ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალგაზრდული ბანაკი კონფლიქტის ზონაში


ახალგაზრდული ბანაკი ერგნეთში წელს მეოთხედ შეიკრიბა

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:54 0:00
ბმული

ახალგაზრდული ბანაკი ერგნეთში წელს მეოთხედ შეიკრიბა.

„ერგნეთში ჩვენ საინტეგრაციო ცენტრიც გვაქვს გახსნილი. ძალიან გვეხმარება გერმანული ორგანიზაცია „ევანგელისტური ეკლესია“. საზაფხულო ბანაკი ფუნქციონირებს პროექტის ფარგლებში, რომლის სახელია „კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების გაზრდა“. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ადამიანური უსარფთხოება, რომელიც ხუთ კომპონენტს მოიცავს, ძალიან დაბალ დონეზეა მოსაზღვრე სოფლებში, ამიტომაც აქტიურად ვმუშაობთ განსაკუთრებით ორ სოფელში, ზემო ნიქოზსა და ერგნეთში, თუმცა სხვა ბევრ სოფელშიც ვატარებთ სხვადასხვა ღონისძიებებს.გვქონდა ასევე სხვა ბანაკიც გორში, ახალგაზრდებისთვის, ვცდილობთ პირველი და მეორე ტალღის დევნილებისა და ომით დაზარალებული ადამიანებისთვის საინტეგრაციო პროექტები განვახორციელოთ. მოხალისეც გვეხმარებოდა საფრანგეთიდან. ამგვარი ფსიქორეაბილიტაციური პროექტები მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს ცხოვრების ხარისხის ამაღლებას ამ სოფლებში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს ქონდეთ მეტ–ნაკლებად მსგავსი შესაძლებლობები განვითარებითვის, რაც ქალაქში მაცხოვრებლებს აქვთ,“– აცხადებს იულია ხარაიშვილი, ასოციაცია თანხმობის ხელმძღვანელი.

ვერა კასრაძე, უშრეტი ენერგიის ქალბატონი საზაფხულო ბანაკის „ერგნეთი 2012“–ის პედაგოგია. მისი ხელმძღვანელობით ერგნეთელმა ახალგაზრდებმა ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრებით გაჯერებული ერთსათიანი ღონისძიება წარმოადგინეს. ვერა კასრაძეც პირველი ტალღის დევნილია ცხინვალიდან და გორში, დევნილების საცხოვრებლად ქცეულ სასტუმრო „ქართლში“ცხოვრობს 1992 წლიდან. იგი ერგნეთის სკოლაში მუშაობს და თვიურად 93 ლარს ლარს იღებს.

„ამ ხალხს ყურადღების მეტი არაფერი უნდა, არადა არავის არ ახსოვს, არავინ კითხულობს, როგორ არიან, როგორ ცხოვრობენ, იგივე ითქმის აქაურ სკოლაზეც. ექსურსიაზეც ვერ მიდიან ბავშვები, ესეც ოფიციალურიად უნდა გაფორმდეს, რაც მეტ თანხებს უკავშირება, აქ კი ყველას ძალიან უჭირს თანხის გადახდა. ახლა ბანაკშვი ათი დღე ვიმუშავეთ ბავშვებთან ერთად, მუხლჩაუხრელად და მგონი კარგი შედეგი ვაჩვენეთ. შემეძლო ჭურჭლის მრეცხავადაც მემუშავა სხვაგან, მაგრამ ამ ადგილს ვერ ველევი, ყოველ დღე გორიდან დავდივარ, დღეში ორი ლარი მჭირდება, მაგრამ აქედან ჩემს ქალაქს შორიდან მაინც ვხედავ, ჩემი 28 წლის ქალიშვილიც ამ სკოლაში მუშაობდა და აქვეა დაკრძალული.“– ამბობს ჩვენთან საუბრისას ვერა კასრაძე.

საზაფხულო ბანაკი ერგნეთში ერთ–ერთი მოსახლის სახლშია განთავსებული, რომელსაც, ისევე როგორც თითქმის ყველა ეზოს ერგნეთში, ომის კვალი კვლავაც ატყვია. მას ლია ჩლაჩიძე, ორგანიზაცია „ერგნეთის“ ხელმძღვანელი კურირებს. ბანაკის ფსიქოლოგი ირინა პეტროვა ამბობს: „ბავშვები წელს გაცილებით გახსნილები და მხიარულები არიან, ვიდრე გასულ წლებში, ნახატებშიც გაჩნდა ნათელი ფერები. მე მათთან მუშაობა სამი წლის წინ დავიწყე. ზოგიერთი მათგანი ისე იყო დათრგუნული, არათუ ჩვენთან, თანატოლებთანაც არ ურთიერთობდა.“
კონფლიქტის ზონაში არსებული ბანაკის დაფინანსებაში, ორგანიზაცია „თანხმობასთან“ და მის უცხოელ დონორებთან ერთად, ადგილობრივი მუნიციპალიტეტიც იღებდა მონაწილეობას.
XS
SM
MD
LG