ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრემიერი კვირიკაშვილი აშშ-ის ხაზინის მდივანს შეხვდა


გიორგი კვირიკაშვილი და სტივენ მნუჩინი

საქართველოს პრემიერ მინისტრი, ვაშინგტონში ვიზიტისას, 10 მაისს ამერიკის ხაზინის მდივანს სტივენ მნუჩინს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა. დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ბატონებმა კვირიკაშვილმა და მნუჩინმა საქართველოს ეკონომიკური პრიორიტეტები განიხილეს. მნუჩინმა, ამასთან, საქართველოს პრემიერს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმების მიღწევა მიულოცა.

„ხაზინის მდივანმა პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან საქართველოს ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერის პროგრამის შეთანხმების მიღწევა მიულოცა. ხაზინის მდივანმა მნუჩინმა ასევე ხაზი გაუსვა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ერთად მუშაობის მნიშვნელობას “, - ნათქვამია განცხადებაში.

ერთი დღით ადრე, გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს რექს ტილერსონს შეხვდა. მათ ხელი მოაწერეს ორმხრივ შეთანხმებას, რომელიც უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას და ინფორმაციის ზოგად გაცვლას მოიცავს.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში ხელმოწერილი შეთანხმება, ქვეყნებს შორის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარების იურიდიულ საფუძველს ქმნის და უსაფრთხოების განმტკიცებისკენ არის მიმართული.

პრემიერ მინისტრი ვიზიტის განმავლობაში, აშშ-ს ვიცე პრეზიდენტს მაიკ პენსს შეხვდა, რის შემდეგაც ისინი „ოვალურ ოფისში“ პრეზიდენტ ტრამპს გაესაუბრნენ. პრეზიდენტი ტრამპი მიესალმა საქართველოს პრემიერს და კვლავ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი ამერიკის მხარდაჭერა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG