ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოლაპარაკებები ჟენევაში


„ხელისუფლების გადაბარების“ ფორმატი ჟენევის დისკუსიებსაც შეეხო

ჟენევაში რიგით 21-ე მოლაპარაკება კონფლიქტურ მხარეებს შორის დღეს დასრულდება. დელეგაცია საქართველოდან არატრადიციული შემადგენლობითაა წარმოადგენილი. ეგრეთ წოდებული „ხელისუფლების გადაბარების“ ფორმატი ჟენევის დისკუსიებსაც შეეხო. სერგი კაპანაძესთან ერთად მოპალარაკებებში, ერთგვარი არაფორმალური წევრის სტატუსით მონაწილეობას კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი და გია ვოლსკი იღებენ. ორივე მათგანი კონფლიქტის თაობაზე ხელისუფლების ოფიციალური პოზიციისგან განსხვავებული შეხედულებებითა და ხედვით არის ცნობილი.

ექსპერტი კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ იმდენად, რამდენადაც ოსურ და აფხაზურ მხარეებს საკმაოდ მკაფიოდ ჩამოყალიბებული შეხედულებები და ხაზგასმულად პრაგმატული მიდგომები აქვთ ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური ურთიერთობების თაობაზე, ვინც არ უნდა იყოს ქართული მხარის წარმომადგენელი, დიდ სირთულესთან მოუწევს შეჭიდება დიალოგის პროცესში. თუმცა, ექსპერტი იმასაც დასძენს, რომ პიროვნულ ფაქტორს ურთიერთობებისას გარკვეული დადებითი როლის შესრულება შეუძლია.

კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი გია ვოლსკი ჟენევაში გამგზავრების წინ ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია თავად დიალოგის პროცესის შენარჩუნება. იგი ხაზს უსვამს ევროსტრუქტურების დამსახურებას ამ მიმართულებით.

ექსპერტი კავკასიის საკითხებში, ასევე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი მამუკა არეშიძე ამბობს, რომ ოცნების წარმომადგენლებისთვის დელეგაციაში მონაწილეობა, გარკვეულწილად, გაცნობით ხასიათს ატარებს. „შედეგზე ორიენტირებულად ამ შეხვედრას წინასწარ ვერ მივიჩნევთ. შედეგზე ორიენტირებული, ვფიქრობ, რომ მომავალი შეხვედერები უფრო იქნება,“ - ამბობს მამუკა არეშიძე.

მოლაპარაკებების პირველივე დღეს, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განცხადება გააკეთა, რომლის თანახმად, რუსეთი არავისთან არ აპირებს დიალოგში შესვლას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხების თაობაზე, რადგან მათი დამოუკიდებლობა თავად ხალხმა გადაწყვიტა.
XS
SM
MD
LG