ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვის ეკუთვნის თბილისში ყვითელი მიკროავტობუსები


ყველა საკითხს დეტალურად შეისწავლის სახელმწიფო კომისია, რომელსაც უშუალოდ პრემიერი ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს

თბილისში ყვითელი მიკროავტობუსების მძღოლებმა გაფიცვა შეწყვიტეს, ეს გადაწყვეტილება მათ ”ქართული ოცნების” დეპუტატთან სოსო ჯაჭვლიანთან გუშინ გამართული მოლაპარაკებების შემდეგ მიიღეს. სოსო ჯაჭვლიანი მათ დაპირდა, რომ მათთან დაკავშირებულ ყველა საკითხს დეტალურად შეისწავლის სახელმწიფო კომისია, რომელსაც უშუალოდ პრემიერი ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს.
თბილისის მერმა გიგი უგულავამ გაფიცვასთან დაკავშირებით შემდეგი განცხადება გააკეთა:
”ვთხოვ ყველას, განსაკუთრებით ცენტრალურ მთავრობას, ზედმეტი მოქმედებებით ნუ გააფუჭებენ და ნუ ჩაშლიან ხელშეკრულებას. ასევე ვთხოვ ოცნების აქტივისტებს, თავი დავანებოთ მძღოლებით მანიპულირებას. მიღწეულია თითქმის შეთანხმება, მთავარია რომ ეს შეთანხმება დაიცვას კომპანიამ. მთელი ჩვენი ძალისხმევა მივმართოთ იმისკენ, რომ კომპანიამ მძღოლები არ მოატყუოს და დანაპირები შეასრულოს.ამაში მგონი , ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანი. და ნუ შევეცდებით იმ ქაოსის გადმოტანას თბილისში, რომელიც მთელ საქართველოში ცეცხლის ალივით მოედო. თბილისი უნდა იყოს გამონაკლისი, თბილისში უნდა იყოს წესრიგი, თბილისი უნდა იყოს სამაგალითო მთელი ქვეყნისთვის. წესრიგი, სიწყნარე და სიმშვიდე ჩვენი ორივე პოლიტიკური გუნდის ადგილობრივ, თუ ცენტრალურ დონეზე ამოცანას უნდა წარმოადგენდეს”.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს ოფიციალური წერილით მიმართა ”ავტოტრანსპორტელთა და მგზავრთა უფლებების დაცვის ასოციაციამ” , რომელიც ითხოვს ლიცენზიების კანონში ცვლილებების შეტანას და შემდგომ კანონპროექტის განხილვებში მონაწილეობას. პასუხი ასოციაციამ 10 დღის ვადაში უნდა მიიღოს. ასოციაციის პრეზიდენტის ლალი მეტრეველის თქმით მძღოლის ყოველდღიური შემოსავალი ბევრად ნაკლებია ყოველდღიურ გეგმასთან მიმართებაში , ამიტომ მისივე თქმით ყველას აქვს დავალიანება. ასოციაციის ხელმძღვანელის განცხადებით ქალაქი პარალიზებული იყო იმის გამო, რომ 2011 წლის დასაწყისში ჩატარდა კონკურსი, ერთი ორგანიზაციისთვის, სამსახურის გარეშე დარჩა დაახლოებით 42 იურიდიული პირი და ათასობით მძღოლი:
”2011 წლის დასაწყისში ჩატარადა კონკურსი, აბსოლუტურად ერთი ორგანიზაციისთვის, მონოპოლისტი მოგვევლინა, სამსახურის გარეშე დარჩა დაახლოებით 42 იურიდიული პირი და ათასობით მძღოლი. მძღოლებს იმხელა გადასახადები აქვთ, ისეთ კაბალურ მდგომარეობაში არიან, მიკვირს აქამდე რატომ არ გაიფიცნენ. ჩვენ სამართლებრივად უკვე 8 თვეა დაწყებული გვაქვს ბრძოლა განხორციელებული რეფორმის წინააღმდეგ. ამ რეფორმის შედეგად დაზარალდა მგზავრი, 80 თეთრს იხდის მგზავრობაში, კაბალურ მდგომარეობაშია მძღოლი.. ვინ არის გამარჯვებული?! დავიწყეთ სამართლებრივი ბრძოლა, პროკურატურაში შეტანილი გვაქვს საჩივარი, პარალელურად დავიწყებთ სასამართლო პროცესებს. მაგრამ პროკურატურას დღემდე არავითარი რეაგირება არ მოუხდენია. მერს, უშუალოდ უგულავას თვეების წინ მივმართეთ, რომ საჯარო ინფორმაცია მიეწოდებინა ჩვენთვის იმის შესახებ , თუ როგორ ჩატარდა კონკურსი, მაგრამ დღემდე არავითარი პასუხი არ მიგვიღია. ანუ, უფლებადამცველი ორგანიზაციის მოთხოვნას არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია. ამიტომ თვითონ მძღოლებმა დაიწყეს გაფიცვები, ჩვენი იმედი ჰქონდათ , მაგრამ საბოლოო ჯამში არაფერი გამოგვივიდა. თუმცა ახალი მთავრობის იმედი გვაქვს, იქნებ საკანონმდებლო ორგანო, ახალი მთავრობა რამენაირად ჩაერიოს, ცვლილება შეიტანოს ამ სფეროსთან დაკავშირებით”.
”ავტოტრანსპორტელთა და მგზავრთა უფლებების დაცვის ასოციაციის” იურისტი დავით ჯალაბაძე გვესაუბრება, თუ რამ გამოიწვია ამ საკითხის გამწვავება:
”სამართლებრივად მთავარი და ყველაზე მტკივნეული ახლა რაც არის, რომ ასეთი პარადოქსული ვითარებაა შექმნილი. 2011 წელს კონკურში გამარჯვებულად გამოცხადებული ოთხი კომპანია, რომელიც სულ რაღაც 2-3 დღის განსხვავებით იქნა სასწრაფოდ და საგანგებოდ დარეგისტრირებული კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, რაიმე გამოცდილება, კვალიფიკაცია ბუნებრივია არ გააჩნდა არცერთ მათგანს, მაშინ როცა ქალაქის მრავალათეულის მარშრუტიდან ხელოვნურად იქნა განდევნილი წლების განმავლობაში მომუშავე კვალიფიციური, კომპეტენტური კომპანიები. ამ საგანგებოდ შექმნილმა კომპანიებმა მიიღეს ნებართვები ამ კონკურსის შედეგად. ხოლო სულ მალე ეს საქმიანობა აღმოჩნდა სრულიად სხვა სუბიექტის ხელში. ეს არის ე.წ. ”შპს მიკროავტობუსი”, რომელიც როგორც სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით ირკვევა კონკურსის პერიოდში საერთოდ არ იყო რეგისტრირებული. ბუნებრივია, არც კონკურსში მიუღია მონაწილეობა, მაგრამ დღეისათვის დე-ფაქტო ითვლება ამ საქმიანობის განმახორციელებლად. თუმცა ამ სამეწარმეო საქმიანობას რეალურად ახორციელებენ ე.წ. ინდმეწარმეები, ანუ მძღოლები, იჯარის ხელშეკრულება კომპანიებთან აქვთ გაფორმებული. ანუ, კომპანიები სამეწარმეო საქმიანობას კი არ აწარმოებენ, არამედ გამოდიან როგორც მეიჯარეები. ე.ი. სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობაში შევიდნენ მძღოლებთან, გაუფორმეს მათ ფლობელობაში არსებულ მიკროავტობუსებზე საიჯარო ხელშეკრულება, ბუნებრივია შესაბამისად იღებენ იჯარის ქირას, მაგრამ სამეწარმეო საქმიანობას ისინი არ ახორციელებენ”.
XS
SM
MD
LG