ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გიორგი ანწუხელიძე - 18 აგვისტო ეროვნული გმირის დაბადების დღეა


2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ეროვნული გმირი, გიორგი ანწუხელიძე დღეს 36 წლის გახდებოდა.

ანწუხელიძემ, აგვისტოს ომში, საქართველოს დასაცავად თავი გმირულად გაწირა. რუსმა ჯარისკაცებმა ის დაატყვევეს და წამებით მოკლეს.

თავდაცვის სამინისტროს ონფორმაციით, უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, მოწინააღმდეგეებმა დაატყვევეს. იგი წამების შემდეგ, ცხინვალის მეხუთე სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს. მისი წამების ამსახველი ვიდეოკადრები, რომელიც მობილური ტელეფონითაა გადაღებული, ინტერნეტსივრცეში 2009 წლის იანვარში გავრცელდა. უმცროსი სერჟანტი ანწუხელიძე, 2008 წლის ნოემბრამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, ვიდრე მისი ვინაობა ქართული მხარისათვის გადმოცემული სამხედრო მოსამსახურეთა ცხედრების გენეტიკური ექსპერტიზით არ დადგინდა.

საქართველოშო დღეს მის ხსოვნას პატივს მიაგებენ. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, წალკაში ვიზიტისას, ეროვნული გმირის შესახებ ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

"დღეს ჩვენ ყველამ ერთად აუცილებლად უნდა გავიხსენოთ და ქედი მოვიხაროთ საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის წინაშე. დღეს მისი დაბადების დღეა. ეს ის ადამიანია, რომელმაც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აჩვენა გმირობის, თავდადების და თავგანწირვის უმაღლესი ხარისხი. ჩვენი მოვალეობაა და ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ ისე გავაგრძელოთ ცხოვრება და შრომა, რომ თავგანწირვა არცერთ ქართველს, მომავალში, არ დასჭირდეს და ჩვენ ისე აღვადგინოთ და გავამთლიანოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, რომ მხოლოდ შრომა მოგვიწიოს. ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი მიზანი“ - განაცხადა გახარიამ.

2013 წელს, მას ეროვნული გმირის წოდება მიანიჭეს. გმირულად სიკვდილის შემდეგ, ის დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით "სამშობლოსათვის თავდადებული". ანწუხელიძის სახელს ატარებს სერჟანტთა აკადემია და გორში ის ქუჩა, სადაც ძირითადად იძულებით გადაადგილებული პირები ცხოვრობენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG