ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეპიდემია - ახალი ფრონტი რუსული დეზინფორმაციისთვის


მითები, ტყუილები, მცდარი ინფორმაცია, შეთქმულების თეორიები - კორონავირუსით გამოწვეულმა გლობალურმა ეპიდემიამ დეზინფორმაციის გამავრცელებლებს გზა ფართოდ გაუხსნა. თუკი დეზინფორმაციის ერთი ნაწილი უბრალოდ მცდარ ცნობებს ეყრდნობა და ადამიანები მას ცუდი განზრახვის გარეშე ავრცელებენ, მეორე ნაწილი ხშირად კრემლიდან მოდის და მსოფლიოში ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას და საინფორმაციო ქაოსის შექმნას ცდილობს.

რუსეთი ძველ მეთოდებს ახალ ფრონტზე უკვე აქტიურად იყენებს. კოვიდ-19-ის ეპიდემია კრიზისია დანარჩენი მსოფლიოსთვის, კრემლისთვის კი ახალი შესაძლებლობა. ევროპის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის ანგარიშში, რომელიც ჟურნალისტებმა მოიპოვეს, რუსეთის მთავრობის მხარდამჭერი მედია კორონავირუსის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს და ევროპის მოსახლეობის დაბნევას, გახლეჩას და უნდობლობის დათესვას ცდილობს. დეზინფორმაცია ძირიტადად ევროპულ ენებზე, ინგლისურად, გერმანულად, ესპანურად და ფრანგულად ვრცელდება.​

ყალბი ინფორმაციის გამავრცელებლები ყოველთვის ეცდებიან გაგასულელონ. ისინი ცდილობენ მიწვდნენ თქვენს სურვილებს, შიშებს, რწმენებს. ისინი ეცდებიან ისეთი ინფორმაცია მოგაწოდონ, რომლის სამიზნეც თქვენი გრძნობებია და არა - გონება.
ქრისტინა ტარდაგუილა, "ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელი"

"ჩვენ შევნიშნეთ გარედან მომავალი დეზინფორმაციის მასშტაბების ზრდა. მათ შორისაა რუსეთის, ან რუსეთში მოქმედი პროვაიდერების, ან პროსამთავრობო აქტორებთან დაკავშირებული ძალები", - პიტერ სტანო, ევროკავშირის საგარეო საქმეთა პრესსპიკერი. "საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იცოდეს ამის შესახებ, რადგანაც ვინც უნდა იდგეს ამის უკან, და რუსეთი არ არის მცდარი ინფორმაციის ერთადერთი წყარო, ის, ვინც დეზინფორმაციას ავრცელებს, ფაქტობრივად ადამიანების სიცოცხლით თამაშობს", - განმარტავს სტანო.

თუმცა კრემლი ბრალდებებს უარყოფს. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, ევროკავშირი რუსეთს დაუსაბუთებელ ბრალდებებს უყენებს.

დეზინფორმაციის ავტორები, მიმართულება და შინაარსი განსხვავებულია. ზოგი ფიქრობს, რომ ვირუსი ჩინეთმა ჰონგ-კონგის პროტესტის გადასაფარად განზრახ გაავრცელა, ზოგს ის დასავლურ ლაბორატორიებში დამუშავებული მასობრივი განადგურების იარაღი ჰგონია. ჩინური და რუსული წყაროების მქონე აქტორები კი დასავლურ დემოკრატიებს და ღირებულებებს აკრიტიკებენ, თანაც ერთმანეთის მსგავსი გზავნილებით.

ედვარდ ლუკასი, "ევროპის პოლიტიკის ანალიზის ცენტრიდან" ამბობს, რომ დეზინფორმაციული ნარატივების ერთ-ერთი წამყვანი თემა ისაა, რომ თითქოსდა ყველაფერში დამნაშავე ამერიკაა:

"ერთ-ერთი პოპულარული [დეზინფორმაციის] ვერსიით, თითქოს უჰანში ვირუსი ამერიკელებმა ჩაიტანეს, ახლა კი ამის დაფარვას ცდილობენ. და ეს არაა მხოლოდ შეთქმულების თეორია - ამას ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი წარმომადგენელი ამბობს, შემდეგ კი მას სხვა დიპლომატებიც ეთანხმებიან. კიდევ ერთი თემა ისაა, რომ ეპიდემიით ამერიკა მსოფლიოში ჩინეთის გავლენის ზრდას უპირისპირდება. გერმანიაში კი ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ვაშინგტონს ვაქცინის მონოპოლიზირება სურს, კაპიტალისტებს კი მისით გამდიდრება", - ამბობს ლუკასი.

პოლიტიკური თუ სხვა მიზნის მქონე მოთამაშეები თუ უბრალოდ ადამიანები, რომელთაც საკმარისი და სანდო ინფორმაცია არ აქვთ, ხშირად მსოფლიოს ერთი შეხედვით დაუჯერებელ ცნობებს აწვდიან. მაგრამ პანიკის, შიშის თუ სხვა მიზეზების გამო, ასეთი დაუჯერებელი საშუალებები ზოგს სიცოცხლის ფასად უჯდება. ირანში 24 ადამიანი გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ყალბი ცნობები, თითქოსდა სპირტით ვირუსით ინფიცირების პრევენცია შეიძლებოდა.

კრისტინა ტარდაგუილა პოინტერის ინსტიტუტის „ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელის“ ასოცირებული დირექტორი, „ამერიკის ხმასთან“ საუბარში ამბობს, რომ დეზინფორმაციის შედეგები და მისით გამოწვეული ზიანი განსაკუთრებით დიდია, როდესაც საუაბრი ჯანდაცვის საკითხებს შეეხება, რადგან ამ, ზოგჯერ ყალბ ცნობებზე დაყრდნობით, ადამიანები სიცოცხლესა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს იღებენ:

„ყალბი ინფორმაციის გამავრცელებლები ყოველთვის ეცდებიან გაგასულელონ. ისინი ცდილობენ მიწვდნენ თქვენს სურვილებს, შიშებს, რწმენებს. ისინი ეცდებიან ისეთი ინფორმაცია მოგაწოდონ, რომლის სამიზნეც თქვენი გრძნობებია და არა - გონება", - ამბობს ტარდაგუილა. "გახსოვდეთ, ადამიანები ცდილობენ რაღაცები დაგაჯერონ. ისინი ეცდებიან შეეხონ თქვენს ემოციურ წერტილებს ისე, რომ ეს ვერც შენიშნოთ. ამიტომ თავად იფიქრეთ, რისი გეშინიათ? ეცადეთ გაიგოთ, რა გინდათ ყველაზე მეტად? ალბათ ახლა ყველას ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, მისგან განკურნების საშუალება გვინდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პირველივე მესიჯი, რომელსაც „ვოთს აპში“ ან სხვაგან მიიღებთ, ამის შესახებ სანდო წყარო იქნება და განკურნების საშუალებას შემოგთავაზებთ", - განმარტავს ბრაზილიელი ექსპერტი.

ყალბი ცნობების ანალიტიკოსი ამბობს, რომ დეზინფორმაციას ახლა მედიასაშუალებები და სოციალური მედიის კომპანიები, პლატფორმები, ერთად უნდა ებრძოლონ, რადგან მათი მთავარი მეტოქე სწორედ დეზინფორმაციაა და არა - ერთმანეთი.

XS
SM
MD
LG