პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა საქართველოს მხარდაჭერის აქტს უმნიშვნელოვანესი ისტორიული დოკუმენტი უწოდა და აღნიშნა, რომ საქართველოს მხარდაჭერის აქტის მიღების ინიციატივა საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს ეკუთვნის, რომელიც მან მარტის თვეში, აშშ-ში ვიზიტისას წამოაყენა.
ამერიკელმა კონგრესმენებმა, ტედ პომ და ჯერი კონოლიმ 26 ივნისს წარმომადგენელთა პალატაში ორპარტიული რეზოლუცია წარადგინეს, რომელიც აშშ-ის მხარდაჭერას ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ და გმობს „რუსეთის მიერ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ძალადობრივ და უკანონო დაპყრობას“.
რეზოლუციის პროექტი, სახელწოდებით – „საქართველოს მხარდაჭერის აქტი“, უსაფრთხოების სფეროში საქართველოსთვის გაზრდილი დახმარებისკენ მოწოდებით გამოდის, რათა ქვეყანამ შეძლოს საკუთარი თავდაცვითი შესაძლებლობების, მათ შორის, საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაძლიერება. აქვე ლაპარაკია საქართველოსთან ორმხრივ თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებaზე და ამ მიზნით მოლაპარაკებების გააქტიურებაზე საქართველოს ხელისუფლებასთან.
აშშ-ის მხრიდან ასეთი მოცულობის და შინაარსის საკანონმდებლო მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში არ ჰქონია, -განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა. ამ ინფორმაციას სააგენტო ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
Facebook Forum