ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მონიტორინგი საზოგადოებრივ მაუწყებელში


ზეწოლა მედიაზე თუ უბრალოდ საზოგადოებრივი მაუწყებელის შემოწმება

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა გუშინ საგანგებო განცხადება გააკეთა საზოგადოებრივ მაუწყებელში მონიტორინგის მიზნით შემოსავლების სამსახურის შესვლის თაობაზე. მისი განცხადებით, მაუწყებელს, რომელიც საქართველოს ბიუჯეტიდან ფინანსდება 2010 წლის ნოემბრიდან ერიცხება საგადასახადო დავალიანება 3 მლნ 800 000 ლარის ოდენობით, რაც სერიოზული კანონდარღვევაა.

„ჩვენთვის გასაგებია, რომ საქმე გვაქვს ტელევიზიასთან, ამიტომ გავეცით განკარგულება ჟურნალისტებისა და სამუშაო პროცესის ხელის შეშლისა და შეფერხების გარეშე მოხდეს შემოწმება. გარდა ამისა, მე პირადად შევხვდი საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს გუშინ, ავუხსენი საქმის ვითარება და მანაც გამოხატა მზადყოფნა დაგვხმარებოდა შემოწმებისას,“ - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი, გიორგი ჭანტურია და სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელი, ლევან გახელაძე აცხადებენ, რომ 90-იანი წლებიდან მოყოლებული, საზოგადოებრივ მაუწყებელში საგადასახადო ორგანოს მონიტორები არ შესულან და რომ მაუწყებელს ბოლო პერიოდში სისტემატურად ამოწმებდა სახელმწიფო აუდიტი გეგმიური შემოწმების ფარგლებში, რაც რამდენიმე თვეში კიდეც იყო დაგეგმილი. ისინი მაუწყებლის ამგვარი ფორმით შემოწმებას ხელისუფლების მხრიდან ზეწოლად აღიქვამენ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის შემოსავლების სამსახურის მიერ შემოწმების ფაქტი საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმაც გააპროტესტეს და განაცხადეს, რომ ესაა ზეწოლა მედიაზე. ამ საკითხზე გუშინ საქართველოს პრეზიდენტმაც ისაუბრა.

ჟურნალისტი ია ანთაძე მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით დღემდე ბევრი უპასუხოდ დარჩენილი კითხვა არსებობს. ფაქტები, რომლებიც სხვადასხვა ორგანიზაციებმა მაუწყებლების მონიტორიგნის პროცესში აღმოაჩინეს და რომელთა შესახებმაც საკითხი დააყენეს, უყურადღებოდ დარჩა.

„იყო შემთხვევები, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლით, რუსთავი 2–ითა და იმედით გადაიცა ზედმიწევნით ანალოგიური შინაარსის სიუჟეტი ქიმერიძის გარდაცვალების შესახებ. მაშინ დაგვრჩა ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს ეს მასალა სადღაც სხვაგან მომზადდა და მაუწყებელში მზა ფორმით მიიტანეს. ასევე, ნაკლები ყურადღება ეთმობოდა საზოგადოებრივად ძალიან აქტუალურ თემებს, რასაც მაუწყებელმა, როგორც ბიუჯეტის თანხით დაფინანსებულმა ტელევიზიამ, საეთერო დრო აუცილებლად უნდა დაუთმოს,“ - ამბობს ია ანთაძე.

საზოგადოებრივი მაუწყებლის შემოწმებას დროულად მიიჩნევს რეგიონული მედია ასოციაციის ხელმძღვანელი, ია მამალაძეც. ჩვენთან საუბრისას იგი ამბობს, რომ გაურკვეველია გია ჭანტურიას არგუმენტი იმის თაობაზე, რომ მაუწყებელი აქამდე შემოსავლების სამსახურს არასდროს შეუმოწმებია. „აქამდე რომ არ მოწმდებოდა, ესეც დარღვევას წარმოადგენს,“ - ამბობს ია მამალაძე.

გაზეთ რეზონანსის მთავარი რედაქტორი, ლაშა ტუღუშიც მართებულად მიიჩნევს ფინანასთა სამინისტროს გადაწყვეტილებას მაუწყებლის შემოწმების თაობაზე.

„არსებობდა უამრავი კითხვა, იგივე „პიკთან“ დაკავშირებით, რომლის თანამშრომლები ხელფასის მიუღებლობასაც აპროტესტებდნენ მაშინ, როდესაც მაუწყებლის გენერალური დირექტორი გადარიცხული თანხების შესახებ აკეთებდა განცხადებას. სად გაქრა ეს ფული? ჩემთვის გაურკვეველია, რატომ იქცა პრობლემად ადამიანურად გარკვევა, მოლაპარაკება და უთანხმოების მოგვარება,“ -ამბობს ლაშა ტუღუში.

საზოგადოებრივი მაუწყებელი, კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს ბიუჯეტიდან ფინანსდება. მისი მიმდინარე წლის ბიუჯეტი 55 მილიონ ლარს შეადგენს.
XS
SM
MD
LG