ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართველი სამხედრო ტყვე ცხინვალში


ამ დრომდე უცნობია, რა ვითარებაში ჩავარდა ტყვედ რომან შიტიკოვი

რას აკეთებს სახელმწიფო უმცროსი სერჟანტის რომან შიტიკოვის გამოსახსნელად?

მეექვსე თვეა რუს ოკუპანტებსა და ოს სეპარატისტებს ცხინვალის ციხეში ქართველი სამხედრო ტყვე ჰყავთ. თბილისელი რომან შიტიკოვი საქართველოს შეიარაღებული ძალების, სახმელეთო ჯარების სარდლობის შტაბის დაქვემდებარეში მყოფი, ჯავშანსატანკო სამმართველოს ექსპლუატაციის, რემონტის, დაგეგვმისა და კონტროლის განყოფილების უმცროსი სერჟანტია.

შიტიკოვი 2013 წლის 7 ნოემბერს თბილისში გაუჩინარდა. ოჯახის წევრების ცნობით, იგი სამსახურში წავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. 18 ნოემბერს, ოჯახმა გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოს მიმართა და უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველი ჯარისკაცის ძებნის ოპერაცია დაიწყო.

მნიშვნელოვანია, რომ 2008 წლის სექტემბერში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, საქართველოს მაშინდელი პრემიერის გრიგოლ მგალობლიშვილის განკარგულების საფუძველზე, რომან შიტიკოვი დაჯილდოვებულია მედლით „მხედრული მამაცობისთვის“.

როგორ და რა ვითარებაში დაატყვევეს უმცროსი სერჟანტი რუსმა ოკუპანტებმა ამ დრომდე უცნობია. რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა ცხინვალში, ჯერ დაადასტურა ქართველი ჯარისკაცის დაკავების ფაქტი, შემდეგ კი უარყო.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელმა კახა ქემოკლიძემ, ტელეკომპანია „იმედის“ საკვირაო გადაცემა „პანორამასთან“ ინტერვიუში კერძოდ განაცხადა:

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რომან შიტიკოვი არის დაკავებული რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ. ჩვენი ინფორმაციით, ეს დაკავება მოხდა 2014 წლის 6 აპრილს.

ძალიან საინტერესოა ნიუანსი, რომ 15 აპრილს ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმმა დაგვიდასტურა დაკავების ფაქტი, თუმცა, 23 აპრილს, მათ უარყვეს ეს ინფორმაცია. ერგნეთში ბოლო შეხვედრის დროს ჩვენ დეტალურად სწორედ ეს საკითხი განვიხილეთ.“


ბოლო პერიოდში, ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებულმა საქართველოს მოქალაქეებმა დაადასტურეს, რომ რომან შიტიკოვი ნამდვილად იქ იმყოფება. თვითმხილველთა თქმით, საოკუპაციო რეჟიმი ქართველ ჯარისკაცს განსაკუთრებული სისასტიკით ეპყრობა და მის გასამართლებას „ტერორიზმის მუხლით“ აპირებს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ჩვენი წყაროს ცნობით, ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმს ამ დრომდე არ დაუყენებია ეთნიკურ ოს პატიმრებზე, რომან შიტიკოვის გაცვლის საკითხი. ცნობილია, რომ ცხინვალი დიდი ხანია, 2005 წლის 1 თებერვალს, გორში ტერორისტული აქტის მოწყობის გამო, სამუდამო პატიმრობა მისჯილი : გია ვალიევის, გია ზასეევისა და იოსებ კოჩიევის გადაცემას მოითხოვს.

თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, კი უმცროსმა სერჟანტმა რომან შიტიკოვმა „2013 წლის 11 ნოემბერს შეიარაღებული ძალებიდან თვითდათხოვნა განახორციელა“. 2014 წლის მაისში გამოცემული ბრძანებით კი „ვინაიდან, რომან შიტიკოვი ამ დრომდე არ გამოცხადდა შეიარაღებულ ძალებში, მას უფლებამოსილება შეუჩერდა“.

საქართველოს შეიარაღებული ძალების, გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი კახაბერ ჩიხლაძე ამბობს:

„სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მიერ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე თვითდათხოვნის ფაქტთან დაკავშირებით. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებს ვერ გავახმოვანებთ.“

რა ვითარებაში დაატყვევეს უმცროსი სერჟანტი რომან შიტიკოვი რუსმა ოკუპანტებმა? რას აკეთებს სახელმწიფო ქართველი ჯარისკაცის გამოსახსნელად? მზად არის თუ არა ქართული მხარე პატიმრების გაცვლისთვის - „ყველა ყველაზე“ პრინციპით? - ამ კითხვებზე ჯერჯერობით, ზუსტი პასუხები არ არსებობს.

ცნობილია, რომ ოფიციალურმა თბილისმა რომან შიტიკოვის საკითხი უკვე დააყენა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავჯდომარეების დონეზე.

ბოლო სამხედრო ტყვე ცხინვალის ციხეში, საქართველოს შეიარაღებული ძალების კაპრალი, მესანგრე ზვიად კობალაძე იყო. იგი ტყვედ 2008 წლის ოქტომბერში ჩავარდა და მისი გამოხსნა ცხინვალიდან, მხოლოდ 2011 წლის თებერვლის ბოლოს მოხერხდა.
XS
SM
MD
LG