ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სოფლის განვითარების პერსპექტივები საქართველოში


ამერიკის სავაჭრო პალატამ საქართველოში (AmCham), "ქეა"-მ საერთაშორისო კავკასიაში (CIC), ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში (EU), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAD), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტომ (SDS) და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) თბილისში კონფერენცია გამართეს თემაზე - ”სოფლის განვითრების პერსპექტივები მცირე ფერმერებისთვის”. სიღარიბე და სოფლის მეურნეობა საქართევლოში იყო დისკუსიის მთავარი თემა.

"მცირე ფერმერებს საქართველოში საკმაოდ სერიოზული პერსპექტივები აქვთ, განსაკუთრებით მათ, ვისაც სურს მცირე ფერმერული მეურნეობა, რომელსაც ამჟამად ეწევიან, გარკვეულ კომერციულ ბიზნეს დონეზე აიყვანონ" - ამბობს "Mersy Corpa"-ის წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში, ირაკლი ქასრაშვილი:

“ეს პერსპექტივები, ალბათ ,არის წარმოების ზრდა, უკეთესი სასოფლო-სამეურნეო ობიექტის გამოყენება, ხელმისაწვდომობა ჰქონდეს ფერმერს საკონსულტაციო-საინფორმაციო მომსახურებასთან და უფრო მეტი ინფორმაცია პროდუქციის გასაღების ბაზრების, პროდუქციის რეალიზაციის შესახებ. პრინციპში, ვფიქრობ, სერიოზული პერსპექტივები აქვთ იმ ფერმერებს, რომლებსაც სურთ განვითარდნენ."

ეს ყველას არ სურს?

"რამდენადაც საქართველოში მილიონი მცირე ფერმერია, არ ვფიქრობ, რომ მილიონი მცირე ფერმერი გახდება კომერციული ფერმერი. მცირე ფერმერს ვუწოდებ მათ, რომელთაც აქვთ მაქსიმუმ 1.25 ჰექტარი პრივატიზებული მიწა, ან ჰყავთ პირუტყვის, მაგალითად, ძროხების რაოდენობა 4-5. ჩვეულებრივად ჰყავთ 1-2 ძროხა. დღევანდელი კონფერენციის მიზანია სოფლის განვითრების პერსპექტივები, მე ვიტყოდი, სასოფლო განვითარების პერსპექტივები. იმიტომ, რომ სოფლის განვითარება არ არის მხოლოდ სოფლის მეურნეობა. ამიტომ ფერმერების ნაწილი ალბათ კომერციულ დონეზე უნდა ავიდეს. ასევე მნიშვნელოვანია, სასოფლო-სამეურნეო ორგანიზაციების და კოოპერაციების წახალისება. მაგრამ, შეიძლება, რაღაც გარკვეული არასასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში იყვნენ დანარჩენი ფერმერები ჩართული. მაგალითად, საქართველოში ძალიან დიდი პერსპექტივებია აგროტურიზმის განსავითარებლად. ჩვენთან ტურიზმი საკმაოდ განვითარებულია, მაგრამ აგროტურიზმი შეიძლება უფრო უკეთესად განვითარდეს. აგროტურიზმი გულისხმობს, ზოგ შემთხვევში, ფერმერის ჩამოყალიბებას, როდესაც უცხოელი ტურისტები მოვლენ, ნახავენ როგორ მუშაობს სოფლის მეურნეობა საქართველოში, გარკვეულ პროდუქციას გასინჯავენ."

ეკოლოგიურად სუფთას? გენმოდიფიცირებული არ იქნება?

"არა. გენმოდიფიცირებულზე, რა თქმა უნდა, არ არის ლაპარაკი. ტრადიციულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებას ნახავენ, გასინჯვაენ და ადგილზე შეიძენენ. შეიძლება იყოს რაღაც მცირე საოჯახო სახლები, სადაც ტურისტი დარჩება კიდეც და ა.შ."

საქართველოს რომელი რეგიონებია ჩართული ამ პროექტებში?

"მე შემიძლია ვილაპარაკო მხოლოდ Mersy Corpa-ის პროექტებზე. ჩვენი პროექტი ორ რეგიონში მოქმედებს - ქვემო ქართლში და სამცხე-ჯავახეთში. მათ აფინანსებს შვეიცარიის განვითარების სააგენტო. ასევე, გვაქვს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტი, რომელიც ძირითადად გარემოს დაცვის პრობლემებს ეხება და სადაც, ქვემო ქართლთან და სამცხე-ჯავახეთთან ერთად, კახეთია ჩართული."

ბატონო ირაკლი, პროექტებში ჩართული ფერმერები დაფინანსებას ღებულობენ?

"რა თქმა უნდა, ღებულობენ. განსაკუთრებით, სასოფლო-სამეურნეო პროექტებში ჩართული ფერმერები, ფერმერული ორგანიზაციები, სხვადასხვა სახის მომსახურების მიმწოდებლები ამ ფერმერებისთვის, გადამამუშავებლები - ყველანი ღებულობენ, რა თქმა უნდა, გარკვეული პირობებით.”

კონფერენციაზე გამართულ დისკუსიაში ერთ-ერთმა მონაწილემ სოფლის განვითარებისთვის კოლექტიური გაერთიანებების საჭიროებაზე ისაუბრა. ქეა-ს საერთაშორისო პროგრამების მართვის მენეჯერმა, გიორგი ღლონტმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა:

"მე ფართო ასპექტში განვიხილავდი ამას, თუ გავითვალისწინებთ დღევანდელ მდგომარეობას, რომ მოსახლეობის 50%-ი ცხოვრობს სოფლად, 50%-ის 90%-ი არიან ძალიან წვრილი ფერმერი, რომელთა წარმოების საშუალებებიც არის ძალიან მწირი. ამიტომაც, საკუთარი თავის დაკმაყოფილებაც არ შეუძლიათ. წარმოიდგინეთ, დღეს სოფლად ფერმერი ყიდულობს საკვების დაახლოებით 40%-ს, იმპორტირებულ საქონელს. უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ საჭიროა კონსოლიდაცია - არამარტო კოლექტივის, კოოპერატივის შექმნა, არამარტო მატერიალური რესურსების კოოპერაციის შექმნა, არამედ ადამიანების რესურსების, გადაწყვეტილების მიღების კოოპერაციის, კონსოლიდაციის შექმნა. იქნება ეს ფერმერთა ფორმალური თუ არაფორმალური გაერთიანება. როგორ უნდა ჩავრთოთ ეს ხალხი, როგორ უნდა გავაფართოვოთ ის საზღვრები, სადაც მცირე ფერმერები მიიღებენ მონაწილეობა? ჩავრთოთ ისინი გადამუშავებაში, რეალიზაციაში იმისთვის, რომ დამატებითი ღირებულების განაწილებაშიც მიიღონ მონაწილეობა.”

შეგახსენებთ, "ქეა" კავკასიაში ეხმარება სოციალურად და ეკონომიურად დაუცველ ადამიანებს ყველაზე მწვავე პრობლემების გადაჭრაში.
XS
SM
MD
LG