ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯო ბაიდენმა მოხსენებაში საქართველოზე ისაუბრა


მიუნხენის კონფერენციაზე ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა ნატოში საქართველოს ინტეგრაციის ხელშეწყობის აუცილებლობას გაუსვა ხაზი

გერმანიაში ვიზიტით მყოფი შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მიუნხენის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. ჯო ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დიპლომატიური მეთოდები ბოლომდე არ ამოწურულა და რომ ამერიკა ირანთან პირისპირ საუბრისთვის მზად არის. მან სირიის ოპოზიციას მხარდაჭერის გაგრძელება აღუთქვა.

ვიცე-პრეზიდენტის მოხსენებაში საქართველოც იყო ნახსენები: „საქართველოს და ბალკანეთის ქვეყნების მიზანი ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის შესახებ შეუსრულებელი რჩება. ინტეგრირების პროცესი თავად ამ ქვეყნების მონდომებაზეა დამოკიდებული. თუმცა, ჩვენც ვიზიარებთ პასუხისმგებლობას, რათა დავეხმაროთ მათ დამსახურებული ადგილი დაიმკვიდრონ ევროპაში და ტრანს-ატლანტიკურ ალიანსში“ - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

რაც შეეხება შეერთებული შტატების ურთიერთობებს რუსეთთან, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას აზრთა სხვადასხვაობა აქვს სირიასთან მიმართებაში, ასევე ნატოს გაფართოების, ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემების განლაგების, დემოკრატიის და ადამიანის უფლებების თემებზე. თუმცა, ამავე დროს ამერიკას და რუსეთს ბირთვული არსენალის შემცირების და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე საერთო ხედვა ერთიანებს.
XS
SM
MD
LG