ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოში საპროტესტო აქციები არ წყდება


ქალაქის ქუჩებში შეკრებილი ადამიანები მიიჩნევენ, რომ საოლქო საარჩევნო კომისიები შედეგებს აყალბებენ

საქართველოში საპარლამენტო არჩევნებიდან მესამე დღეს, როდესაც „ცესკოს" გამოცხადებული აქვს არჩევნების შედეგები, რომლის მიხედვით გამარჯვებული კოალიცია „ქართული ოცნებაა“, არ წყდება საპროტესტო აქციები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. ქუჩებში შეკრებილი ადამიანები მიიჩნევენ, რომ საოლქო საარჩევნო კომისიები შედეგებს აყალბებენ და გამარჯვებულად ხელისუფლების მაჟორიტარ კანდიდატებს წარმოაჩენენ. ხშირ შემთხვევაში, იმის საილუსტრაციოდ, რომ ხმის მიცემის შედეგები შეცვლილია, აქციის მონაწილეები წარმოადგენენ შემაჯამებელ ოქმებს, რომლებზეც ბეჭდითა და ხელმოწერით დამოწმებული განსხვავებული შედეგებია დაფიქსირებული.

დღეს იმდენად დაიძაბა ვითარება ზუგდიდში, რომ იქ ამერიკის ელჩი, რიჩარდ ნორლანდი პირადად ჩავიდა. ზუგდიდში, საოლქო საარჩევნო კომისიის წინ შეკრებილ „ქართული ოცნების“ მომხრეებს, რომლებიც გამარჯვებულად ირაკლი ალასანიას მიიჩნევენ, თავად კანდიდატმა მიმართა და სთხოვა დადიანების სახლ-მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე გადანაცვლება და აქციის იქ გაგრძელება. სწორედ იქ მივიდა ამერიკის ელჩი რიჩარდ ნორლანდი. მან განაცხადა, რომ აქციაზე იმყოფება, როგორც დამკვირვებელი და დასძინა:

„ეს შესანიშნავი კვირა იყო საქართველოს ისტორიაში, დემოკრატიული არჩევნების შედეგად შეიცვალა ხელისუფლება, მაგრამ პროცესი არ დასრულებულა. საოლქო საარჩევნო კომისიები აგრძელებენ მუშაობას. საერთაშორისო თანამეგობრობის მრავალ წევრთან ერთად ვაკვირდებოდი ამ არჩევნებს და აქაც დამკვირვებლის სტატუსით ვიმყოფები. რატომ სამეგრელო?! იმიტომ, რომ ეს სპეციფიკური რეგიონია და აქ სპეციფიკური დინამიკაა. ჩვენი მიზანია, უზრუნველვყოთ, რომ როგორც მშვიდობიანი ტრანსფორმაციით დაიწყო ეს კვირა, ასევე დასრულდეს. მნიშვნელოვანია, რაც აღნიშნა ირაკლი ალასანიამ, რომ საოლქო კომისიებში პარტიების წარმომადგენლებმა და პროფესიონალებმა გააგრძელონ მუშაობა შიშისგან თავისუფალ გარემოში. მთელი მსოფლიო უყურებს საქართველოს და იმედი აქვს, რომ ეს პროცესი მშვიდობიანად დასრულდება. უმნიშნელოვანესია, რომ შედეგებზე არსებობული დავა განხილული იყოს სამართლებრივად. როგორც პრეზიდენტმა ობამამ და სახელმწიფო მდივანმა კლინტონმა განაცხადეს, ჩვენ ვულოცავთ ქართველ ხალხს. მე გასულ კვირასაც ვიყავი ზუგდიდში და ისევ სიამოვნებით ჩამოვალ ხელახლა.”

აქციიდან ამერიკის ელჩმა საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში გადაინაცვლა.

დღის მანძილზე ხმაურია საოლქო საარჩევნო კომისიებთან ამბროლაურში, სიღნაღსა და ხაშურშიც. ამის თაობაზე დღეს ბრიფინგი გამართა „ცესკოს" წარმომადგენელმა, ეკა აზარაშვილმაც. მისი თქმით, „ცესკოს" თანამშრომლებს საშუალება არ აქვთ ნორმალურ ვითარებაში მუშაობის და ადგილი აქვს მათზე ზეწოლას აქციის მონაწილეების მხრიდან.

განცხადება დღეს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული კოალიციის, „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმაც გააკეთა. მან ისაუბრა იმის თაობაზე, რომ ქუჩებში აქციები უნდა შეწყდეს და პროცესმა სასამართლოებსა და „ცესკოს" შენობებში გადაინაცვლოს.

საგანგებო ბრიფინგი უშიშროების საბჭოს მდივანმა, გიგა ბოკერიამაც გამართა. ეს იყო ერთგვარი პასუხი „ქართული ოცნების“ წინადადებაზე, რომელიც გუშინ გაჟღერდა. კოალიციამ განაცხადა ხელისუფლებასთან საკონსულტაციო ჯგუფის შექმნის შესახებ, რომელშიც შედიან ირაკლი ალასანია, დავით უსუფაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი. გიგა ბოკერია დიალოგისთვის მზადყოფნას ადასტურებს და ამბობს: „ჩვენი მხრიდან, იმ ჯგუფში, რომელიც არჩევნებში გამარჯვებულ პოლიტიკურ ძალასთან დიალოგს წარმართავს, შევლენ დავით ბაქრაძე, გიგი უგულავა, პავლე კუბლაშვილი და მე. ვიმედოვნებ დიალოგი უახლოეს მომავალში დაიწყება და ბუნებრივია საზოგადოება იქნება ინფორმირებული მისი მიმდინარეობის თაობაზე.“

ამ დროისთვის „ცესკოს" მიერ წარმოდგენილი ოფიციალური შედეგები ასე გამოიყურება: 54 პროცენტი აქვს „ქართულ ოცნებას“, 40 კი - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.
XS
SM
MD
LG