ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თანაბარი პირობები ყველა საარჩევნო სუბიექტს


”ღია დემოკრატიის კომიტეტს” საპარლამენტო არჩევნებზე 20 დამკვირვებელი ეყოლება

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:12 0:00
ბმული

საქართველოში ამომრჩეველთა სიები, ჯარიმები და კანონის უზენაესობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, მნიშვნელოვანი პრობლემაა კანონის შერჩევითი გამოყენების შემთხვევებიც”, -აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია ”ღია დემოკრატიის კომიტეტის” სპეციალური მრჩევლი საარჩევნო საკითხებში ამერიკელი ტერი ბენჰემი. მისივე თქმით, ”საარჩევნო კანონის დარღვევისთვის გადაჭარბებული ჯარიმა პოპულარულ ქართველ ფეხბურთელს 10 მილიონის ოდენობით დაეკისრა. ეს ჯარიმა ერთად აღებულ იმ 3 ჯარიმასაც კი აჭარბებს, რომელიც აშშ-ი ოდესმე დაუწესებიათ”. ტერი ბენჰემის განცხადებით ”საქართველო ნატო-სა და ევროკავშირის წევრობისთვის მიისწრაფვის და არავის ინტერესი არ არის, რომ ამ არჩევნების ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დადგეს. ხოლო თვითონ საქართველოში იმყოფება არა იმისთვის, რომ ოპოზიციის ან ხელისუფლების წარმომადგენლები გააკრიტიკოს, არამედ პოლიტიკურ სუბიექტებს კანონის უზენაესობისადმი დამორჩილება ურჩიოს.
”ღია დემოკრატიის კომიტეტს” საპარლამენტო არჩევნებზე 20 დამკვირვებელი ეყოლება.
ეუთომ 22 აგვისტოს საპარლამენტო არჩევნების სადამკვირებლო მისია ოფიციალურად დაიწყო. მისიის 15 წევრი უკვე თბილისშია, რომელთაც შემდეგი კვირიდან 28-კაციანი გრძელვადიანი დამკვირვებლების ჯგუფი დაემატება და საქართველოს მასშტაბით გადანაწილდება. არჩევნებამდე 3-4 დღით ადრე მისიას 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი შეუერთდება, რომლებიც მისიამ არჩევნების დღისთვის ხმების დათვლის პროცესზე მონიტორინგის განსახორციელებლად გამოითხოვა.
წინასაარჩევნო გარემოს შეფასების მიზნით სამდღიანი ვიზიტით თბილისში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო ოთხი წევრისგან შემდგარი მისია იმყოფებოდა. რომელშიც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მაღალი თანამდებობის პირები შედიოდნენ, მათ შორის ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რიკარდო მილიორი, რომელმაც საქართველოში ლენინიზმის ნიშნები დაინახა, რამაც თბილისში დისკუსიები და დებატები გამოიწვია. რიკარდო მილიორმა კერძოდ თქვა, რომ ”არის ლენინიზმის მცირე ნაწილი ამ საარჩევნო კამპანიაში. ლენინიზმია, როდესაც ხდება არა პროგრამების წარმოდგენა, არამედ მცდელობა გაანადგურო მტრები. ქართულ საზოგადოებაში კი მტრები არ არიან, არიან განსხვავებული პარტიები, რომელთაც აქვთ შესაძლებლობა საკუთარი პროგრამები და შეხედულებები საზოგადოებას წარუდგინონ, რათა ამომრჩეველმა ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს”
პარლამენტის სპიკერმა დავით ბაქრაძემ ეუთოს მისიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ პრობლემატურ საკითხებს მეტი ყურადღება მიექცვა:
”აღნიშნულია ის სფეროებიც, რომელიც შეიძლება იყოს პრობლემატური სადაც შეიძლება მეტი ყურადღება მიექცეს. ამიტომ ამ დოკუმენტს ჩვენ ვიღებთ როგორც სამუშაო დოკუმენტს, როგორც მეგობრულ, კონსტრუქციულს, როგორც წინასწარ რჩევას ამ დელეგაციისგან.“
ნაციონალური მოძრაობის წევრის ჩიორა თაქთაქიშვილის თქმით, ნაციონალურმა მოძრაობამ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში უნდა გაიმარჯვოს:
”ჩვენ გავაკეთეთ კომენტარი იმასთან დაკავშირებით, რომ ერთის მხრივ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” გაითვალისწინებს იმ რეკომენდაციებს, რომელიც ჩვენ პარტიას შეეხება და ეს ძალიან ნორმალურია. ამავე დროს ჩვენ გავამახვილეთ ყურადღება იმაზე, რომ შესაძლოა ექსპერტებს ჰქონდათ არაზუსტი (მე შემიძლია დავადასტურო, რომ ეს ინფორმაცია იყო არაზუსტი), ინფორმაცია მიწოდებული ”ქართული ოცნების” ლობისტებისგან. რას ვგულისხმობ ამაში?! ძალიან ცნობილია ინფორმაცია, რომელსაც ”ქართული ოცნება” ავრცელებს, თითქოს მათ არ აქვთ შესაძლებლობა აწარმოონ წინასაარჩევნო კამპანია იმიტომ, რომ არ აქვთ ფული. ძალიან ნათელია ჩვენთვის, რომ მილიონებია უკვე დახარჯული ”ქართული ოცნების” მიერ წინასაარჩევნო კამპანიაში როგორც ლეგალური, ასევე არალეგალური გზებით და ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს ყველა მოქალაქემ იცოდეს კონკრეტული პარტიის დაფინანსების რეალური პირობები. ძალიან მნიშვნელოვანია თვითეულმა მოქალაქემ არჩევანი გააკეთოს იმის მიხედვით კი არა , თუ რამდენი ფულია დახარჯული ივანიშვილის მიერ, არამედ არჩევანი გააკეთოს და მხარი დაუჭიროს იმ საარჩევნო პროგრამას, რომელიც გადაჭრის პრობლემებს, რომელიც ყველაზე მეტად აწუხებს დღეს ჩვენს თანამოქალაქეებს. ეს არის დასაქმება, ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა, ქართული სოფლის გაძლიერება”.
კოალიცია ”ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ შემდეგი კომენტარი გააკეთა:
”ეუთოს მისიის განცხადება დამყარებულია სწორედ იმ უკანონობაზე და თავაშვებულობაზე, რომელსაც ხელისუფლება ჩადის მთელი ამ ხნის განმავლობაში. ის რომ საარჩევნო კამპანიის დროს ხელისუფლება უკანონოდ იყენებს ადმინისტრაციულ რესურს, ის რომ აუდიტის სამსახური უკანონოდ აჯარიმებს და აყადაღებს ჩვენი კოალიციის შემადგენლობაში შემავალი პარტიების ანგარიშებს, ის რომ უკანონოდ ხდება ადამიანების დაპატიმრება, ის რომ უკანონოდ ხდება ქონებების ჩამორთმევა ჩვენი კოალიციის ანგარიშებზე შემომწირველი პირების. ამ ყველაფერზე ჰქონდა რეაგირება ეუთოს მისიას და ამიტომაც დაინახა ლენინიზმის ნიშნები, ამიტომ იყო დასკვნა ასეთი მკაცრი ხელისუფლების მიმართ და არა იმიტომ, რომ ცალმხრივად არის მიწოდებული ინფორმაციები.”
სამდღიანი ვიზიტის შემაჯამებელ განცხადებაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მისიამ იმედი გამოთქვა, რომ 1 ოქტომბერის საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილ დღეებში საქართველოს ხელისუფლება ”ყველა პარტიისთვის თანაბარ პირობებს შექმნის.”
XS
SM
MD
LG