ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ექვთიმე თაყაიშვილი, ერისკაცობის ეტალონი


Georgia, Ekvtime Takaishvili

იუნესკოს ეგიდით 2013 წელი ექვთიმე თაყაიშვილის საიუბილეო წლად გამოცხადდა

16 იანვარს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და საპატრიარქოს ორგანიზებით დიდი ქართველი მეცნიერის ექვთიმე თაყაიშვილის დაბადების 150 წლისთავთან დაკავშირებით საიუბილეო კონფერენცია გაიმართა. იუნესკოს ეგიდით 2013 წელი ექვთიმე თაყაიშვილის საიუბილეო წლად გამოცხადდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა ილია მეორემ აღნიშნა, რომ წმინდა სინოდმა ექვთიმე თაყაიშვილი 2002 წელს წმინდანად შერაცხა:
”ექვთიმე თაყაიშვილმა შეუნახა საქართველოს მომავალ თაობებს ის სულიერი და მატერიალური განძი, რომელიც ღმერთმა მიანდო მას”.
ექვთიმე თაყაიშვილის სახელი საუკუნეებს გაუძლებს და ჩვენი მომავალი თაობებისთვის ზნეობის მაგალთი იქნება,- განაცხადა კონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა:
” მან მოახერხა და დაიცვა ბოლშევიკებისგან ჩვენი საგანძური. კარგად მოგეხსენებათ, როგორ გაჭირვებაში ცხოვრობდა ის წლების განმავლობაში, საკმარისი იყო ხელყოფა ოდნავ მაინც ერთი ნივთისთვის და მას შეეძლო ადამიანურად ეცხოვრა. მან ეს არ იკადრა, მან ამით აჩვენა, რა არის პატიოსნება და რა არის ერისკაცობა. ზუსტად ეს არის ის, რაც ჩვენ გზას გვინათებს დღეს და გვასწავლის, როგორი უნდა იყოს ერისკაცი. მე ვფიქრობ, რომ საუკუნეების განმავლობაში იქნება მანათებელი ჩვენი ერისთვის. თუ როგორ უნდა გვიყვარდეს სამშობლო, როგორ შეიძლება თავი გადადო საკუთარი სამშობლოსათვის. ვფიქრობ, რომ საუკუნეების განმავლობაში გაუძლებს მსგავსი ადამიანების ღვაწლი. დიდი პატივი მივაგოთ და მომავალ თაობებს გადავცეთ ასეთი ეტალონური ერისკაცობა”.
პოეტ რეზო ამაშუკელის თქმით საქართველოს თავგანწირული შვილები დღესაც ჰყავს:
”ვინც მიცნობს იცის, რომ მე რევერანსების გამკეთებელი კაცი არ ვარ და ვერც იმას დამაბრალებს ვერავინ, რომ ვინმეს ვეპირფერები. მე ჭეშმარიტად მიმაჩნია, რომ დღეს ყველაზე თავგანწირული ქართველი არის ივანიშვილი. რომელმაც გადადო ყველაფერი, სიცოცხლის ფასიც კი თავისი ოჯახის. შეეძლო მშვიდად ეცხოვრა, მაგრამ ადუღებულ კუპრში ჩარგო თავი. მწყინს, რომ მის გარშემო რამდენიმე ღობეზე გადამფრენი ფარშევანგებიც ჩანან, რომლებსაც უყივლიათ ყოველთვის. მთელი უბედურება იმაშია, რომ ასეთი ფარშევანგები ყოველ დროს ახერხებენ მეფის კარის ბაღში გოგმანს. პირდაპირ ვაცხადებ, რომ მიუხედავად ჩემი უდიდესი პატივისცემისა ბატონი ბიძინას მიმართ, რომელმაც ჭეშმარიტად იხსნა საქართველო სამუდამო გაუბედურებისგან, თუ ქართულ ოცნებას სხვა ოცნებები გაერევა და ამის სიმპტომები არის უკვე, მე ვიქნები მისი პირველი კრიტიკოსი. და კიდევ ერთი, 1 ოქტომბერს რაც ჩვენ მოვიპოვეთ, ამის დაკარგვის უფლებას არავის მივცემ. მე ჩამოვაყალიბე ორგანიზაცია ”ლაზარე”, 1 ოქტომბერს საქართველო წამოდგა ფეხზე და ამას პატრონობა სჭირდება. ჩვენ ვიცავთ ჩვენს სარწმუნოებას, ჩვენს მენტალიტეტს, ჩვენს ფსიქოლოგიას, ჩვენს წარსულს, ჩვენს ენას, დედაეკლესიას, კათოლიკოს. არავის არ ვებრძვით”.
აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა კონფერენციაზე ექვთიმე თაყაიშვილის ბიოგრაფიის სხვადასხვა ეპიზოდები გაიხსენა. შეიძლება ბევრ ადამიანს არ ახსოვდეს, რომ 1953 წელს ექვთიმე თაყაიშვილს უკანასკნელ გზაზე მხოლოდ 40 ადამიანი აცილებდა. პროფესორი, ”დემოგრაფთა ასოციაციის” პრეზიდენტი ვაჟა ლორთქიფანიძე გვესაუბრება:
”ამერიკის ხმა” - ალბათ ყველას გულზე მოხვდა , ვინც ამ ფაქტის შესახებ არ იცოდა, რომ მხოლოდ და მხოლოდ 40 ადამიანი აცილებდა ექვთიმე თაყაიშვილს. ასეთი შიში იყო? თქვენი აზრით დღევანდელობასთან შეიძლება რაიმე პარალელების გავლება?
ვაჟა ლორთქიფანიძე - დღევანდელობასთან არა, მაგრამ გუშინდელობასთან კი. ზუსტად იგივე სიტუაცია იყო ოქტომბარდე საქართველოში, ინერგებოდა ბოლო წლების მანძილზე შიში და საკმაოდ დათრგუნული იყვნენ ადამიანები ამ შიშის გამო. ძლიერი რეპრესიებიც იყო, ბოლო 8-9 წლის მანძილზე სწორედ ასეთივე ატმოსფერო გამოიარა ჩვენმა საზოგადოებამ, მათ შორის მეცნიერებმა სწორედ ასეთი პერიოდი გამოიარეს. თქვენ ალბათ გახსოვთ, გაგახსენებთ, როდესაც 5-6 წლის წინ რობერტ სტურუას კითხეს უცხოეთში ”რა არის, რაც თქვენ გეჩვენებათ საქართველოში რომ შეიცვალა”, მან სწორედ ეს უპასუხა, რომ საქართველოში არის დიდი შიში. იყო ეს დიდი შიში საქართველოში სამწუხაროდ. საბედნიეროდ ახლა უკვე ეს შიში ჩემი აზრით დაძლეულია და ღმერთმა ქნას, რომ ეს საბოლოო იყოს”.
”ექვთიმე თაყაიშვილის მსგავსი ადამიანები ძალიან იშვიათად იბადებიან”- ამბობს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფესორი ელიზბარ ჯაველიძე:
”რაც შეეხება მეცნიერებას, ვფიქრობ რომ აკადემიის წევრები არიან თავდადებული ხალხი, რომელთაც შიოდათ, წყუროდათ, ციოდათ და მაინც თავის საქმეს აკეთებდნენ. დღესაც აკადემიის ინსტიტუტებში განყოფილების გამგის ხელფასი არის 120-140 ლარი, ეს არის ტრაგედია, რა თქმა უნდა, მაგრამ მთელი ბედნიერება ჩვენი ის არის, რომ ბუნებით დაბადებული მეცნიერი ამ მატერიალურ მდგომარეობას არ არის გამოკიდებული. მას უფრო სულიერი ცხოვრება, სულიერი სამყარო აინტერესებს”.
XS
SM
MD
LG