ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართველი სასულიერო პირები ვაქცინაციის საწინააღმდეგო რიტორიკას იყენებენ, პანდემიას „ბლეფს“ უწოდებენ


ფოტო: AFP
ღვინო, რომელიც გარდაიქმნება სისხლად ბარძიმში არის ანტისეპტიკი. თითონ ღვინოში რო ჩააწო, როგორც სპირტში რომ ჩააწო.


„ნელ-ნელა ჩნდება, რომ ამ პანდემიის მიღმა, როგორც მე მეუბნებიან და გუშინაც ვუყურე რაღაცა გადაცემებს, გადმომიგზავნეს WhatsApp-ზე და ბლეფი არისო საერთოდ. დავუშვათ და ბლეფი აღმოჩნდა ეს პანდემია, სად მიდიხართ მაშინ? თუ ეს პანდემია არის ხრიკი... როცა დადგინდება და მსოფლიო იტყვის, რომ ეს ბლეფი არის და თუ ბლეფია, არის თუ არა ის მღვდელმთავარი სწორი?” ასე უპასუხა 5 მაისს ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონ ბულუხიამ ჟურნალისტის კითხვას, რას ფიქრობდა ის ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტის განცხადებაზე.

3 მაისს, საკვირაო ქადაგების დროს, ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბა გიგიბერიამ მრევლს უთხრა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „არა იმდენად ვირუსს მოემსახურება, არამედ ადამიანის დამონებას, ადამიანების მართვას, ადამიანების დამორჩილებას და ეს გახდება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იარაღი ეშმაკის ხელში, რომ ადამიანები მართოს და ადვილად წარწყმიდოს”.

კორონავირუსი ადვილად გადამდები და საშიში ვირუსია. მეცნიერები თავდაუზოგავად მუშაობენ უსაფრთხო ვაქცინის შექმნაზე და პანდემიის „ბლეფად“ ან „ხრიკად“ მოხსენიება არასწორია.

მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოება ერთობლივად ცდილობს, შეიმუშაოს COVID-19-ის გამომწვევი SARS-CoV-2 ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა. მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო ამ მუშაობის შედეგებს ელოდება, ქართველი სასულიერო პირების ნაწილი ეჭვს თესავს ამ ვაქცინის და ზოგადად, ვაქცინაციის სიკეთის მიმართ.

პარალელურად რუსეთი ვაქცინაციის საწინააღმდეგო შეთქმულების თეორიებს ავრცელებს, რომელთა სამიზნეც მილიარდერი ფილანტროპი ბილ გეიტსია. ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი აპირებს, ააშენოს ქარხნები, რომ მას შემდეგ, რაც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიქმნება, მისი მასობრივი წარმოება მოხდეს.

გეიტსის შესახებ მრავალფეროვან შეთქმულების თეორიებს შორის ერთ-ერთის მიხედვით გეიტსს სურს მიკროჩიპების იმპლანტირება ადამიანებში, რომ ისინი გააკონტროლოს; მეორე თეორიის თანახმად, გეიტსმა წინასწარ იცოდა კორონავირუსის პანდემიის შესახებ.

რეალურად, გეიტსი წლებია პანდემიისთვის მზადების აუცილებლობაზე საუბრობს. მისმა ფონდმა მილიონობით დოლარი დახარჯა გადამდები დაავადებების პრევენციასა და მკურნალობაზე და განვითარებად ქვეყნებს ვაქცინები მიაწოდა.

2015 წელს TED-ზე სიტყვით გამოსვლისას, რომელიც დასავლეთ აფრიკაში ებოლას ვირუსის გავრცელების დროს ჰქონდა, გეიტსმა გააფრთხილა მსოფლიო, რომ ყველაზე დიდი გლობალური კატასტროფა, რომელიც მილიონობით სიცოცხლეს შეიწირავდა, ადვილად გადამდები ვირუსი უფრო იქნებოდა, ვიდრე ბირთვული ომი.

COVID-19-ის დაწყების შემდეგ, გეიტსმა 250 მილიონი დოლარი შესწირა ვაქცინის შემუშავების რამდენიმე პროექტს.

აპრილში, რუსეთისადმი სიმპათიით განწყობილმა ქართულმა მედიამ კონსპირაციულად მიუთითა “მოვლენა 201” სწავლებასა და „განახლება ნულისკენ“ ინიციატივაზე, როგორც მტკიცებულებებზე, რომლებითაც თითქოს დასტურდებოდა, რომ ბილ გეიტსმა წინასწარ იცოდა კორონავირუსის პანდემიის შესახებ. “მოვლენა 201” თეორიული სწავლება იყო, რომლის ერთ-ერთი მასპინძელი ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი იყო. სწავლება 2019 წლის ოქტომბერში ჩატარდა და მიზნად ისახავდა, ეჩვენებინა პანდემიისთვის მზადყოფნის საჭიროება. არაფერი ადასტურებს ამ სწავლების რაიმე კავშირს ახლანდელ COVID-19-ის პანდემიასთან.

“ღვინო, რომელიც გარდაიქმნება სისხლად ბარძიმში არის ანტისეპტიკი. თითონ ღვინოში რო ჩააწო, როგორც სპირტში რომ ჩააწო.”
ახალქალაქის და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი


საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები შეცდომაში შემყვან სხვა განცხადებებსაც აკეთებენ. მაგალითად, 3 მაისს ითქვა, რომ თუ COVID-19 გახდება „მაპროვოცირებელი ჩვენი გარდაცვალებისა, ეს არ იძლევა იმის თქმის საშულებას, რომ ვირუსმა მოკლა ადამიანი, უბრალოდ მოვიდა გარდაცვალების დრო.“
6 მაისს, კიდევ ერთმა სასულიერო პირმა თქვა, რომ უშუალოდ COVID-19 არ კლავს ადამიანს, არამედ ამწვავებს ქრონიკულ დაავადებას, რაც ადამიანის გარდაცვალებას იწვევს. ეს შეცდომაში შემყვანი განცხადებებია: COVID-19-ით გარდაცვლილებს შორის ბევრი იყო ისეთი, ვისაც არ ჰქონდა ქრონიკული დაავადება.

ქართველი სასულიერო პირების ნაწილი პანდემიის დაწყებისთანავე გამოხატავდა ურჩობას. საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ არ გაითვალისწინა ზიარების დროს საერთო კოვზის ნაცვლად ერთჯერადი კოვზის გამოყენების რეკომენდაცია. “ღვინო, რომელიც გარდაიქმნება სისხლად ბარძიმში არის ანტისეპტიკი. თითონ ღვინოში რო ჩააწო, როგორც სპირტში რომ ჩააწო”, თქვა ახალქალაქის და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა 1 მარტს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, ხელის მხოლოდ ის სადეზინფექციო ხსნარებია ეფექტიანი კორონავირუსთან ბრძოლაში, რომლებშიც სპირტის 60%-იანი შემცველობაა. ღვინოში სპირტის შემცველობა 20%-ს არ აღემატება.

მართალია, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია რიგ მოთხოვნებს იცავს, მაგალითად, სააღდგომო დღესასწაულების დროს დაცული იყო სოციალური დისტანცირების მოთხოვნა, მაგრამ ზიარებას კვლავ საერთო კოვზით განაგრძობს.

შევისწავლით, შედგება კომისია, რომელიც ამ თემებს აუცილებლად განიხილავს: დადებითია, უარყოფითია, მისაღებია, არ არის მისაღები და შემდგომში უკვე მივიღებთ გადაწყვეტილებას.
ზუგდიდის და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტი გერასიმე შარაშენიძე


ზუგდიდის და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტმა გერასიმე შარაშენიძემ თქვა, რომ ვაქცინას ხელაღებით ვერ მიიღებენ და ეს საკითხი შესასწავლი იქნება. „შევისწავლით, შედგება კომისია, რომელიც ამ თემებს აუცილებლად განიხილავს: დადებითია, უარყოფითია, მისაღებია, არ არის მისაღები და შემდგომში უკვე მივიღებთ გადაწყვეტილებას“, თქვა მან 10 მაისს.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, 2010-2015 წლებში ვაქცინაციამ, სულ ცოტა, 10 მილიონი ადამიანი სიკვდილისგან იხსნა, ბევრად მეტი კი დაავადებებისგან დაიცვა.

მასალა თავდაპირველად გამოქვეყნდა "ამერიკის ხმის" პროექტ "პლიგრაფის" მიერ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG