ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სად და რატომ გარბიან კონფლიქტის ზონიდან


სად და რატომ გარბიან კონფლიქტის ზონიდან
სად და რატომ გარბიან კონფლიქტის ზონიდან

სოფლად, ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვეს მცხოვრები ახალგაზრდები სამსახურს სხვაგან დაეძებენ

ცხინვალთან ახლოს, ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ქართულ სოფლებში მოსახლეობა ომის შემდეგ თანდათან დაბრუნდა, თუმცა თვალის ერთი შევლებაც საკმარისია, რომ ითქვას: იქ ცხოვრება ახალგაზრდებისთვის სხვა არჩევანის არარსებობასთანაა დაკავშირებული. მოტივაცია, რატომ უნდა დარჩნენ ისინი სოფლებში და იქ ააწყონ ცხოვრება, სრულიად ბუნდოვანია. სახლი ყველას უყვარს, მაგრამ როდესაც საქმე მომავლის დაგეგმვას შეეხება, აქ რეალობა და შესაძლებლობა ერთმანეთის საპირისპირო მხარეებად წარმოჩინდებიან.

სოფელი დვანი ქარელის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის და ოსურ სოფლებს: მუგუთსა და დიდმუხას ესაზღვრება. დვანში ახალკაცების დიდი ოჯახი ცხოვრობს, რომლის ყველაზე პატარა წევრი ორი წლისაა. მისი დედა, ნინო ლომიძე ამბობს, რომ დვანი ძალიან უყვარს, მოწონს დიდ ოჯახთან ერთად ცხოვრება, მიიჩნევს, რომ ასეთ გარემოში ბავშვი უკეთ ვითარდება, თუმცა როდესაც კითხვა არჩევანს ეხება, ამბობს: „დაძაბულობა იმდენად დიდია, ყველას ნერვოზი აქვს. ვფიქრობ, აქ ცხოვრება ძალიან საშიშია, მეც და ჩემს მეუღლესაც გადაწყვეტილი გვაქვს, საცხოვრებლად ქალაქში გადავიდეთ, თუკი ამის შანსი მოგვეცემა. ბავშვისთვისაც უკეთესი იქნება თავი უსაფრთხო გარემოში იგრძნოს“.

დვანში ასე მხოლოდ ნინო ლომიძე არ ფიქრობს. მაია მოსიაშვილი, რომელიც ტყუპი გოგონების დედაა, ჩვენთან საუბრისას ანალოგიურ აზრს აფიქსირებს. მიიჩნევს, რომ ქალაქში მეტი შესაძლებლობაა ბავშვისთვის იყოს უსაფრთხოდ და მიიღოს განათლება.

იმ შემთხვევაში, თუ შვილი და რძალი ბავშვებით სოფლის დატოვებას გადაწყვეტენ, ნაზო მინდიაშვილს, მარტო მოუწევს სახლში დარჩენა. მას ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, ამბობს, რომ დვანის გზა ძალიან დაზიანებულია და სასწრაფო დახმარების მანქანასაც კი უჭირს აქამდე მოსვლა და ამისთვის რამდენიმე საათს კარგავს.

„ჩემი ასაკის ადამიანის პოვნა სოფელში გაგიჭირდებათ. ყველა წასულია. ღმერთი თუ გადმომხედავს მეც ვიშოვი სამსახურს და წავალ,“–ამბობს თამუნა დურგლიშვილი, სოფელ ზემო ნიქოზის მკვიდრი, რომელმაც უნივერსიტეტი გასულ წელს დაამთავრა და ახლა უმუშევარია."

სოფლად, ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვეს მცხოვრები ახალგაზრდები სამსახურს სხვაგან დაეძებენ და მიწაზე დამაგრებას, როგორც ოჯახის შენახვის ალტერნატივას, ვეღარ განიხილავენ. ამის საფუძველს, უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლების მხრიდან კონფლიქტის ზონაში მცხოვრებთა პრობლემების მიმართ არასაკმარისი ყურადღება ქმნის. სოფლის მეურნეობის სამინისტრო წელს 150 მილიონ ლარს სოფლის მეურნეობის სექტორში დახარჯავს. „რესურსი ძირითადად მოზიდულია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან და კერძო საინვესტიციო ფონდებიდან. ამ ეტაპზე პროექტის თანადაფინანსებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა დამატებით 9 მლნ ლარი. საჭიროების შემთხვევაში თანადაფინანსების მოცულობა გაიზრდება,“– აღნიშნულია სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებ–გვერდზე, თუმცა იქ ინფორმაციას იმის თობაზე, თუ კონკრეტულად რა იგეგმება უწყლოდ დარჩენილი ცხინვალისპირა სოფლებისთვის, ვერ ნახავთ.

XS
SM
MD
LG