ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართველი პაციენტის და ამერიკელი დონორის ოპერაციები ჩაიშალა


ნინო სარია და გლენ კალდერბენკი

ამერიკული მედიის ყურადღება ბოლო ორი კვირა მიპყრობილია პენსილვანიის უნივერსიტეტის საავადმყოფოს ქართველი პაციენტის ნინო სარიას და მისი დონორის, ამერიკელი გლენ კალდერბენკის მიმართ, რომელმაც ნებაყოფლობით, სრულიად უსასყიდლოდ გადაწყვიტა გადაერჩინა ნინოს სიცოცხლე და თირკმლის დონორი გამხდარიყო. აუტოიმუნური ბუნების სისტემური დაავადების დიაგნოზი 32 წლის ქართველ იმიგრანტს ექიმებმა გასულ წელს დაუსვეს. სამწუხაროდ, 1 დეკემბერს დანიშნული ოპერაცია კლინიკაში ჩაიშალა.

გლენ კალდერბენკი: კარგად ვარ, ცოტათი აღელვებული, ნერვიული, ბედნიერიც, შეშინებულიც ვარ .

ბედნიერი და ცოტა აღელვებული ვარ, ყველა განცდა ერთად მაქვს. პატარა ბავშვივით ვარ შობა ღამეს.
გლენ კალდერბენკი

ამერიკის ხმა: ოდნავ მაინც ხომ არ ნანობთ, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღეთ?

გლენ კალდერბენკი: არა. რას ამბობთ! არანაირად არ ვნანობ. პირველად როდესაც შევხვდი ნინას, შევპირდი, რომ მე მას ჩემს თირკმელს მივცემდი, ამ პირობას შევასრულებ.

პენსილვანიის უნივერსიტეტის საავადმყოფოში გლენ კალდერბენკი 1 დეკემბერს დილის ექვსი საათისთვის ტელეკომპანია "სი-ბი-ესმა" მიაცილა. მისი სახელი ბოლო ორი კვირის განმავლობაში ამერიკულ მედიაში გმირის სინონიმად იქცა. მასზე თითქმის ყველა ადგილობრივმა და ეროვნულმა, ასევე უცხოურმა ტელე-არხმა მოამზადა რეპორტაჟი. ეს არის ისტორია ერთმანეთისთვის უცნობ ორ ადამიანზე, რომელიც ამერიკულმა ვებ-საიტმა "კრეგსლისტმა" სიცოცხლის გადარჩენისთვის დააკავშირა.

თირკმლის გადანერგვის ოპერაცია, რომელიც ერთი თვის წინ დაინიშნა, პენსილვანიის უნივერსიტეტის საავადმყოფოში 1 დეკემბერს აღარ ჩატარდა. ქირურგებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა ის მდგომარეობა, რაც დონორის ორგანიზმზე სკალპელის დასმის შემდეგ ნახეს. სამი თვის განმავლობაში ჩატარებული არაერთი ანალიზის და ტესტის მიუხედავად, სიტუაციის ასეთ შემობრუნებას არავინ ელოდა. ნარკოზიდან გამოსული გლენი, თავის მეუღლესთან სიუსთან ერთად, ექიმებს საყვედურობდა, რომ აღმოჩენილი პრობლემის მიუხედავად ნინოსთვის გლენის თირკმელი მაინც უნდა გადაენერგათ. თუმცა არსებული კანონმდებლობის თანახმად, ცოცხალ დონორს ორგანოს გადანერგვის დროს აბსოლიტურად ყველა ორგანო უნდა ჰქონდეს ჯანმრთელი.

ამერიკის ეროვნული თირკმლის ფონდის ინფორმაციით, ადამიანები ჯანმრთელი თირკმელის პირობებში, ერთი თირკმლითაც ცოცხლობენ. არის შემთხვევები, როდესაც ასე იბადებიან და მას თირკმლის აგენეზია ეწოდება. ეს ფატალურ გართულებებს არ იწვევს. ამდენად თუ ჯანმრთელი ადამიანი თირკმლის გადანერგვას და სხვა ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას გადაწყვიტავს, აქ რისკები თითქმის არ არსებობს.

32 წლის ნინო სარიას, იმიგრანტს საქართველოდან, ერთი წლის წინ კონექტიკუტში სამსახურში ყოფნის დროს 911 აკრეფვა არა პაციენტის, არამედ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოუხდა. ყველაფერი მუხლის ტკივილით დაიწყო, შემდეგ თირკმლის გათიშვით და სიცოცხლისთვის საშიში დიაგნოზით დასრულდა - შემაერთებელი ქსოვილის აუტოიმუნური ბუნების სისტემური დაავადება და მთელი ცხოვრება დიალიზით მკურნალობა. ნინო შრომის უუნარო გახდა. მისი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა. ნიუ -ჯერსის შტატის ქალაქ ეგ ჰარბორში, სადაც მეუღლესთან და 6 წლის შვილთან ერთად ცხოვრობს, ადგილობრივ საავადმყოფოში რუტინულად კვირაში სამჯერ ოთხ-ოთხი საათი დიალიზის გადასასხმელად დაიწყო სიარული. პარალელურად, ჩადგა თირკმლის დონორთა მრავალრიცხოვან რიგში, სადაც ორგანოს გადანერგვას ზოგჯერ 5 წელიც ელოდებიან. დონორის მოძებნის მიზნით ნინოს მეუღლემ წარმოშობით უკრაინელმა კეიმ, სამი თვის წინ პოპულარულ ამერიკულ ვებ-საიტზე "კრეგსლისტში" განცხადება გააკეთა, რომელიც ასე იწყებოდა: "ვეძებთ მამაც ადამიანს."

გამთენიისას მარმარილოს მასალის მოსაძებნად ვებ-საიტზე ნიუ -ჯერსის ქალაქ ბერლინის მცხოვრები, 50 წლის გლენ კალდერბენკი შევიდა და საშენი მასალების კლასიფიკაციაში შეცდომით დარეგისტირებული სამედიცინო შინაარსის განცხადება აღმოაჩინა. თავად გლენი, მისი მეუღლისთვის ჯესიკასთვის 10 წლის განმავლობაში ეძებდა დონორს, აქვეყნებდა განცხადებებს გაზეთებში, რათა მისი სიცოცხლე გადაერჩინა. სამწუხაროდ ამ ხანგრძლივი ლოდინის მიუხედავად დონორის თირკმელი ჯესიკას ორგანიზმმა ვერ მიიღო და ის საოპერაციო მაგიდაზე, 2011 წელს გარდაიცვალა. გლენმა, კეის განცხადების წაკითხვის შემდეგ უცნობი ნინოს დახმარება გადაწყვიტა. "მე მამაცი ვარ და თან ვიცი, რომ ჩემი თირკმელი ნინოს ორგანიზმთან შესაბამისი იქნება", თქვა გლენმა და ნინოს დაუკავშირდა.

ნინო სარია: გვირეკავდა სამი თვის განმავლობაში, იარა პენსილვანიაში, საავადმყოფოში, მისი სახლიდან ორმოცი წუთის სავალია, თან სამსახურიდან უნდა გათავისუფლებულიყო, თან ბენზინის ხარჯი, მაგრამ არასდროს არაფერს არ გვთხოვდა და ყოველი შემოწმების შემდეგ გვირეკავდა და გვიყვებოდა შედეგების შესახებ. ჩემს ქმარს ვეუბნებოდი, რომ ასე მგონია დაიღლება და იტყვის ბოლოს, რომ "არა ამას მე არ გავაკეთებ უცნობი ადამიანისთვის", რაღაც პერიოდში დაიღლება და გაქრება-თქო. მაგრამ პირიქით. ექიმებს ეუბნებოდა ორი კვირა კი არა ახლავე წაიღეთ ეს თირკმელი, რომ გადავარჩინოთ ნინო. რა ვიცი...

გლენი იბრძოდა როგორც დედა, მამა, ყველაზე ახლობელი ადამიანი.
ნინო სარია

გლენი: ჩვენ იტალიელები ვართ, კათოლიკები. ღმერთის მჯერა. ვიცი, რომ ეს ჯესიკას სურვილით ხდება, რომ დღეს მე ნინას ჩემი თირკმელი უნდა მივცე. დედაჩემი ორ კვირაში 84 წლის ხდება, ძალიან ჯანმრთელია და ძალიან ამაყია იმით, რომ ამას ვაკეთებ. ჩემი ძმა 5 წლით პატარაა და თავიდან ვერ გაიგო რატომ ვაკეთებდი ამას. მერე ვისაუბრეთ და ეს პრობლემაც მოიხსნა. ჩემი დაც ძალიან ბედნიერი და ამაყია იმით, რაც გადავიწყვიტე, მეგობრებთან თავს იწონებს რომ მისი ძმა ამას აკეთებს. მე დურგალი ვარ და ძალიან მიყვარს ჩემი საქმე. ერთადერთი იმას განვიცდი, რომ ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციას ორი თვე დასჭირდება და ვერ ვიმუშავებ.

ამერიკის თირკმლის ეროვნული ფონდის მონაცემებით, ყოველდღიურად შეერთებულ შტატებში თირკმლის გადანერგვის რიგში მყოფთაგან 12 ადამიანი კვდება. ყოველ 14 წუთში ერთი ადამიანი ემატება იმ სიას, რომელსაც თირკმლის უკმარისობის პრობლემა აქვს და ასევე ტრანსპლანტაციას საჭიროებს. 2014 წლის მონაცემებით, 4 270 ადამიანი გარდაიცვალა, რადგან ვერ მიიღო დონორის თირკმელი, ხოლო 3 617 ადამიანის ჯანმრთელობა სარისკოდ ჩაითვალა იმისთვის, რომ თირკმლის გადანერგვის ოპერაცია ჩატარებოდა.

ორგანოს დონორი შეიძლება გახდეს გარდაცვლილი ადამიანიც. შეერთებულ შტატებში გადაწყვეტილებას გარდაცვალების შემდეგ გამოიყენონ ადამიანის ჯანმრთელი ორგანო- 18 წლის პიროვნება დამოუკიდებლად ღებულობს და ეს მის პირადობის ან მანქანის მართვის მოწმობაზე გულის სიმბოლოთია აღნიშნული.

გლენის და ნინოს ისტორიაზე დღეს ამერიკაში ბევრი საუბრობს. ამ ამბავმა ახალი სიმღერის დაწერა შთააგონა ტეხასში მცხოვრებ მუსიკოსს მაიკლ ვოლშს, რომელმაც ოპერაციის დღისთვის მუსიკა შექმნა და გლენს და ნინოს აჩუქა.

ნინო სარია: დღეს საავადმყოფოში ისევ დიალიზის პროცედურაზე მიდის. ის ისევ ეძებს დონორს და მასთან ერთად უკვე ამერიკული ტელეარხი "სი-ბი-ესიც", რომელიც ამ მიზნით დღეიდან სპეციალურ გვერდს შექმნის.

ნინო სარია: ეს დაავადება რომ დამიდგინეს, მაშინ დავიწყე ღმერთთან ლაპარაკი. ვთხოვდი რომ ენახებინა გზა, რაიმე ნიშანი მოეცა. და გამოჩნდა გლენი, რომელიც ნამდვილად არის ნიშანი ღმერთისგან რომ რაღაცა ჩვენზე უფრო ძლიერი ძალა არსებობს.

კომენტარების ნახვა (3)

XS
SM
MD
LG