ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა პროფესიის ადამიანები ვერ პოულობენ საქართველოში სამსახურს?


დასაქმების პრობლემის მოგვარების მიზნით, 3 ათასი სოციალური აგენტის მეშვეობით, საქართველოს მთავრობა იწყებს უმუშევართა აღწერას

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

მთავრობის სხდომაზე 10 ივლისს ახალმა სახელმწიფო მინისტრმა დასაქმების საკითხებში პაატა ტრაპაიძემ უმუშევრობის მოგვარების 6-პუნქტიანი გეგმა წარადგინა.

გეგმის ეტაპები ითვალისწინებს დასაქმების მაძიებელთა სრულყოფილი ბაზის შექმნას; მიღებული მონაცემების ანალიზს გეოგრაფიის, ასაკის, პროფესიის მიხედვით; უმუშევრის სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრას; ტესტირებას; ტრენინგებს; რის შემდეგ მინისტრის თქმით ”ადამიანი აუცილებლად დასაქმდება”.

გეგმის პირველ ეტაპს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო შეასრულებს, რაც გულისხმობს უმუშევართა აღწერას სპეციალური კითხვარების შევსების გზით. აღწერას საგანგებოდ მომზადებული 3 ათასი აგენტი მომდევნო 3 თვის განმავლობაში 25 ქალაქში განახორციელებს.
ახალი პრემიერის ვანო მერაბიშვილის თქმით მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში ბევრი გაკეთდა ,ბევრ ოჯახს ამ განვითარებისგან კონკრეტული სიკეთე ჯერჯერობით ვერ უგრძვნია. ჩვენი მთავრობის მთავარი გამოწვევა უმუშევრობის წინააღმდეგ ბრძოლა იქნება - აცხადებს პრემიერი :

“ პირადად მე ვაპირებ შევებრძოლო საქართველოში უმუშევრობას ისევე, როგორც ვებრძოდი წლების განმავლობაში კრიმინალს და კორუფციას. მინდა საქართველოში მნიშვნელოვნად შევცვალოთ სიტუაცია ამ მიმართულებით. სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს სრული ინფორმაცია საქართველოში უმუშევრობის შესახებ, თუ რა პროფესიის ადამიანები ვერ პოულობენ საქართველოში სამსახურს. ჩვენ ზუსტად არ ვიცით, რა პროფესიებზეა მოთხოვნა საქართველოში. გასაკეთებელი არის ძალიან ბევრი, საქართველოში ყველაზე დიდი გამოწვევა - უმუშევრობაა, ამ სენს ჩვენ უნდა შევებრძოლოთ და დავამარცხოთ. მთელი მთავრობის,პირადად ჩემი მთავარი საზრუნავი იქნება სამუშაო ადგილების შექმნა, ამ სამინისტრომ უნდა მოამზადოს ყველა საფუძველი იმისათვის, რომ ის რესურსები, ის თანხები, ის ინიციატივები, რომელიც ექნება ჩვენს მთავრობას, მოარგოს დასაქმებას.”

ექსპერტები ეკონომიკის საკითხებში თვლიან, რომ უმუშევრობის დასაძლევად არა ახალი სამინისტროს შექმნა, არამედ თავისუფალი ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესებაა აუცილებელი, ექსპერტის ეკონომიკის საკითხებში ნოდარ ხადურის შეფასებით, დასაქმების სამინისტრო ქვეყანაში დასაქმების პრობლემას ვერ მოაგვარებს. ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია დასაქმების სამინისტროს შექმნას მთავრობის პიარ ნაბიჯად მიიჩნევს:

” მიხეილ სააკაშვილი საკმაოდ კარგი ყნოსვით გამოირჩევა პიართან დაკავშირებით , გარდა ამისა ხელისუფლებას აქვს უამრავი ფინანსური შესაძლებლობა კარგად ჩაატაროს კვლევები და ნახოს, რა არის ამ ქვეყანაში უმთავრესი პრობლემა.”

ინტერნეტ გამოცემის ”ბანკები და ფინანსები”-ს ინფორმაციით, საქართველოში უმუშევრობის რეალური მაჩვენებელი აღწევს 65%-ს. იგივე გამოცემაში ვკითხულობთ :

რატომ ცდილობს გაიქცეს ხალხი #1 რეფორმატორი ქვეყნიდან? უამრავი ადამიანი გარბის საქართველოდან, მათ შორის დასაქმებულებიც. სამსახურის დეფიციტი და დაბალი ანაზღაურება - მთავარი პრობლემებია, რის გამოც ახალგაზრდები საქართველოდან გარბიან. გამოკითხულთა უმეტესობა თვლის, რომ უცხოეთში წასვლას ადამიანებს სამსახურის არარსებობა აიძულებს.”

ადამიანის უფლებების დამცველი ნოდარ ეფრემიძე ამბობს:

ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან დიდი ბლეფი, ტყუილი იმისათვის, რომ წინასაარჩევნოდ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში. ეს სამინისტროც ერთ-ერთი ინსტრუმენტია საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად. 3 ათასი კოორდინატორი, რომელიც ივლის კარ-კარ და დაიწყებს უმუშევართა გამოვლენას, ვფიქრობ, რომ ეს ადამიანები გარკვეული ფუნქციით იქნებიან დაკავებულები, თავის მოკვლევებსაც ჩაატარებენ.. იქნება წინასაარჩევნო პაკეტი, დაპირებები, რომ ეს ადამიანები დასაქმდებიან. ისევ და ისევ ეს იქნება წინასაარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი ნაწილი. ვფიქრობ, რომ მცდელობაა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის, თითქოს შექმნიან სამუშაო ადგილებს. როგორც ახალმა პრემიერმა განაცხადა, იგი 4 წლის განმავლობაში მოიზიდავს 40 მილიარდ ლარს. ეს წმინდა წყლის წინასაარჩევნო პიარ-კომპანიის ელემენტებია, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების, უამრავი უმუშევარი ადამიანის შეცდომაში შეყვანას. მე ზუსტი ციფრის დასახელება გამიჭირდება, თუ რამდენი ადამიანია საქართველოში უმუშევარი, ვფიქრობ, რომ ეს საკმაოდ სოლიდური ციფრი იქნება. ალბათ, ნორმალურ, გამართულ სახელმწიფოში უნდა არსებობდეს უწყება, რომელიც უნდა ზრუნავდეს, ოღონდ ხაზგასმით ვამბობ - უნდა ზრუნავდეს ადამიანების დასაქმებაზე, შემუშავებული უნდა იყოს გარკვეული პროგრამები, რომელთა მიზანი იქნება უმუშევარ ადამიანთა დასაქმება. მე თავიდანვე ეჭვის თვალით ვუყურებ ამ სამინისტროს შექმნას, იმიტომ რომ ეს ყველაფერი არის, ასე ვთქვათ, წინასაარჩევნო კომპანიის ერთ-ერთი ელემენტი, როგორც წინ აღვნიშნე.”

კომენტარების ნახვა (1)

XS
SM
MD
LG