ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არჩევნებზე „ქართული ოცნება“ ლიდერობს


ცესკოს წინასწარი მონაცემებით, თბილისის მერობის კანდიდატებში პირველ ადგილზე 46.11 პროცენტით დავით ნარმანიაა

წინასწარი შედეგების მიხედვით, საქართველოში კვირას ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებზე 59-ივე საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატები ლიდერობენ. სულ მცირე 13 ოლქში გამგებლის გამოსავლენად შესაძლოა მეორე ტური დაინიშნოს. დღეს გამართულ ბრიფინგზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის უფროსმა -გიგი უგულავამ- განაცხადა, რომ მარნეულში არჩევნების გაყალბება მოხდა. უგულავას თქმით, „ქართული ოცნების“ კანდიდატურა უნდა მოიხსნას, ან ხმების ხელახალი გადათვლა მოხდეს, ან კიდევ მეორე ტური ჩატარდეს.

თბილისის მერობის კანდიდატებს შორის ცესკოს წინასწარი მონაცემებით პირველ ადგილზე 46.11 პროცენტით „ქართული ოცნების“ კანდიდატი დავით ნარმანიაა. მეორე ადგილზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ნიკა მელია გავიდა, რომელმაც ამ დროისთვის ხმების 27.94 პროცენტი დააგროვა. წინასწარი მონაცემებით, თბილისის საკრებულოში 25 მაჟორიტარული მანდატიდან 24-ს „ქართული ოცნების“ კანდიდატები მიიღებენ. ერთადერთი რაიონი, სადაც მაჟორიტარებში დამოუკიდებელმა კანდიდატმა გაიმარჯვა, ეს არის საბურთალო, სადაც მანდატს ჟურნალისტი ალეკო ელისაშვილი დაეუფლება. თბილისის მასშტაბით მეორე ადგილზე თითქმის ყველა ოლქში „ნაციონალური მოძრაობა“ გავიდა. დედაქალაქში ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ჯერჯერობით 729 უბნიდან 713 უბნის მონაცემები დათვალა.

მთლიანად საქართველოს მასშტაბით 3 637 უბნიდან ხმების დათვლა ამ ეტაპზე 3 349 უბანზე დასრულდა. ცესკოს პრესსპიკერის ეკა აზარაშვილის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით პარტიების რეიტინგი პროცენტულად შემდეგნაირად გადანაწილდა:

50.97 – „ქართული ოცნება“
22.22 – „ნაციონალური მოძრაობა“
10.23 – „ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიცია“
2.22 – „არასაპარლამენტო ოპოზიცია“
3.42 – ლეიბორისტული პარტია
4.72 – „პატრიოტთა ალიანსი“
XS
SM
MD
LG