ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვინ შეასრულებს კარნახს ფრიადზე?


ვინ შეასრულებს კარნახს ფრიადზე?

ანატოლი ბარანკევიჩი, ოპოზიციის ერთ–ერთი ლიდერი, ალა ჯიოევას გუნდის წევრი აკეთებს განცხადებას იმის თაობაზე, რომ ცხინვალში, შესაძლოა სისხლისღვრა მოხდეს და მოვლენების სამოქალაქო ომის სცენარის შესაბამისად განვითარდეს. იგი ჯიოევას წინადადებას ინაუგურაციის თაობაზე არასწორ ნაბიჯად მიიჩნევს და ამბობს, რომ უმჯობესია, ოპოზიცია 25 მარტის არჩევნებისთვის მოემზადოს, გაიმარჯვოს და ამგვარად მოვიდეს ხელისუფლების სათავეში.

ხელისუფლებისთვის ბრძოლას ცხინვალში ჯამბოლათ თედეევიც გამოეთშა. რუსეთის ფედერაციის თავისუფალი ჭიდაობის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რომელიც ოპოზიციის ლიდერად მოიაზრებოდა და ვის საპრეზიდენტო კანდიდატად დაურეგისტრირებლობამაც გამოიწვია პოლიტიკური კრიზისი დე ფაქტო ადმინისტრაციაში, თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ოპოზიციური საიტი აქვეყნებს ცნობას იმის თაობაზე, რომ ჯამბოლათ თედეევმა გადაწყვიტა პოლიტიკას თავი დაანებოს და მთელი ძალისხმევა სპორტისკენ მიმართოს. „ცოტა ხნის წინა საინიციატივო ჯგუფმა თედეევის კანიდატურა კვლავ დააყენა პრეზიდენტის პოსტზე 25 მარტის არჩევნებისთვის. თავად თედეევიც არ გამორიცხავდა არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და განმარტავდა, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე ზეწოლა კოკოითის წასვლის შემდეგ შერბილდებოდა, მისი შანსები კი, რეგისტრაციის თვალსაზრისით, გაიზრდებოდა. კანიდატურის დაყენების შემდეგ თედეევის სახლში ჩხრეკვა ჩაატარეს რუსეთის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა, თავად კი დაკითხვაზე წაიყვანეს,“– ნათქვამია ოპოზიციურ საიტზე თედეევის შესახებ. სწორედ ამ დაკითხვის შემდეგ გადაწყვიტა თედეევმა პოლიტიკას ჩამოსცლოდა.

ამასობაში კი ცხინვალში პრეზიდენტობის კანიდატები რეგისტრაციას განაგრძობენ. იმისთვის, რომ პრეტენდენტთა ნუსხაში მოხვდნენ, მათ რამდენიმე პირობა უნდა დააკმაყოფილონ: უკანასკნელი 10 წელი ცხინვალში უნდა ჰქონდეთ გატარებული და ჯეროვნად ფლობდნენ რუსულ და ოსურ, ანუ სახელმწიფო ენებს. ამ უკანასკნელ უნარს კი ცხინვალში სპეციალური ლინგვისტური კომისია შეამოწმებს. საპრეზიდენტო კანდიდატებს მოუწევთ კარნახის შესრულება, შინაარსის დაწერა და ზეპირი მიმართვის წაკითხვა ორივე ენაზე, რის შემდეგაც კანიდადატს „ჩაეთვლება“ , ან „არ ჩაეთვლება“. „ჩვენ წინააღმდეგი ვართ საგამოცდო პროცესი და შედეგები ტელევიზიით გავახმაუროთ, ამასთან, არ მინდა ამ ყველაფრისგან შოუს გაკეთება. ჩვენ პირველები არ ვართ ვინც ამდაგვარ მეთოდს მიმართა კანიდიდატების შერჩევისას. თქვენ იცით რა სიმაღლისა და მასშტაბის პოლიტიკოსია ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი. კარნახი მანაც დაწერა და სხვათა შორის, „ფრიადიც“ მიიღო. ანალოგიურად ხდება ყირგიზეთში, აფხაზეთში და სხვა ქვეყანებში,“– აცხადებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ბელა პლიევა დე–ფაქტო ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდზე. შეგახსენებთ, რომ იგი ასევე ხელმძღვანელობდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გასული წლის ნოემბერში და მანვე დაადასტურა ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვება.

XS
SM
MD
LG