ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო "სუამის" თავმჯდომარე გახდა


ნიკოლოზ ვაშაკიძე-" საქართველო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ იყოს ღირსეული თავმჯდომარე"

2013 წლის 1 იანვრიდან საქართველო გახდა სუამის თავმჯდომარე ქვეყანა. საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე საქართველომ 2013 წლისთვის ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ჩაიბარა და წევრ სახელმწიფოებს - უკრაინას, აზერბაიჯანს და მოლდოვას თავმჯდომარეობის პროგრამა წარუდგინა. სუამის თავმჯდომარეობა საქართველომ აზერბაიჯანისგან გადაიბარა, რომელიც ორგანიზაციას 2012 წლის 1 იანვრიდან ხელმძღვანელობდა.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნიკოლოზ ვაშაკიძის განცხადებით საქართველო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ იყოს ღირსეული თავმჯდომარე:

” იმედი გვაქვს საქართველო იქნება ,ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის , ღირსეული თავმჯდომარე. 2013 წელი ჩვენი თავმჯდომარეობით, ასევე წევრი ქვეყნების აქტიური მონაწილეობით, იქნება წარმატებული. თანამშრომლობა მიმდინარეობს მაღალ სფეროში, არსებობს 8 სამუშაო ჯგუფი მაგალითად ისეთ სფეროებში, როგორც ენერგეტიკა, ტერორიზმთან ბრძოლა, ვაჭრობა, ტურიზმი და ა.შ. საინტერესო სიახლეებია გვაქვს ასევე პერსპექტივების თვალსაზრისით სოფლის მეურნეობის სფეროში”.

ექსპერტი ანდრო გაბისონია ამბობს,რომ სუამი-ის თავმჯდომარეობა საქართველოსთვის დამატებითი პასუხისმგებლობაა:
” მითუმეტეს ისეთ ორგანიზაციაში, როგორიც არის სუამი. რა თქმა უნდა , მოგვეთხოვება უფრო მეტი პასუხისმგებლობა, უფრო მეტი ინტეგრირება დასავლურ სტრუქტურებში. გაერომ მიიღო დადგენილება, რომ სუამის დადგენილებებს უკვე განიხილავს როგორც ოფიციალურ საბუთებს. ეს არის ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი, ამიტომ ეს კიდევ უფრო ამაღლებს ამ ორგანიზაციის სტატუსს”.

საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკის თქმით ორგანიზაციის მიმართულებები და პრიორიტეტები იგივე დარჩება:

” თუმცა ჩვენ ვაპირებთ გაფართოებას, სუამს აქვს მჭიდრო კავშირები იაპონიასთან , აშშ-თან, ჩვენ ვეცდებით კიდევ უფრო გავაფართოვოთ მუშაობა. ეს შეეხება, მაგალითად სამხრეთ კორეასთან ურთიერთობას, რომელიც უნდა გახდეს სუამის ახალი პარტნიორი. ამ ორგანიზაციის პრიორიტეტები და მიმართულებები იგივე რჩება, უბრალოდ უნდა გაფართოვდეს თანამშრომლობა არა მარტო საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, არამედ დარგობრივი სამინისტროებისა და საპარლამენტო ჯგუფების დონეზეც”.

თუ მიუძღვის სუამს წვლილი საქართველოს კონფლიქტების მოგვარებაში?
ამ ორგანიზაციის ძირითად მისიას ეკონომიკური კავშირების განვითარება წარმოადგენს, - ამბობს ექსპერთი თავდიცვისა და უსაფრთხოების საკითხებში ირაკლი მჭედლიშვილი:

” სუამი, როგორც ორგანიზაცია შეიქმნა უფრო ეკონომიკური მიზნებით , რომელიც კავკასიის გავლით დააკავშირებდა ევროპისა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოებს . იყო იდეები მანდატის გაფართოების შესახებ, თუმცა ძირითადი მისია ამ ორგანიზაციის არის ეკონომიკური კავშირების განვითარება.
ამერიკის ხმა: ვიცით, რომ აზერბაიჯანიდან საქართველო ღებულობს გაზს, რა კავშირები გვაქვს უკრაინასთან და მოლდოვასთან?
ირაკლი მჭედლიშვილი: პირველ რიგში ამ კავშირს აქვს ეკონომიკური, საკომუნიკაციო მაგისტრალის დატვირთვა, უნდა ამუშავებულიყო მიმოსვლა, ტვირთბრუნვა, დაახლოებით როგორც ტრასეკა ცენტრალურ აზიასა, ევროპას და კავკასიას შორის, თუმცა ამ კავშირში გაერთიანებულნი არიან ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, მოლდოვა, საქართველო , უკრაინა , აზერბაიჯანი. რაღაც ეტაპზე იყო უზბეკეთიც. რაც შეეხება ეკონომიკურ კავშირებს და მოგებას ამ კავშირიდან.. საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ეს ცნობილი, ეს არის ძირითადად ენერგეტიკის სფერო, მაგრამ მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება ეს ურთიერთობები. არის უამრავი ჩვეულებრივი მოხმარების საქონელი , რომელიც გადის საქართველოდან, მაგალითად მინერალური წყლები და ა.შ. ასევე ვღებულობთ სხვადასხვა საქონელს აზერბაიჯანიდან.

რაც შეეხება უკრაინას, ვიცით საქონლის დიდი სეგმენტი, რომელსაც მოიხმარს საქართველო, ფართო მოხმარების საქონელი არის უკრაინული, რუსულს უძახიან ხშირად. დაწყებული საკვები პროდუქტით. მაგრამ გარდა ამისა არის მაკროეკონომიკური კავშირებიც. რაც შეეხება მოლდოვას, აქ ტვირთგაცვლა ისეთი დიდი არ არის, მაგრამ როგორც გითხარით, ამას საბოლოო ჯამში აქვს სატრანსპორტო კომუნიკაციის დატვირთვა”.

შეგახსენებთ, სუამ-ი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1997 წლის 10 ოქტომბერს სტრასბურგში ევროპის საბჭოს სამიტის მსვლელობისას დაფუძნდა.ორი წლის შემდეგ 1999 წელს ორგანიზაციას უზბეკეთი შეუერთდა, თუმცა უზბეკეთმა 4 წლის შემდეგ სუამი დატოვა.
XS
SM
MD
LG