ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკანონო ჩანაწერების განადგურება


უკანონოდ თვალთვალით შექმნილი ვიდეო არქივის ერთი ნაწილი, 144 ფაილი გაანადგურეს

5 სექტემბერს თბილისში გაანადგურეს მოქალაქეთა პირადი ცხოვრების ამსახველი, უკანონოდ თვალთვალით შექმნილი ვიდეო არქივის ერთი ნაწილი, 144 ფაილი.
საქართველოში ჩანაწერების განადგურების რეკომენდაციით, თომას ჰამერბერგი, ადამიანის უფლებათა საკითხებში ევროკავშირის მრჩეველი გამოვიდა.
კომპაქტური დისკების დაქუცმაცების პროცესს ზედამხედველობას უწევდა კომისია, რომლის სამუშაო ჯგუფიც მთავრობის ორი სექტემბრის დადგენილებით შეიქმნა. ამ პროცესის დასრულების შემდეგ, დისკების ნამსხვრევები მედიის წარმომადგენლებსაც წარუდგინეს.
შინაგან საქმეთა მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, არსებობს მაღალი ალბათობა, რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს ჰქონდეთ ამ ჩანაწერების ასლები.
პარლამენტის მიერ ივლისში მიღებული ამნისტიის აქტი ითვალისწინებს, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას მათთვის, ვინც საგამოძიებო ორგანოებს ნებაყოფლობით ჩააბარებს უკანონო თვალთვალით მოპოვებულ ჩანაწერებს.
ქართული საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენელი და მათ შორის კომისიის ერთ-ერთი წევრი, კახი კახიშვილი ამ ჩანაწერების განადგურების წინააღმდეგი იყო, რადგან როგორც მიიჩნევენ, ეს ხელს შეუშლის გამოძიების ჩატარებას და ამ საქმეში ეჭვმიტანილ პირთა შესაძლო სამართლებრივ დევნას.
დღეისათვის აღმოჩენილია ასეთი 26.000 ფაილისგან შემდგარი არქივი.
XS
SM
MD
LG