოშვილი „სახალხო კრების“გორის ოფისის წარმომადგენელი ამბობს, რომ ასევე დიდი ზეწოლის ქვეშ იყვნენ ხაშურის კომიტეტის წარმომადგენლები. მისივე თქმით, ისინი პოლიციის ალყის ქვეშ იმყოფებოდნენ და გორში ჩამოსვლას ვერ შეძლებდნენ, ტელეკომპანია „თრიალეთის“ წარმომადგენლებს საკუთარი მანქანით რომ არ გამოეცილებინათ.

ორი დღეა მედიაში გაჩნდა ცნობები, ფოტო და ვიდეო მასალა იმის შესახებ, რომ ხელისუფლებას სპეცრაზმის წარმომადგენლები ჰყავს მობილიზებული. დღეს კი ტელეკომპანია „მაესტროს“ეთერით გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვით ბადრი ბასიშვილი, დიდი ლიახვის ხეობის მაჟორიტარი დეპუტატი დასახელდა ეგრეთ წოდებული „ზონდერ ბრიგადის“ ხელმძღვანელად, რომლის წარმომადგენლებიც მივიდნენ „სახალხო კრების“ აქციაზე. ინციდენტი იმით გამოიხატა, რომ აქციის მონაწილეებმა „ბასიშვილის ხალხი“ ამოიცნეს და კრების დატოვება მოსთხოვეს.

ბადრი ბასიშვილი, დიდი ლიახვის ხეობის მაჟორიტარი დეპუტატი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ მას არავითარი ბრიგადა არ ჰყავს და არც არავის დარბევას აპირებს. თუმცა მისი გვარის მოხვედრა გაურკვეველ ვითარებაში პირველი შემთხვევა არ არის. საბა წიწიკაშვილი, გორში გამომავალ გაზეთ „ქართლის ხმის“ რედაქტორი და „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენელი ამბობს: „გორის ცენტრიდან სტალინის ძეგლის ჩამოხსნის ღონისძიებაშიც სწორედ ბადრი ბასიშვილის გუნდი იღებდა მონაწილეობას. ხელიუსფლება მას შავი სამუშაოს შესასრულებლად იყენებს. ბასიშვილს გავლენა აქვს დევნილებზე, რომლებიც დახმარების მიუღებლობის შიშით მზად აღმოჩნდნენ ხელი მოეწერათ განცხადებაზე, რომელიც მაშინ გორის მუნიციპალიტეტში შევიდა სტალინის ძეგლის გადატანის მოთხოვნით. 1500 ხელმომწერიდან ყველა კოტეჯებში ჩასახლებული დევნილია. ასევე მისი აპარატის წარმომადგენლება შეასრულეს მაშინ შავი სამუშაოც, რაც ძეგლის დემონტაჟის პროცესს ახლდა თან,“– ამბობს საბა წიწიკაშვილი.

ამ დროისთვის გადაადგილება შეზღუდულია ახალგორის მიმართულებით. გაძლერებულია დაცვა კონფლიქტის ზონებში ადმინსიტრაციულ საზღვართან. ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, მიმდინარეობს მორიგი როტაცია და ეს ყველაფერი ირაკლი ოქრუაშვილის, „ქართული პარტიის“ ლიდერის მიერ დადებულ პირობასთან იმის შესახებ, რომ 25 მაისს საქართველოში იქნება, კავშირში არაა. ოფიციალური ცნობით, ახალგორში მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება.

XS
SM
MD
LG