ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო დამოუკიდებლობის 95-ე წლისთავს აღნიშნავს


"კრიტიკულად უნდა მივუდგეთ როგორც ფსევდოტრადიციულობაში ჩაკეტილ, ქსენოფობიურ და ჰომოფობიურ მსოფლმხედველობას, ისე ყოველივე უცხოურის, ყოველივე ახლის დაუფიქრებელ, გაუაზრებელ მიმბაძველობას" - ბიძინა ივანიშვილი

საქართველო დღეს დამოუკიდებლობის 95-ე წლისთავს აღნიშნავს. პირველად ქვეყნის ისტორიაში საზეიმო ღონისძიებები საქართველოს 20-ზე მეტ ქალაქში მიმდინარეობს.

პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეებს უმთავრესი ეროვნული დღესასწაული მიულოცა. მან დამოუკიდებლობის იდეას ქვეყნის სახელმწიფოებრიობის ქვაკუთხედი უწოდა და კიდევ ერთხელ ჩამოთვალა ის ძირეული დემოკრატიული ღირებულებები, რომლებიც დამოუკიდებლობის იდეის განუყოფელი ნაწილს შეადგენს, თუმცა ამავე დროს ქვეყნის მთავარ გამოწვევებადაც რჩება.
ჩვენ უნდა გავხდეთ სტაბილური და ეკონომიკურად მიმზიდველი ქვეყანა.
ბიძინა ივანიშვილი
კერძოდ: ადამიანის უფლებები, ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანება, მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობების მოწესრიგება, დეოკუპაცია, კანონის უზენაესობა, თავისუფალი სასამართლო და თავისუფალი მედია.

პრემიერი საზეიმო მიმართვაში აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის თემებსაც შეეხო.

ჩვენ უნდა გავხდეთ სტაბილური და ეკონომიკურად მიმზიდველი ქვეყანა. ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ ჩვენსკენ მოვატრიალოთ ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები და ერთად უნდა ავაშენოთ საერთო სახელმწიფო, რომელიც სამშობლო იქნება ყველასათვის.

პრემიერმა ივანიშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს მოქალაქეების თანასწორობის აუცილებლობას კანონის წინაშე, მათი ეთნიკური, ან რელიგიური კუთვნილების, თუ სექსუალური ორიენტაციის მუხედავად.

პირობას გაძლევთ, განსხვავებულობის გამო, თავისუფალი აზრისთვის, თავისუფალი სიტყვისთვის არავინ დაისჯება... ჩვენ ღირსეული უნდა ვიყოთ არა მარტო ჩვენი ტრადიციების ერთგულებაში, არამედ სხვათა წესჩვეულებებისა და ტრადიციების პატივისცემაში. ჩვენ ყოველთვის კრიტიკულად უნდა მივუდგეთ როგორც ფსევდოტრადიციულობაში ჩაკეტილ, ქსენოფობიურ და ჰომოფობიურ მსოფლმხედველობას, ისე ყოველივე უცხოურის, ყოველივე ახლის დაუფიქრებელ, გაუაზრებელ მიმბაძველობას." - განაცხადა პრემიერმა.

ივანიშვილმა დამოუკიდებლობის დღე განსაკუთრებით მიულოცა საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში მონაწილე ქართველ ჯარისკაცებს, რომლებიც ავღანეთში მსახურებენ.

ავღანეთში, ქართველ მეომრებთან აღნიშნა დამოუკიდებლობის დღე საქართველოს პრეზიდენტმა, რომელიც იქ უფროს შვილთან ერთად ჩავიდა. ჰელმანდის პროვინციაში მდებარე ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე გამართულ საზეიმო ცერემონიალზე საქართველოს უმაღლესმა მთავარსარდალმა დამოუკიდებლობის დღის მისალოცი სიტყვა წარმოსთქვა. შემდეგ კი საქართველოს თავდაცვის საქმეში შეტანილი წვლილისთვის და განსაკუთრებული დამსახურებებისთვის ქართული ქვედანაყოფების 28 სამხედრო მოსამსახურე დააჯილდოვა. ცერემონიალს შეერთებული შტატების და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

Syria.
XS
SM
MD
LG