ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დეგრადირებული გარემო


ვაშინგტონში ქართულ არჩევნებზე იმსჯელეს

გუშინ ვაშინგტონის კარნეგის ცენტრში საქართველოში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე იმსჯელეს. გამომსვლელები იყვნენ ანალიტიკოსი - ტომ დე ვაალი, პროფესორი მამუკა წერეთელი ამერიკული უნივერსიტეტიდან და დოქტორი კორი ველტი ჯორჯ ვაშინგტონის უნვერსიტეტიდან. მოდერატორი გახლდათ ყოფილი ელჩი საქართველოში, ბატონი რიჩარდ მაილსი.

პირველი გამომსვლელი ტომ დე ვაალი იყო.

„ვფიქრობ, საქართველოს მთავრობის დამატებითი პრობლემა მისი სისტემაა, პოლიტიკა, რომელიც დანაშაულის დამარცხებას სისასტიკის გზით ცდილობს. ზოგიერთი ადამიანი, ვინც პასუხისმგებელი იყო ციხეებზე, ამჟამად პრეზიდენტის ახლო გარემოცვაა. ესენი არიან პრემიერ მინისტრი ვანო მერაბიშვილი, რომელიც საპატიმროებზე პასუხისმგებელი იყო 2008 წლამდე, იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი და ასევე სასჯელსაღსრულების ყოფილი მინისტრი - დიმიტრი შაშკინი, რომელიც ახლა თავდაცვის მინისტრია. ასე რომ, საკმაოდ მაღალი დონის ხალხია პასუხისმგებელი ციხეებში არსებულ ვითარებაზე.“

ტომ დე ვაალმა საარჩევნო ვითარებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ორივე მხარეს თავისი ამომრჩეველი ჰყავს. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა უფრო მეტად ეყრდნობა საჯარო მოსამსახურეებს, პოლიციას, არმიას და ეთნიკურ უმცირესობებს სამცხე ჯავახეთსა და ქვემო ქართლში. ბიძინა ივანიშვილის კოალიციის ძირითადი დასაყრდენი კი ეს არის ქალაქი თბილისი სადაც მოსახლეობას აღარ სურს ერთპარტიული მმართველობა და უნდა პოლიტიკური სივრცის გახსნა, სადაც აღსანიშნავია, რომ წამების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებში წამყვანი როლი იკისრეს სტუდენტებმა, ასევე ივანიშვილის მომხრეები არიან ნაციონალისტურად განწყობილი ელექტორატი, განსაკუთრებით რეგიონებში და ასევე პროდასავლური მიმართულების ამომრჩეველი.

შემდეგი გამომსვლელი იყო დოქტორი კორი ველტი:

„ამ დროის განმავლობაში საქართველოს პოლიტიკურ კულტურაში თავს იჩენს პოლარიზება.ისმის ისეთი სიტყვები როგორიცაა სამოქალაქო ომი, ასევე არის საუბრები არჩევნებში და შემდგომ ოპოზიციის სრული მარცხის და განადგურების შესახებ, რაც ვფიქრობ საკმაოდ საშიში ტენდენციაა. პოლარიზაციას ბოლო პერიოდში ხელი შეუწყო მთავრობის მოქმედებებმა და პატიმრების სკანდალის შემდეგ მათ ოპოზიციისგან მიიღეს სრულია სიმეტრიული პასუხი, რაც სავსებით გასაგებია, თუმცა ეს ატარებს არასტაბილურობის ხასიათს, რაც საშიშია ორივე მხარისთვის.“

მესამე გამომსვლელი ბატონი მამუკა წერეთელი იყო.

„ხალხი ითხოვს ხელისუფლების მაღალი ჩინების გადადგომას. და არა მხოლოდ შინაგან საქმეთა მინისტრის, რომლის გადადგომაც სწორი გადაწყვეტილება იყო, თუმცა სტუდენტები ასევე ითხოვენ იუსტიციის და გენერალური პროკურორის გადადგომას და გამოძიების დაწყებას. ეს სავსებით გასაგებია, რადგან ეს არის ის ხალხი, ვინც შექმნა ეს სისტემა და იცოდნენ თუ რა ხდებოდა იქ.“

მამუკა წერეთელმა საქართველოში შექმნილ ბიზნესგარემოზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აუცილებელია ერთმანეთისგან გაიმიჯნოს კორუფცია და მექრთამეობა. მისი თქმით, მართალია საქართველოში მექრთამეობა აღმოფხვრილია, თუმცა კორუფცია კვლავ არსებობს. ბატონმა წერეთელმა ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლების მხრიდან სატელიტური თეფშების დაყადაღებამ ხელი შეუწყო საარჩევნო გარემოს გაუარესებას.

ჩვენთან საუბარში, ბატონმა კორი ველტმა აღნიშნა:

„პატიმრების წამების სკანდალის შემდეგ ხელისუფლებამ სწორი ნაბიჯები გადადგა. სამწუხაროდ ჩვენ ამის გამიჯვნა საარჩევნო ვითარებისგან არ შეგვიძლია. ამდენად არ ვიცით სხვა დროს რომ გამჟღავნებულიყო ეს ვიდეოები იგივე ნაბიჯებს გადადგამდა თუ არა მთავრობა. თუმცა, ხელისუფლების მიერ განხორციელებული ზომები პოზიტიური იყო.“

შეკითხვაზე თუ რამდენად უწყობს ხელს არსებულ საარჩევნო გარემოს ხელისუფლების რიტორიკა ბიძინა ივანიშვილის, როგორც რუსული პროექტის შესახებ, ბატონმა ველტმა აღნიშნა:

„ასეთი რიტორიკა გარკვეულწილად გასაგებია. თუმცა, ბრალდების სპეციფიურობა, შეთქმულების, ღალატის და რუსული კავშირების შესახებ, რასაკვირველია არ უწყობს ხელს ნორმალურ საარჩევნო კლიმატს. ასევე, ჩვენ მეორე მხრიდანაც გვესმის მოწოდებები ხელისუფლების დასჯის და გასამართლების შესახებ, რაც, საბოლოო ჯამში, საარჩევნო გარემოს დეგრადირებას იწვევს.“

რაც შეეხება ცესკოს გადაწყვეტილებას საარჩევნო უბნებზე მედიის არდაშვების შესახებ, კორი ველტმა განაცხადა:

„მე არ ვარ დეტალებში ჩახედული, თუმცა ბუნებრივია, რომ არსებული კანონმდებლობის შეცვლა არჩევნების წინ არ არის კარგი იდეა ნებისმიერი მიმართულებით, რადგან ბევრ ადამიანს გაუჩნდა შიში, რომ აღნიშნული ნაბჯი შეზღუდავს საარჩევნო პროცესზე დაკვირვებას.“

ხელისუფლების ბრალდებაზე ივანიშვილის პრორუსულობასთან დაკავშირებით, ტომ დე ვაალმა აღნიშნა:

„ვფიქრობ, საქართველოს საზოგადოება უფრო ნაკლებად არის ანტირუსულად განწყობილი ვიდრე საქართველოს მთავრობა. ხალხს სურს რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება ოღონდ არა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე. ამდენად, ვფიქრობ ივანიშვილის წინააღმდეგ მისი პრორუსულობის ბრალდება არცთუ ძლიერი კარტია ხელისუფლებისთვის.“

თუ როგორ ესახება არჩევნების მოსალოდნელი შედეგი, ტომ დე ვალმა აღნიშნა:

„გარემო ძალიან ცხელი და კონკურენტულია. ვფიქრობ თუკი ქართული ოცნება არჩევნებში მოიპოვებს 51 საპარლამენტო ადგილს და შექმნის კონსტიტუციურ უმცირესობას, ამ რაოდენობით შეუძლიათ ბრძოლის გაგრძელება სისტემის შიგნით. ნაკლები მანდატის მოპოვების შემთხვევაში კი ჩნდება ცდუნება, რომ ოპოზიცია ბრძოლას სისტემის გარედან გააგრძელებს.“

კომენტარების ნახვა (1)

XS
SM
MD
LG