ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დაწესებულება დატოვა


20 თებერვალს, 6 წლის და 9 თვის პატიმრობის შემდეგ, საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ყოფილმა პრემიერმა, ვანო მერაბიშვილმა პენიტენციალური დაწესებულება დატოვა. პატიმრობამდე, ის ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის თანამდებობას იკავებდა.

მერაბიშვილმა გათავისუფლების შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

„გაძლევთ გარანტიას, რომ ერთ წელიწადში ეს ხელისუფლება დასრულდება. ამის გაკეთება არის აუცილებელი და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ… ეს არის აუცილებელი იმისათვის, რომ ქვეყანაში დაიწყოს განვითარება, ქვეყანა წავიდეს წინ, ჩვენი ხალხის კეთილდღეობა გაიზარდოს, გაქრეს უიმედობა, ახალგაზრდობას მიეცეს პერსპექტივა, ადამიანებს – დასაქმება და ღირსეული ხელფასი, მოხუცებს კი – ღირსეული პენსია“, – თქვა მან.

მერაბიშვილმა განაცხადა, რომ მას ჯერ არ გადაუწყვეტია, თუ რომელი პარტიის რიგებს შეუერთდება ის.

„ჩემი უახლოესი მეგობრები, თანამებრძოლები, თანაპარტიელები, ჩემდა სამწუხაროდ, დღეს სხვადასხვა პარტიაში [ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო] არიან. მე ყველა მათგანს შევხვდები, ყველას აზრს გავეცნობი და მივიღებ გადაწყვეტილებას, რომელსაც ამ დასკვნებით გავაკეთებ. მე მჭირდება გარკვეული დრო და პირველ რიგში ჟურნალისტებს გაძლევთ გარანტიას - პირველსავე ხელსაყრელ მომენტში, როგორც კი ჩამოვყალიბდები, ამის შესახებ თქვენ გაიგებთ" - თქვა მერაბიშვილმა.

ვანო მერაბიშვილი 2013 წლის მაისში დააკვეს და მას ბრალად 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩევლის მოსყიდვა, დიდი ოდენობით თანხის მითვისება და გაფლანგვა, ასევე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედებოდა. მოგვიანებით მას ბრალი დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის, გირგვლიანის და 2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციის დაშლის საქმეებზე წარედგინა.

სასამართლომ მერაბიშვილი ყველა ამ საქმეზე დამნაშავედ ცნო. მის წინააღმდეგ ჯერ ისევ მიმდინარეობს დავა 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დაშლის საქმესთან დაკავშირებით.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG