ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დათვის ხახაში


თუ ადმინისტრაციულ საზღვარზე მავთულხლართების გაბმა გაგრძელდება დიცში, მათ მიღმა ორი ოჯახის მოჰყვება, დვანში კი ასეთი ერთი ოჯახი იქნება

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:06:56 0:00
ბმული

შიდა ქართლში, კონფლიქტის ზონაში ადმინისტრაციული ხაზის სიახლოვეს რა ხდება სინამდვილეში, რაა ტყუილი და რა მართალი, ეს რომ საკუთარი თვალით ეხილათ და შეეფასებინათ, ამისთვის დღეს იქ ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციისგან შექმნილი ჯგუფი ჩავიდა: სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, კონსტიტუციის 42-ე მუხლი და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი.

დაახლოებით, ერთი კვირის წინ, რუსმა მესაზღვრეებმა ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარედ დაიწყეს რკინის ბოძების დამონტაჟება და მავთულხლართების გაბმა. ზოგადად, ეს პროცესი ერთი წლის წინ დაიწყო, თუმცა ამჯერად რუსი მესაზღვრეების ქმედებები გაცილებით ინტენსიურ ხასიათს ატარებდა.

საქართველომ რუსეთს საპროტესტო ნოტაც გაუგზავნა, რომელიც ამ დრომდე უპასუხოდაა დარჩენილი. საქართველოში სოციალურ ქსელებში ცდილობენ იმის გარკვევას, თუ რა სურს რუსეთს, რატომ ამონტაჟებს მავთულხლართებს, ან რომელ რუკას შეიძლება ეყრდნობოდნენ რუსი მესაზღვრეები ამ შემთხვევაში.

არასამთავრობო ორგანიზაციებისგან შემდგარი ჯგუფი ჯერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცში ჩავიდა. როგორც ჩვენთან საუბრისას სამართლიანი არჩევნების დირექტორი, იურისტი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომელიც დიცში იმყოფებოდა, ამჯერად მავთულხლართების გაბმის პროცესი შეჩერებულია, სამუშაოები აღარ მიმდინარეობს. დამონტაჟებულია რკინის ბოძები, მავთუხლართები კი სოფელს საზღვრის მთელს სიგრძეზე ჯერ არ მიჰყვება.

იმ შემთხვევაში, თუ მავთულხლართების გაბმა გაგრძელდება დიცში, მათ მიღმა მოჰყვება დიცის ორი ოჯახის კუთვნილი საცხოვრებელი სახლი, დვანში კი ასეთი ერთი ოჯახი იქნება. „ჩვენ ვნახეთ, რომ რკინის ბოძები იქ ნამდვილადაა. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ ეს იყო რუსეთის მესაზღვრეების მცდელობა საზღვრის გავლების. ჩვენ ამ წუთას იქ ვიყავით და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადგილობრივები გადაადგილდებიან და მიწებსაც ამუშავებენ. აქედან 300-400 მეტრით უკან ვნახეთ, რომ მიმდინარეობს საზღვრის გავლების სამუშაოები, სავარაუდოდ ისევ რუსი მესაზღვრეების მხრიდან. მოსახლეობა ამბობს, რომ საზღვრის დაფიქსირების მცდელობა რეალურად იყო, თუმცა ამ მომენტისთვის სამუშაოები შეჩერდა და ის გადავიდა 300-400 მეტრით უკან. შესაბამისად, რა იქნება მომავალში, ალბათ დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ წარიმართება მოლაპარაკებები და რამდენად გააგრძელებს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი ამ ხაზის გავლებას. რაც შეეხება დვანს, იქაც მსგავსი სიტუაცია გვაქვს. ადგილობრივები ამბობენ, რომ რამდენიმე დღის წინ დასრულდა სოფელში ახალი საოკუპაციო ზღვარის გავლება. რეალურად იქაა მავთულხლართიანი ღობე. სამწუხაროდ, ვნახეთ, რომ ერთ-ერთი მოქალაქის სახლი მოექცა მავთულხლართებს მიღმა. ამასთანავე, იქით მხარეს დარჩა წყლის სათავე ნაგებობა და დვანელები შიშობენ, რომ მათ რამდენიმე დღეში წყლის მიწოდება შეუწყდებათ,“- ამბობს ნინო ლომჯარია.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის დირექტორი გიორგი ნონიაშვილი, რომელიც ასევე იმყოფებოდა დიცსა და დვანში ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ სოციალური ფონი კონფლიქტის ზონის სოფლებში უმძიმესია. ადგილობრივები ყველაზე მეტად იმის თაობაზე წუხან, რომ მავთულხლართების გაბმის შედეგად მათ ხელმისაწვდომობა აღარ აქვთ სასმელ წყალზეც კი, სარწყავ წყალთან ერთად. „ამერიკის ხმა“ კონფლიქტის ზონაში არსებულ ვითარებას პერმანენტულად აშუქებს და ჩვენი მსმენელისთვის ცნობილია, რომ მაგისტრალური სარწყავი არხები ომის შემდგომ ოკუპირებულ მხარესაა მოქცეული.

თუმცა ამჯერად, უკანასაკენლი ერთი კვირის მანძილზე გაყვანილმა მავთულხლართებმა ადგილობრივები წყლის იმ საშუალებებსაც მოწყვიტა, რაც აქამდე ხელმისაწვდომი იყო. საუბარია დიცში მცირე ზომის სარწყავ არხზე, რითაც უკანასკნელ პერიოდში სარგებლობდნენ, დვანში კი სარწყავ არხთან ერთად, სასმელი წყლის სათავე ნაგებობაც მავთულხლართებს მიღმა აღმოჩნდა. „ჯერ-ჯერობით ადგილობრივები მოლოდინის რეჟიმში არიან. არსებობს რამდენიმე მოსაზრება იმის თაობაზე, თუ რატომ დაიწყო ეს პროცესი. ერთი ვარიანტია, რომ რეალურად, პირობითი საზღვარი არ არსებობდა და წლების მანძილზე, განსაკუთრებით, 2008 წლის შემდეგ ოსები აკავებდნენ მოქალაქეებს საზღვრის გადაკვეთის მოტივით. პირობითი საზღვარი რაკი არ არსებობდა, მათ ნებისმიერ ადგილას შეეძლოთ დაკავება, ისევე როგორც ვთქვათ, ჩვენც შეგვეძლო ოსები დაგვეკავებინა, პირობითად ვამბობ, რა თქმა უნდა. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ მავთულხლართების გაბმას, გარკვეულწილად, პლუსიც აქვს, რადგან ჩვენ ახლა გვეცოდინება, სად უნდა გადავიდეთ და სად არა. უცხო პრობლემა არაა, რომ დვანისა და დიცის შემთხვევაშიც, საქონელი გადადიოდა იქით მხარეს, პირობითად, ოსები თვლიდნენ, რომ ეს მათი ტერიტორიაა და როდესაც პატრონი ცდილობდა დაკარგულის მოძებნას, მათ აკავებდნენ და ცხინვალში მიჰყავდათ. ჩვენ ერთი დვანელიც ვნახეთ, რომლის შვილიც ანალოგიური მოტივითაა დაკავებული და კიდევ ერთი წლის განმავლობაში მოუწევს ყოფნა ცხინვალის ციხეში,“- განაცხადა გიორგი ნონიაშვილმა.

ნინო ლომჯარია ჩვენთან საუბრისას ყურადღებას ამახვილებს კონფლიქტის ზონის სოფლებში არსებულ უმძიმეს პირობებზე სოციალური თვალსაზრისით. სასმელი და სარყავი წყლის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა მისი თქმით უკიდურეს გაჭირვებას განიცდის.

მისივე თქმით, საქართველოს ვითარებაზე პოლიტიკური ზემოქმედებისთვის არანაირი ბერკეტი არ გააჩნია გარდა იმისა, რომ საერთაშორისო საზოგადოებას მხარდაჭერის მოპოვების მიზნით მიმართოს. ნინო ლომჯარია: „ვფიქრობთ, რომ სოციალური ფონი ძალიან მძიმეა. არანაირი შემოსავალი, გარდა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის განკუთვნილი შემწეობისა, არ გააჩნიათ და ისიც არაა ყველა ოჯახისთვის. იქნებ ხელისუფლებამ გარკვეული სოციალური დახმარება, შემწეობა ან სხვა ტიპის კომპენსაცია დააწესოს საზღვრის პირას სოფლებში მცხოვრებთათვის, რადგან ეს ადამიანები არიან გმირები მხოლოდ იმიტომ, რომ ამ პირობებს უძლებენ და ზრდიან შვილებს. რომ არ დაიცალოს ეს სოფლები მოქალაქეებისგან და რომ არ გადმოიწიოს საოკუპაციო ზოლმა კიდევ უფრო შიგნით მომავალში, ამიტომ, ვფიქრობ, გარკვეული შეღავათები უნდა გაუწიოს მათ ხელისუფლებამ.“

არასამთავორბო ორგანიზაციები დიცსა და დვანში ვიზიტის შემდეგ გეგმავენ საგანგებო რეკომენდაციის მომზადებას, რითაც მთავრობას მიმართავენ და მოითხოვენ, გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები კონფლიქტის ზონის მოსახლეობის მდგომარეობის შესამსუბუქებლად.
XS
SM
MD
LG