ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანიაში ყოველწლიური კანცლერის კონფერენცია გაიმართა


მერკელის თქმით, საბერძნეთისთვის ვალის ჩამოწერა ან მისი მოდიფიკაცია ევროზონისთვის მავნე გადაწყვეტილება იქნება

გთხოვთ, დაიცადოთ
Embed

No media source currently available

0:00 0:02:56 0:00
ბმული

ანგელა მერკელმა გაულ კვირას კანცლერის ყოველწლიური კონფერენცია გამართა, რომელზეც მას გერმანიის ფედერალურ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ჟურნალისტებთან ხანგრძლივის საუბრის საშუალება მიეცა.

ევროპის მიმდინარე ფინანსური კრიზისი წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური თემაა და კონფერენციაზეც სწორედ საბერძნეთი იყო განხილვების ძირითადი თემა.

ჟურნალისტებთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ საბერძნეთისთვის სესხის რესტრუქტურიზაციის შესაძლებლობა ძალიან დაბალია.

გერმანიის ფინანსთა მინისტრი მერკელის კონფერენციამდე ერთი დღით ადრე საბერძნეთში იმყოფებოდა და მანაც დაახლოებით იგივე გზავნილი გააჟღერა.

მერკელის თქმით, საბერძნეთისთვის ვალის ჩამოწერა ან მისი მოდიფიკაცია ევროზონისთვის მავნე გადაწყვეტილება იქნება.

მისი განმარტებით, თუ ევროზონამ ვალი საბერძნეთს ჩამოუწერა, შეიძლება ფინანსურ კრიზისში მყოფმა სხვა რომელიმე ქვეყანამაც იგივე მოითხოვოს, რასაც სავალალო შედეგი მოჰყვება ევროზონისთვის.

ამ ნაბიჯმა შეიძლება ყველა ინვესტორს გაურკვევლობის გრძნობა გაუჩინოს და ეჭვის ქვეშ დააყენოს ყველა ის წარმატებული გადაწყვეტილება, რომლებიც უკანასკნელი წლების მანძილძე ევროზონის სტაბილიზაციის მიზნით იქნა მიღებული.

იან ბეგი ლონდონის ეკონომიკური სკოლის ევროპის ინსტიტუტის მკვლევარია. ის ამბობს, რომ ბერძნების მდგომარეობა იზოლირებულ შემთხვევად უნდა იყოს განხილული.

„საბერძნეთი ყოველთვის განსაკუთრებულ შემთხვევად უნდა იყოს მიჩნეული იმის გამო, რომ მისი მდგომარეობა გაცილებით ექსტრემალურია. საბერძნეთს უზარმაზარი საჯარო ვალი აქვს და ამ ვალს უცხოელები ფლობენ.“

პორტუგალიამ, ირლანდიამ და კვიპროსმა ასევე მიიღეს მასტიმულირებელი პაკეტები, მაგრამ საბერძნეთისთვის ვალად მიცემული 400 მილიარდ დოლართან შედარებით მათი თანხები უმნიშვნელოა.

მიუხედავად სტიმულირებისა, საბერძნეთის ფინანსური სიტუაცია საკმაოდ მძიმეა და მისი ეკონომიკა უწყვეტად იკუმშება. მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედი უმუშევარია.

გერმანიის ფედერალური არჩენების მოახლოვებასთან ერთად მერკელი შეიძლება თავს იკავებდეს საბერძნეთისთვის ვალის ჩამოწერის თემაზე საუბრისგან. თუმცა, ბეგს მიაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება ადრე თუ გვიან მიღებული უნდა იქნას.

ევროპელ ლიდერებს მიაჩნათ, რომ საბერძნეთს დახმარების მორიგი ტალღა სჭირდება კრიზისიდან გამოსასვლელად.

„საჯარო სექტორში პრობლემების გადაჭრა გვინდა, მაგრამ ამ სექტორში არსებულ სირთულეებს კიდევ უფრო ვაღრმავებს დანახარჯების შეკვეცით. ჩემი აზრით, ევროპელმა პარტნიორებმა გააცნობიერეს ეს და მომდევნო რამდენიმე თვის მანძილზე ევროპელები საბერძნეთის საჯარო სექტორში დამატებით ფულს ჩადებენ.“

უკანასკნელ პერიოდში ჩატარებული გამოკითხვების თანახმად, გერმანიის ფედერალურ წინასაარჩევნო კამპანიაში მერკელი ლიდერობს და 22 სექტემბერს დანიშნულ არჩევნებშიც სწორედ ის გაიმარჯვებს.
XS
SM
MD
LG