ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დეფიციტური ოპოზიცია


რატომ არ რჩება საქართველოში ადგილი ოპოზიციისთვის პოლიტიკაში?

დეფიციტური ოპოზიცია

პოლიტიკური პლურალიზმი, განხილვა და არჩევანი პარტიების პროგამების მიხედვით, საქართველოსთვის კვლავ სამომავლო და სადავო პერსპექტივად რჩება.

„ნულოვანი თამაში პოლიტიკაში“- ამ სიტყვებით გამოხატა პოლიტიკური რეალობა ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსიტუტის წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში ლევან ცუცქირიძემ. რატომ არ რჩება საქართველოში ადგილი ოპოზიციისთვის პოლიტიკაში? სურს თუ არა საზოგადოებას ქვეყანაში არსებობდეს გამარჯვებულის გარდა, სხვა პოლიტიკური ორგანიზაცია? რა შანსი შეიძლება ჰქონდეს ყოფილ მმართველ ძალას, ნაციონალურ მოძრაობას საარჩევნოდ? ძალას, რომელიც ცხრა წლის მანძილზე ყველაზე მაღალი რეიტინგით სარგებლობდა და არსებობს თუ არა მარათონის სტარტთან ადგილი სხვა ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის?

ლევან ცუცქირიძე მიიჩნევს, რომ მომავალი საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გამოწვევაა პოლიტიკური პარტიებისთვის. მისი აზრით, არსებობს გარკვეული კრიტერიუმები, რაც უნდა დააკმაყოფილოს ორგანიზაციამ, რომელსაც პოლიტიკაში წარმატებული ნაბიჯების გადადგმა აქვს განზრახული.

ლევან ცუცქირიძე: „ძალიან ბევრი პარტია არაა ჩამოყალიბებული მწყობრი იდეოლოგიებისა თუ ფასეულობების გარშემო. ეს მარტო ჰიპოთეტური პრობლემა კი არაა. ეს პრობლემაა იმის გამო, რომ როდესაც ამა თუ იმ პარტიას აძლევ ხმას, ეს ნიშნავს, რომ ხმას აძლევ მმართველობის გარკვეულ წესსა და მმართველობის გარკვეულ კულტურას. მაშინ როდესაც, თუ პირობითად, ერთი ან ორი ადამიანის პარტიას აძლევ ხმას, ხმას აძლევ ამ ადამიანების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ხშირად შეიძლება შეიცვალოს. ამიტომ, გრძელვადიან პერსპექტივაში, მე ვფიქრობ, შანსი ისეთ პარტიებს ექნებათ, რომლებიც ნაკლებად იქნებიან დამოკიდებული რამდენიმე ძლიერ ლიდერზე. თუმცა ლიდერები, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, მაგრამ მეტად იქნებიან დამოკიდებული შიდა დემოკრატიულ პროცესებზე და ფასეულობებზე. რომელი პარტიაც მოახერხებს ამის გაკეთებას, იქნება ეს ნაციონალური მოძრაობა თუ სხვა, მას ექნება უახლოეს მომავლში გაძლიერების და არსებობის საფუძველი. რადგან დღეს ძალიან ბევრი საკითხია, რაც ამომრჩეველს აწუხებს და თუ პარტიები ვერ შეძლებენ მათ უპასუხონ, პოლიტიკური თვალსაზრისით, ამ პარტიებისთვის შეწყდება საზოგადოებისგან მხარდაჭერა.

  • რა შეიძლება იყოს ძირითადი მიზეზი იმისა, რომ პოლიტიკაში ოპოზიცია ასე პრობლემატურადაა წარმოდგენილი?

  • ზოგადად, ჩვენთან ნულოვანი თამაშის ტენდენტიაა პოლიტიკაში. არჩევნების შემდგომ გამარჯვებული ყველაფერს იღებს, წაგებული ყველაფერს კარგავს. მაგრამ ეს უნდა შეიცვალოს. ჩვენთან საზოგადოებრივი მხარდაჭერა მთლიანად იცვლებოდა ხოლმე, ანუ ერთი პერიოდი, შეიძლება საზოგადოება გარკვეულ პოლიტიკურ კურსს მთლიანად მხარს უჭერდეს და უცბად შეიცვალოს შეხედულება იმის გამო, რომ ლიდერებმა იმედები გაუცრუეს. ეს ძალთა ბალანსს ცვლის და სრულიად კარგავენ ხოლმე მხარდაჭერას საზოგადოებაში დამარცხებული პარტიები. ამიტომ, თუკი ძალთა ბალანსი იქნება ისეთი, როდესაც გამარჯვებული ძალა დამარცხებულს, ან ოპოზიციურ ძალას სრულიად ვერ გაანადგურებს, მაშინ ეს პარტიები შეძლებენ გააგრძელონ არსებობა. ამისთვის რამოდენიმე რამაა საჭირო: ერთი ის, რომ უნდა არსებობდეს საზოგადოებრივი და სახელმწიფო მხარდაჭერა. სახელწმიფო მხარდაჭერაში ვგულისხმობ იმას, რომ სახელმწიფომ მეტი როლი უნდა ითამაშოს პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერაში, მათ შორის დაფინანსებაში და არ დატოვოს პოლიტიკური პარტიები კერძო შემოწირულობების ამარა. ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფომ შეიძლება მეტი პასუხისმგებლობა და მეტი ანგარიშვალდებულება მოთხოვოს პოლიტიკურ პარტიებს. მეორე აუცილებელი ნაბიჯი, რაც პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გადადგან, ჩემი აზრით, ესაა შიდა დემოკრატიის გაძლიერება. თუკი პარტიაში გაუგებარია, როგორ შეიძლება პარტიულ კარიერაში დაწინაურდე, თუკი გაუგებარია, როგორ ნაწილდება ფული, თუკი გაუგებარია და არავინ იცის, როგორ შეიძლება საარჩევნოდ სიაში მოხვდე, ან კანდიდატად დაგაყენონ, მაშინ სრულიად არაჯანსაღი დინამიკაა. როდესაც ეს საკითხები გამჭვირვალეა, მაშინ ადამიანებს მეტი მოტივაცია უჩნდებათ მონაწილეობა მიიღონ პარტიულ ცხოვრებაში, პარტიულ დემოკრატიაში, რაც პარტიის სიცოცხლისუნარიანობას უფრო მეტად უზრუნველყოფს. ეს რამოდენიმე ძირითადი საკითხია, თუმცა რა თქმა უნდა, კიდევაა თემები, რაც მინიმალური აუცილებელი ნაბიჯებია იმისთვის, რომ პარტიებმა შეინარჩუნონ საკუთარი ორგანიზაცია და განვითარდნენ,“- აცხადებს ლევან ცუცქირიძე.

ძალთა გადანაწილებისა და ბალანსის თვალსაზრისით საქართველოში იგივე ვითარებაა, რაც გასულ წლებში იყო. გამარჯვებულ პარტიას ყველაფერი, დამარცხებულს არაფერი. არაფერია ასევე სხვა ოპოზიციური პარტიებისთვისაც. ამგვარ ვითარებას კახა გოგოლაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობათა და სტრატეგიის კვლევის ფონდის მკვლევარი, ტრანსფორმაციის ფაზაში მყოფი საზოგადოებისთვის დამახასიათებელს უწოდებს.

„მმართველობის პირველ წლებში მმართველ ძალას აქვს ყველაზე მაღალი რეიტინგი და სრულად ფარავს ყველა ინსტიტუტს, ასეთი ტრადიცია ჩამოყალიბდა. ანუ, ხალხი ნდობას უცხადებს ერთ პოლიტიკურ ძალას. პოლიტიკური პლურალიზმი ჯერ-ჯერობით არ მუშაობს. ელემენტარულად, რომ შევხედოთ, ნაციონალურ მოძრაობას, რომელიც მმართველი ძალა იყო და არჩევნებამდე რეიტინგი ჰქონდა 60 პროცენტი, როგორც მინიმუმ, არჩევნების წაგების შემდეგ, მისი რეიტინგი ჩამოვიდა 8-10 პროცენტამდე, როგორც საუბრობენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ხალხი, ამომრჩევლების ძალიან დიდი ნაწილი მაშინვე გადაერთო, თავისი მანდატი ჩააბარა სხვა მმართველ პარტიას. ახლა, განსაკუთრებით მცირე პოლიტიკური პარტიების საკითხი რთულადაა წარმოდგენილი. შესაძლოა, ნაციონალურმა მოძრაობამ ბარიერი გადალახოს თვითმმართველობის არჩევნებზე, მაგრამ რაც შეეხება დანარჩენ პოლიტიკურ ძალებს, მათ ნამდვილად გაუჭირდებათ დამკვიდრება პოლიტიკურ ინსტიტუტებში. გარდამავალი, ტრანსფორმაციის ფაზაში მყოფი საზოგადოებისთვის ეს დამახასიათებელია. მოსახლეობა, როგორც წესი ხმას არ აძლევს ისეთ პარტიას, ან ლიდერს, რომელსაც გამარჯვების შანსი არ აქვს, ან დაბალი შანსი აქვს. მნიშვნელობა არ აქვს, მოსწონს საზოგადოებას იგი თუ არა. მთავარია, აქვს პარტიას ან ლიდერს ძალა, თუ არა იმ იდეების განხორციელებისთვის, რაც მოწონს,“- ამბობს კახა გოგოლაშვილი.

საპრეზიდენტო არჩევნები ოქტომბრის ბოლოს გაიმართება საქართველოში.
XS
SM
MD
LG