ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მარტიდან ქართველი პატიმრები ვიდეოპაემნით ისარგებლებენ


მარტიდან ქართველი პატიმრები ვიდეოპაემნით ისარგებლებენ
მარტიდან ქართველი პატიმრები ვიდეოპაემნით ისარგებლებენ

8 თებერვალს საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე პარლამენტის წევრებმა პირველი მოსმენით განიხილეს კანონპროექტი ”პატიმრობის კოდექსში ცვლილებების და დამატებების შესახებ”, რომელიც , მათ შორის , ხანგრძლივი პაემნის უფლებასთან დაკავშირებით საკითხებს არეგულირებს. ასევე ამ დღეებში საერთაშორისო ორგანიზაციის ”ციხის საერთაშორისო რეფორმის” ინიციატივით სპეციალურად მედიის წარმომადგენლებისთვის სემინარი ჩატარდა ჟურნალისტების ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით სასჯელის აღრსრულების სფეროში მიმდინარე რეფორმების შესახებ.ორგანიზაციის რეგიონალური დირექტორის ცირა ჭანტურიას თქმით, საპატიმრო და არასაპატიმრო სასჯელების გამოყენება საქართველოში, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა როგორც საპატიმრო სასჯელის ალტერნატივა, გრძელვადიანი და უვადო სასჯელის გამოყენების პრაქტიკა - ეს არის საკითხები, რომლებზეც ”ციხის საერთაშორისო რეფორმა” სახელმწიფო სტრუქტურებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობს .

1 მარტიდან პატიმრები და მათი ახლობლები ახალი სერვისით, ვიდეოპაემნით ისარგებლებენ, ამბობს პრობაციის სააგენტოს უფროსის მოადგილე გიორგი არსოშვილი: ”მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის მიზნით ახალი სერვისია. შევიდა ცვლილებები პატიმრობის კოდექსში, რის საფუძველზე უახლოეს მომავალში იქნება ვიდეოპაემნის მექანიზმი დანერგილი. ვიდეოპაემნისთვის საჭიროა განაცხადი მსურველი პირის და უმთავრესი - პატიმრის ნება-სურვილი. თუ პატიმარი გამოხატავს თავის სურვილს ვიდეოპაემანი ჰქონდეს კონკრეტულ პირთან, ამ შემთხვევაში განხორციელდება ეს მექანიზმი. თვის განმავლობაში ეს სერვისი შეიძლება პატიმარმა გამოიყენოს 3-ჯერ”. სავარაუდოდ ერთი ვიდეოპაემნი 15 ლარი ეღირება.

გრძელვადიანი, 24-საათიანი პაემნის ღირებულება სავარაუდოდ 60 იქნება. ამ სერვისით სარგებლობა მსჯავრდებულებს წელიწადში 2-ჯერ შეეძლებათ. გრძელვადიანი პაემნებისთვის 3-ვარსკვლავიანი სასტუმროს ტიპის შენობები მოეწყო, ამბობს სასჯელარსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის თანაშემწე ტატო ქელბახიანი: ”საუბარია ჯერჯერობით 60 ლარზე, სადაც შევა 3-ჯერადი კვება ჰიგიენური საშუალებები და ა.შ. ”

24-საათიანი პაემნის ღირებულებასთან დაკავშირებით პარლამენტის წევრებმა სასჯელაღსრულების მინისტრს ხათუნა კალმახელიძეს სოციალურად დაუცველი პატიმრების ოჯახებისთვის შეღავათის დაწესება შესთავაზეს.

საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დღეისათვის სასჯელს იხდის 24 ათასი ადამიანი, აქედან ასამდე მსჯავრდებულს უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი , ამის შესახებ პროექტის ოფიცერი მაია ხასია გვესაუბრება: ”ამიერკავკასიაში ჩვენ სხვა ქვეყნებისგან გამოვირჩევით, მხოლოდ საქართველოს ჰყავს უვადო თავისუფლებააღკვეთილი ქალი მსჯავრდებულები. ასეთია 4 ადამიანი, ყველა მათგანი მსჯავრდებულია ნარკოტიკული დანაშაულისთვის..”

XS
SM
MD
LG