ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არის თუ არა ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკური დევნილი?!


პარლამენტის კომიტეტი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის #1900 რეზოლუციით ხელმძვანელობდა.

მიმდინარე კვირას პლენარულ სხდომაზე უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ პოლიტპატიმრად 190 მსჯავრდებული სცნო, 25 პირს კი პოლიტ-დევნილის სტატუსი მიენიჭა. პოლიტპატიმართა და პოლიდევნილთა სიის შედგენისას დადგენილების ავტორები არასამთავრობო ორგანიზაციები და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2012 წლის 3 ოქტომბრის #1900 რეზოლუციით ხელმძვანელობდნენ.

უფლებადამცველი გელა ნიკოლაიშვილი მიღებულ დადგენილებასთან დაკავშირებით ამბობს:

”ეს არის ძალიან მცირე რაოდენობა იმ მრავალრიცხოვანი ადამიანების, რომელიც შეიძლება გამოვაცხადოთ სააკაშვილის რეჟიმის პოლიტპატიმრებად. არგუმენტები, რომელიც მოყავდა უმცირესობას იყო ფაქტობრივად ძალიან უსუსური და არადამაჯერებელი.თურმე, რადგანაც ჯაშუშობის ბრალდება აქვს ადამიანებს, ისინი ნამდვილად ჯაშუშები არიან. ჟურნალისტები როგორი ჯაშუშებიც არიან, ზუსტად ისეთივე ჯაშუშები არიან ისინიც. იმედი მაქვს, რომ სხვა ადამიანებისთვისაც ასეთივე სტატუსის მინიჭება არ იქნება მომავალში.”

პოლიტპატიმართა სტატუსი მიენიჭა 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით დაპატიმრებულ 47 ადამიანს; ე.წ. მუხროვანის ამბოხის საქმეზე მსჯავრდებულ 20 პირს; ჯაშუშობის ბრალდებით ”ენვერის საქმეზე” გასამართლებულ 11 პატიმარს; სხვადასხვა დროს, მათ შორის 2007 წლის 7 ნოემბერს ოპოზიციის აქციის დარბევის დროს დაკავებულ ოპოზიციის აქტივისტებს და სხვა.
საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიორგი კანდელაკის განცხადებით სიაში შეყვანილ პირთათვის პოლიტპატიმართა და პოლიტდევნილთა სტატუსის მინიჭება საქართველოს ზიანს მოუტანს:

”ამ აბსურდული სიის მიღების შედეგად გარეთ გამოვლენ ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ საფრთხეს ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისათვის. შეიარაღებული ამბოხება, შპიონაჟი, სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულება, ეს არის დანაშაულებები, რომელიც მიმართულია სახელმწიფოს საფუძვლების წინააღმდეგ. ამ ხალხის პოლიტიკურ პატიმრებად გამოცხადება და გათავისუფლება არის ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი”.
”ერეკლე მეორეს საზოგადოების” ლიდერი არჩილ ჭყოიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში კიდევ უფრო მეტი ადამიანია, ვისაც შეიძლება პოლიტპატიმრის სტატუსი მიენიჭოს:

“ამ კომისიაში არ ვმუშაობდი, აქედან გამომდინარე თითოეული ადამიანი არ მყავს შესწავლილი, მაგრამ ის, რომ 190 ადამიანი შეიძლება იყოს პოლიტპატიმარი დარწმუნებული ვარ. გაცილებით მეტი შეიძლება იყოს, ვინაიდან 9 წლიან რეჟიმის პირობებში, რომელ რეჟიმშიც ჩვენ ვცხოვრობდით, პრაქტიკულად ჩვენ ვცხოვრობდით დიქტატურულ რეჟიმში, იგივე ციხის კადრები რომელიც ვნახეთ, თუ რა მდგომარეობაში იყვნენ ადამიანები და რეალურად უკვე 1 ოქტომბრის შემდეგ რომ გამოჩნდა, როგორ ხდებოდა ბიზნესის ჩამორთმევა, როგორ ხდებოდა ადამიანების დაშანტაჟება, ვფიქრობ, რომ 190 ადამიანიც ცოტა არის. თუმცა შეიძლება ხარვეზი და გამონაკლისი, მცირედი შეცდომები არსებობდეს ამ სიაში. მაგრამ ის, რომ საქართველოში 9 წლიან მმართველობაში შეიძლება იყოს 190 პოლიტპატიმარი, ნამდვილად თავისუფლად არის შესაძლებელი. მე პირადად მგონია, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანია, რომელსაც შეიძლება მიენიჭოს პოლიტპატიმრის სტატუსი.”

საპარლამენტო ინიციატივის ავტორი ეკა ბესელია თვლის, რომ უმცირესობის განცხადებები მოკლებულია ობიექტურობას:

”როგორი განცხადებებიც არ უნდა ისმოდეს უმცირესობის მხრიდან, ყველა შემთხვევაში, როდესაც ის არის მხარე, რომელსაც პირდაპირ ეხება ბრალეულობის ის დიდი ნაწილი, რომელზედაც ჩვენ ვსაუბრობთ, ეს არის პასუხი იმისა, რომ ნებისმიერი განცხადება მოკლებულია ობიექტურობას”.
6 დეკემბერს განცხადება გაავრცელა ”ქართულმა პარტიამ”, სადაც ნათქვამია:
”5 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღეული დადგენილების პროექტის საფუძველზე 190 ადამიანს მიენიჭა პოლიტპატიმრის, ხოლო 25 პირს პოლიტდევნილის სტატუსი. აღნიშნული სიის ფორმირებაში წლების განმავლობაში ვიყავით აქტიურად ჩართულები, რადგან ყველაზე მეტი ამ ორივე სიაში ჩვენი პარტიის წევრები იყვნენ. ჯერ კიდევ 2007 წლიდან ირაკლი ოქრუაშვილის ცნობილი განცხადების და შემდგომ განვითარებული მოვლენებისას ყველა ის ოპოზიციური ლიდერი, ვინც დღეს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას წარმოადგენს ცალსახად აღნიშნავდა, რომ ოქრუაშვილი იყო პოლიტიკური პატიმარი და შემდგომ დევნილი. მისი პოლიტიკური დევნილის სტატუსი აღიარა საფრანგეთმა.”

პირადად ჩემთვის ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტდევნილობა საეჭვო არ არის,- ამბობს უფლებადამცველი ირაკლი კორძაია:

”სხვადასხვა პრეტენზიები, რომელიც ახლა ისმის, ვრცელდება ”ქართული პარტიის” , თუ არასამთავრობო სექტორის მხრიდან, რომელიც გარკვეულ კორექტივებს მოითხოვს კომისიის მუშაობაში სრულიად გასაგებია. იმიტომ რომ კომისიას მოუწია გარკვეულწილად ფორს-მაჟორულ სიტუაციაში მუშაობა და ბუნებრივია გარკვეული ხარვეზები გაჩნდებოდა.
რაც შეეხება ირაკლი ოქრუაშვილს. მე პირადად შევაფასებდი მის მდგომარეობას როგორც პოლიტიკური დევნილის მდგომარეობას, იმიტომ რომ საფრანგეთის მთავრობა სავარაუდოდ არ მისცემდა მას წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკურ თავშესაფარს. რაც შეეხება ირაკლი ოქრუაშვილის მოღვაწეობის სხვა დეტალებს. თუ საქართველოს ხელისუფლებას, საქართველოს პროკურატურას, სამართალდამცავ სტრუქტურებს ექნება მის მიმართ კითხვები, ეს კითხვებიც უნდა დაისვას. თუმცა ოქრუაშვილის პოლიტდევნილობა ჩემთვის პირადად საეჭვო არ არის.”
XS
SM
MD
LG