ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აურზაური კასპში


კასპში უკვე მესამე დღეა რაც ექვსი ქალბატონი შიმშილობს ახალი გამგებელი ოლეგ იაძის გადადგომის მოთხოვნით

ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ საკადრო ცვლილებები ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციებშიც განხორციელდა. მაგალითად, კასპში ახალი გამგებელი ოლეგ იაძე მუშაობს, თუმცა დღეს უკვე მესამე დღეა რაც ექვსი ქალბატონი შიმშილობს მისი გადადგომის მოთხოვნით. ექვსივე მათგანი გუშინდელი დღიდან არა კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში, არამედ მაჟორიტარი დეპუტატის, დავით ონოფრიშვილის ოფისში აგრძელებს საპროტესტო აქციას. ადგილსამყოფელის შეცვლა მათ ინციდენტის შემდეგ მოუხდათ, რა დროსაც, ქალბატონებისავე განმარტებით, კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ოლეგ იაძემ მათი შენობიდან გამოყრის მითითება გასცა. ორ ქალბატონს, თინა გახელაძესა და ნინო მამასახლისს სხეულის სხვადასხვა არეში დალურჯებები აღენიშნებათ. ექვსივე ქალბატონი აღნიშნავს, რომ იაძე მათ შეურაცხყოფას აყენებს, მათ შორის სხვადასხვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებით და უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს, რის გამოც ყოფილი თანამებრძოლები თავს ღირსებაშელახულად მიიჩნევენ.
„თავდაპირველად ჩვენი გამოყრა დაცვას უბრძანა, თუმცა მათ ხელი არ გვახლეს, შემდეგ კი თავისმა მიყვანილმა ხალხმა მოგვკიდეს ხელი და გამოგვიყვანეს გარეთ. ვეწინააღმდეგებოდით, არ მივდევდით, ძალით გამოგვიყვანეს. სულ დალურჯებული გვაქვს ხელები“
ჩვენთან საუბრისას საპროტესტო აქციის მონაწილე მარინა მექანარიშვილი აცხადებს, რომ მათ ბევრი ადამიანი უჭერს მხარს იაძის წინააღმდეგ, რადგან იაძე ისე აგრძელებს საქმიანობას გამგებლის თანამდებობაზე, რომ არაფრად აგდებს ყოფილ თანამოაზრეებს, რომლებმაც ოქტომბრის არჩევნებამდე უაღრესად რთული პერიოდი გამოიარეს.
„ქართულმა ოცნებამ როდესაც გაიმარჯვა, გავაკეთეთ არჩევანი ჩვენი სოფლის წარმომადგენლებმა, 25 ადამიანმა, გვინდოდა თინა გახელაძის კანდიდატურა დაგვეყენებინა გამგებლის თანამდებობაზე. იქიდან გამომდინარე, რომ მანამ ყოველთვის მამაკაცს ეჭირა აღნიშნული პოსტი და არასდროს მისი მუშაობით კმაყოფილი მოსახლეობა არ იყო, გადავწყვიტეთ ქალის კანდიდატურა დაგვესახელებინა. ვთქვით, ეს პიროვნება ღირსეულია და თან ვნახოთ, იქნებ უკეთესად გაართვას თავი საქმიანობას. შევხვდით იაძეს, თავიდან პატარ–პატარა წინააღმდეგობები დაგვხვდა იაძისგან. ჩვენ ვუთხარით, თუ მაინცდამაინც ქალზეა პრობლემა, შეგვიძლია მამაკაცის კანდიდატურაც დავასახელოთო, მაგრამ იაძემ თქვა, არა, იყოს ქალი, რაკი ასე გინდათო. ოლეგ იაძე თავდაპირველად დაგვპირდა მის დანიშნას, გაამზადებინა საბუთებიც, თუმცა როდესაც ჩვენ სოფელში დავბრუნდით, აღმოჩნდა, რომ მას უკვე სხვა ადამიანი ჰყავდა დანიშნული ამ თანამდებობაზე.“
ინციდენტის მონაწილე კასპის გამგეობაში ლევან თაბორიძეცაა, რომელიც იანვარში კასპის სახანძო სამსახურის უფროსად დაინიშნა. ქართლი.გე ავრცელებს ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ თაბორიძე არ უარყოფს ინციდენტში მონაწილეობას. იგი ამბობს, რომ კანონის მიხედვით, გამგებელს უფლება ჰქონდა მოშიმშილე ქალბატონებისთვის შენობა ძალის გამოყენებით დაეტოვებინა. თაბორიძე იმასაც აღნიშნავს, რომ მომხდარი დაფიქსირდა სათვალთვალო ვიდეოკამერის მეშვეობით. „ჩვენ მათ ყველანაირად პატივი ვეცით, მივეცით გასულ ღამეს შენობაში დარჩენის უფლება, როდესაც კანონით, უფლება გვქონდა დაცვის პოლიციის მეშვეობით დაგვეტოვებინებინა შენობა, მაგრამ გავითვალისწინეთ, რომ ისინი დარჩებოდნენ ყინვაში. დილით, როდესაც მოვედი, ჩემთან ერთად მოვიდა ოლეგ იაძე, მათ უწოდეს არაკაცი და სხვა სიტყვები. მათ ვუთხარი ახლა სამუშაო საათებია და ხელს ნუ შევუშლით სამუშაო პროცესს, გავუყარე ხელკავი და გამოვიყვანე შენობიდან.“
თავად ოლეგ იაძემ ჟურნალისტებთან კონტაქტზე უარი ოფიციალურად განაცხადა. ქართლი.გე–ს რომელიც კასპის გამგებლის საქმიანობას მანამდეც დიდ ყურადღებას უთმობდა, ავრცელებს რამდენიმე დღის წინანადელ ვიდეოს, სადაც გამგებელი ამბობს: „მე იგივე კურსის გამგრელებელი ვარ, რადგან მე ვარ, ასე ვთქვათ, პატარა ბიძინა რაიონში“
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი თათული თოდუა ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს: „კანონმდებლობა არ კრძალავს შეკრებებისა და მანიფესტაციების გამართვას თვითმმართველ ორგანოებში, გამგეობებში. მანიფესტაციის ჩატარება, შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის მეცხრე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შეკრებებისა და მანიფესტაციების მოწყობა იზღუდება ისეთ შენობებში, როგორიცაა პროკურატურა, პოლიცია, პატიმრობის და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებები, სამართალდამცავი ორგანოები. ამ ჩამონათვალში თვითმმართველობის ორგანოები მითითებული არ არის. ამდენად, კანონით აკრძალულ ქმედებას კასპის მუნიციპალიტეტის შენობაში შიმშილობის მოწყობა არ წარმოადგენს. გამგეობას, ან მის ქვემდებარე ორგანოებს არ აქვთ უფლებამოსილება გამოიყენონ ძალადობა მოქალაქების წინააღმდეგ. „ძალადობაზე მონოპოლია“, ასე ვთქვათ, მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოების ხელშია.“
მოშიმშილე ექვსივე ქალბატონი შიმშილობის გაგრძელებას მაჟორიტარი დეპუტატის ოფისში მანამ აპირებენ, სანამ ოლეგ იაძის განთავისუფლების თაობაზე ზემდგომი სტუქტურები გადაწყვეიტლებას არ მიიღებენ.
XS
SM
MD
LG