ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი ექსპერტების რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას


ამერიკელი ექსპერტების რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას
ამერიკელი ექსპერტების რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას

გასული კვირის მიწურულს ვაშინგტონში გაიმართა ერთდღიანი კონფერენცია თემაზე „სამხრეთ კავკასიისა და კასპიის რეგიონში შეერთებული შტატების სტრატეგიის პერსპექტივა.“ კონფერენციის შემდეგ ამერიკის ხმის ქართულმა რედაქციამ კომენტარი სთხოვა შეერთებული შტატების არმიის ომის შესწავლის კოლეჯის მკვლევარს სტივენ ბლენკსა და შეერთებული შტატების ყოფილ ელჩს აზერბაიჯანსა და თურქეთში და ამჟამად ატლანტიკური საბჭოს დინუ პატრიციუს სახელობის ევრაზიის ცენტრის დირექტორს როს ვილსონს.

ამერიკის ხმის ქართული რედაქციის კითხვაზე თუ რა სახის რეკომენდაციას ურჩევდა იგი საქართველოს მთავრობას ოკუპირებულ ტერიტორიებში რუსეთის სამხედრო ძალების მზარდ კონცენტრაციასთან დაკავშირებით, ბატონმა ბლენკმა კერძოდ აღნიშნა:

„მე პირადად მიმაჩნია და აქ მე მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩემი მოსაზრება შეერთებული შტატების არცერთი სამთავრობო სააგენტოს ოფიციალურ პოზიციას არ ასახავს, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა აქტიურად წარმართოს საზოგადოებრივი კამპანია რათა გააგებინოს მსოფლიო თანამეგობრობას, რომ რუსეთი სახელმწიფოთაშორის საზღვრებს, ჰელსინკის საბოლოო აქტის დებულებებსა და სხვა საერთაშორისო შეთანხმებებს არღვევს. ამდენად რუსეთი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელს კავკასიას. შედეგად შეიქმნა ყოვლად გაუსაძლისი ვითარება, რომელიც რეგიონს მშვიდობას არ მოუტანს. საქართველოს მთავრობამ აგრეთვე ყველა ღონე უნდა იხმაროს რათა შეერთებულმა შტატებმა რუსეთს გარკვევით მიუთითოს, რომ ამგვარი მოქმედება დაუშვებელია.“

ატლანტიკური საბჭოს დინუ პატრიციუს სახელობის ევრაზიის ცენტრის დირექტორს და შეერთებული შტატების ყოფილ ელჩს თურქეთსა და აზერბაიჯანში ბატონ როს ვილსონს მიაჩნია, რომ საქართველოს მთავრობამ მთელი თავისი ძალისხმევა შიდა პრობლემების მოგვარებას უნდა დაუთმოს.

„ამ მხრივ აუცილებელია პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების ჩატარება. ყოველივე ეს მიმართული უნდა იყოს იმისკენ, რომ საქართველო აყვავებული, წარმატებული და სტაბილური სახელმწიფო გახდეს ამ რეგიონში. დროის განმავლობაში ეს საქართველოს უპირატესობას მოუტანს,“ - აღნიშნა ვილსონმა.

ყოფილი ამერიკელი დიპლომატის აზრით, პრაქტიკული თვალსაზრისით საქართველოს ხელისუფლებამ გარკვეული მოთმინება უნდა გამოიჩინოს, რაც რასაკვირველია ადვილი როდია განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ შესაძლო პროვოკაციებს, მაგრამ ამგვარი თავშეკავებულობა აუცილებელია.

„ანკესზე ნუ წამოეგებით. არ დაუშვათ, რომ საქართველო კიდევ ერთხელ აღმოჩდნეს ისეთ მდგომარეობაში, რომელიც ქვეყნის მომავალისთვის სახიფათო და დამანგრეველი იქნება,“ - განაცხადა როს ვილსონმა.

ინტერვიუს დასასრულს ვილსონმა ობამას ადმინისტრაციის მიდგომა საქართველოსთვის შეიარაღების გადაცემის საკითხის მიმართ ამგვარად დაახასიათა:

„ზოგადად უაღრესად ფრთხილ მიდგომად დავახასიათებდი, რაც, ჩემი აზრით, საკმაოდ საღი მიზეზებით არის განპირობებული.“

XS
SM
MD
LG