ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაპირებები კონფლიქტის ზონაში მცხოვრებთათვის


მთავრობამ კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ადამიანებისთვის შეღავათების დაწესებაზე დადგენილება 4 ოქტომბერს მიიღო

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო რეინტეგრაციის სამინისტროსთან შეთანხმებით, კონფლიქტის ზონებში, ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ადამიანებისთვის საგანგებო ღონისძიებების გატარების აუცილებლობას ხედავს. „გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითმა სამთავრობო კომისიამ“ საკითხი უკვე განიხილა. სოციალური ფონი ამ სოფლებში უმძიმესია. მთავრობამ კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ადამიანებისთვის შეღავათების დაწესებაზე დადგენილება 4 ოქტომბერს მიიღო. აღნიშნულ ღონისძიებაში საკუთარ ფინანსურ წვლილს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი შეიტანს. დახმარება სოფლის გამგებლების მიერ შედგენილი სიების საფუძველზე გაეწევა ოჯახებს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტურქტურის მინისტრი დავით ნარმანია ამბობს:

„ესაა დახმარება ოჯახებისთვის, ვინც ზამთარს ატარებს ადგილზე. მუნიციპალიტეტებს ჩაერიცხებათ შესაბამის საბანკო ანგარიშებზე თანხა ამისთვის და დამტკიცებული სიების მიხედვით გაიცემა. შესაძლებელი იქნება როგორც შეშის შეძენა ამ თანხით, ასევე ელექტროენერგიის საფასურის გადახდა“.

ამავე დადგენილებით, ადმინსიტრაციული საზღვრის სიახლოვეს მცხოვრები სტუდენტებსაც მიეცემათ სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა 2013-2014 სასწავლო წლისთვის. სახელმწიფო თითოეული სტუდენტის სუბსიდირებას 2250 ლარით გეგმავს. მხოლოდ ეს შეეხება იმ კატეგორიას, ვინც სტუდენტის სტატუსს ამ დრომდე ატარებს. პაატა ზაქარეიშვილი, რეინტეგრაციის მინისტრი აცხადებს: „გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლებმა საქართველოში უკვე გამოთქვეს სურვილი წლის ბოლომდე, მოკლევადიანი სერიოზული დახმარება გაუწიონ ინდივიდუალურ ოჯახებს. მე მიმაჩნია, რომ ეს ძალიან საინტერესო წინადადებებია.“
შიდა ქართლში ერთ-ერთი ადმინისტრაციული საზღვრისპირა სოფლის, ერგნეთის წარმომადგენელი ლია ჩლაჩიძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ადგილობრივი გამგებლის მითითებით სიები შედგა, თუმცა ეს პროცესი კვალიფიციურად არ წარმართულა.

„აბსოლუტურად ყველას აძლევენ დახმარებას, ვინც სოფელში ცხოვრობს და აქ აპირებს გამოზამთრებას. უბრალოდ, გამგებელმა ერთ-ერთ პიროვნებას დაავალა სიის შედგენა. შემდეგ, ყველა მასთან დავდიოდით სახლში, გამგებელმა არც იკადრა თავად მოსულიყო ჩვენთან და შეემოწმებინა. ბევრია უკმაყოფილო, ვინც სიაში არ მოხვდა და მოხვდნენ ისეთებიც, ვინც არ იმსახურებდა ამას, ანუ არ იზამთრებს სოფელში. ვიცით მხოლოდ ის, რომ დაგვირიგებენ პლასტიკურ ბარათებს, სადაც ჩაირიცხება თანხა. როდის იქნება ეს, არც ჩვენ ვიცით და არც გამგეობაში იციან. თანხას ჩარიცხავენ და ვისაც როგორ უნდა, ისე გამოიყენებს. შესაძლებელია შეშის ყიდვაც და ელექტროენერგიის თანხის დაფარვაც. თანხის რაოდენობა 200 ლარი იქნება“,- ამბობს ლია ჩლაჩიძე.

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის მკვიდრი ზაალ ახალკაცი ამერიკის ხმასთან საუბრისას ამბობს, რომ მათ სოფელში დამონტაჟებულ ლითონის ღობეებს ახლა უკვე ვიდეოთვალის დახმარებით აკონტროლებენ რუსი მესაზღვრეები. რაც შეეხება ფინანსურ დახმარებას სოფლებისთვის, მას ამის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია.

„დახმარებების თაობაზე არაფერი ვიცი. რაც შეეხება ღობეებს, მთლიანად აკონტროლებენ, დააყენეს ვიდეო თვალი. ყველა ბოძზე არაა, შორი-შორსაა დაყენებული, ალბათ ისეთ მანძილზე, სადამდეც კამერა ხედავს,“- ამბობს ზაალ ახალკაცი.

„გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების“ დროებითი სამთავრობო კომისიის სხდომიდან გამოსული ინფრასტრუქტურის მინისტრი სარწყავი და სასმელი წყლის პრობლემასაც შეეხო და განაცხადა, რომ ამ ტერიტორიებზე წყალმომარაგების საკითხების მოგვარება ჭაბურღილების მოწყობით ნაწილობრივ შესაძლებელია.
XS
SM
MD
LG