ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამნისტია ნარკომომხმარებლებს გაათავისუფლებს


საქართველოს პარლამენტში ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე მუშაობა ჯერ არ დასრულებულა

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული
ამნისტიის შესახებ კანონპროექტის ის ვარიანტი თუ დაამტკიცა პარლამენტმა, რომელიც პირველი მოსმენით უკვე გავიდა, ციხეებსა და საპატიმრო დაწესებულებებს, დაახლოებით, 3 ათასი პატიმარი დატოვებს.
საქართველოს პარლამენტში ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე მუშაობა ჯერ არ დასრულებულა, თუმცა პროექტის მეორე ვარიანტი პირველი მოსმენით უკვე მიღებულია. განხილვას ხმაური, დავა და კამათი არ დაკლებია. პირველი მოსმენით მიღებული, რედაქტირებული კანონპროექტი, როგორც იურისტები ამბობენ, რადიკალურად შეცვლილია იმასთან შედარებით, რაც თავდაპირველად პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა წარმოადგინა.
ბესელიას უწყებამ კანონპროექტში ამნისტიის შესახებ გათავისუფლება და სასჯელის შემსუბუქება გაითვალისწინა ისეთ დანაშაულებებში ბრალდებული ადამიანებისთვის, როგორიცაა, მაგალითად, ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება, გასაღება ან გამოყენება (210 მუხლი);ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდის დამზადება ან გასაღება (212 მუხლი); უკანონო ფორმირების შექმნა ან ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა, ანდა მისი დაფინანსება (223 მუხლი); ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა ან მასში მანაწილეობა (225მუხლი); ბირთვული მასალისადმი ან მოწყობილობისადმი, რადიოაქტიური ნარჩენისადმი, რადიოაქტიური ნივთიერებისადმი უკანონო მოპყრობა (230 მუხლი); ბირთვული მასალის, რადიოაქტიური ნივთიერების ან მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროს ხელში ჩადგება (231მუხლი); ბირთვული იარაღის ან სხვა ბირთვული ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადება (232მუხლი); სიცოცხლის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემქმნელი გარემოებების შესახებ ინფორმაციის დამალვა ან გაყალბება(247 მუხლი) და სხვა.
კანონპროექტის შეცვლილი ვარიანტი გათავისუფლებას ან სასჯელის შემსუბუქებას ზემოთჩამოთვლილი და სხვა, ასევე მძიმე დანაშაულებებში ბრალდებული ადამიანებისთვის აღარ ითვალისწინებს. კანონპროექტის შეცვლაზე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების აქტივობამ დიდი გავლენა მოახდინა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საპარლამენტო მდივანი ლინა ღვინიანიძე ჩვენთან საუბრისას ამბობს:

„3 000– 3500 ადამიანზე იყო საუბარი, რომელიც უშუალოდ ამნისტიის ამოქმედების შემდეგ დატოვებს საპატიმრო დაწესებულებებს. ჩვენი ერთ–ერთი მთავარი მოსაზრება, რომელიც წარვუდგინეთ პარლამენტს, ეხებოდა ძალადობრივ დანაშაულებს, ანუ ამნისტიის შესახებ კანონპროექტში გვხვდებოდა მუხლები, რომელთა შემადგენლობა გულისმხობდა მძიმე დანაშაულებს: სიცოცხლის მოსპობას, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, ყაჩაღობას და სხვა, რომლის შემადგენლობა, თავისთავად, ძალობრივ ხასიათს ატარებს, ესაა სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნა. ჩვენი აზრით, ასეთი მუხლები კანონპროექტში არ უნდა ყოფილიყო და თუ იქნებოდა, კანონპროექტის ინიციატორს უნდა დაესაბუთებინა მათი არსებობის აუცლებლობა მტკიცებულების ძალიან მაღალი სტანდარტით. ვინაიდან, როგორც მოგეხსენებათ, თავად ამნისტიის ბუნება არ ითვალისწინებს ინდივიდუალურ მიდგომებს, ინდივიდუალურ საქმის განხილვებს. უბრალოდ მიეთითება მუხლი და ამ მუხლის მიღმა მდგომი ყველა პირი ან თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან, ან გარკვეულ შეღავათს იღებს ამნისტიის კანონის შესაბამისად. რაც შეეხება საიას შენიშვნას, შეიძლება ითქვას, რომ ეს იქნა გაზიარებული პარლამენტის მხრიდან. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ამგვარ ხარვეზებზე პარლამენტს უთითებდა მთავრობაც. ეს იყო როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი კომუნიკაცია“.

არსებული პროექტის თანახმად, სასჯელის მოხდის ვადა ¼–ით შემცირდება ყველა პატიმრისთვის, მათ გარდა, ვინც სიცოცხლის განზრახ მოსპობისთვის, ან მისი მცდელობისთვის იხდის სასჯელს. როგორც საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს საპარლამენტო მდივანმა კახა ურიადმყოფელმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, მსგავსი დათქმა გაკეთდა იმის გათვალისწინებით, რომ საპატიმროებში ზოგადად ვითარება მძიმე იყო და ადგილი ჰქონდა ღირსების შემლახველი და დამამცირებელი მოპყრობის შემთხვევებს.

„260 მუხლით გასამართლებულ პირებს, რომელბიც ნარკოტიკების მოხმარების ბრალდებით იხდიან სასჯელს, დაწესებული აქვთ ასევე მთელი რიგი აკრძალვები „ნარკოტიკულ დანაშაულთან ბრძოლის წინააღმდეგ“ კანონის შესაბამისად. მაგალითად მათ არ აქვთ ავტომობილის მართვის მოწმობის აღების უფლება და სხვა. თუ, ამნისტიის შედეგად განთავისუფლებულ ადამიანს და ამ მუხლზე ამნისტია ვრცელდება არსებული რედაქციის შესაბამისად, ტაქსისტად მუშაობის შესაძლებლობასაც არ მისცემ, შესაძლოა ამან უფრო ცუდი შედეგი გამოიღოს. კანონპრიექტი ითვალისიწინებს ამ უფლების აღდგენასაც. ნარკოტიკებთან დაკავშირებულ მუხლზე უნდა ითქვას, რომ კანონპროექტი არ გულისხმობს შეღავათებს მათთვის, ვინც ვინც ახორციელებდა გასაღებას. თავისუფლდებიან მხოლოდ ისინი, ვისაც არ უდასტურდება გასაღება და რეალიზაცია. დანარჩენი: დამზადება, მოხმარება, შენახვა, გადაზიდვა, გადატანა, ესენი ყველანი თავისუფლდებიან. კანონპროექტის პირველი ვარიანტი ეხებოდა აბსოლუტურად ყველა პატიმარს, მაგრამ მეორე ვარიანტში, რაც პირველი მოსმენით უკვე მიიღო პარლამენტმა, არის ზოგიერთი მუხლები, რომლებსაც ამნისტია საერთოდ არ ეხება, არც, მათ შორის სასჯელის ¼ –ით შემცირება. ესაა სსკ 108, 109 მუხლები, რაც ითვალისწინებს განზრახ მკვლელობას და სხვა განზრახ დანაშაულებებს, რასაც სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა,“– ამბობს კახა ურიადმყოფელი.

კანონი ამნისტიის შესახებ პარლამენტმა მესამე მოსმენით მომავალ კვირას უკვე უნდა მიიღოს.
XS
SM
MD
LG