ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბათუმში ტურისტების რაოდენობა გაიზარდა


ბათუმში ტურისტების რაოდენობა გაიზარდა

ბათუმში ტურისტების რაოდენობა წელს სავარაუდოდ 1.4 მილიონი ადამიანი იქნება. ეს რაოდენობა 2005 წლის მაჩვენებელს 10-ჯერ აღემატება. ბათუმი შავი ზღვის სანაპიროზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დასასვენებელი ადგილი ხდება. ამერიკის ხმის მოსკოვის ბიუროს ხელმძღვანელი ჯეიმს ბრუკი საქართველოდან გვატყობინებს.

ბათუმი 15 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს თურქეთის საზღვართან. საბჭოთა კავშირის დროს, სასაზღვრო ზოლი ჩაკეტილი ზონა იყო. დღეს თურქეთის, ირანის, უკრაინის, ისრაელის, სომხეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეები უვიზო რეჟიმის წყალობით, საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე დასასვენებლად უპრობლემოდ ჩადიან.

ცოტა ხნის წინ, ირანმა ბათუმში, ევროპის მოედანზე, საკონსულო გახსნა. საკონსულო ბათუმის პორტთან ახლოს მდებარეობს, სადაც ამერიკის საზღვაო ძალების გემებიც რეგულარულად შედიან.

უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, კრუიზების რაოდენობა ბათუმში 5-ჯერ გაიზარდა, ხოლო აეროპორტი, რომელიც ცოტა ხნის წინ თურქულმა კომპანიამ ააშენა, უკვე 11 ქალაქიდან ღებულობს დამსვენებლებს.

ტურისტების შედინებასთან ერთად, მოიმატა სასტუმროების ცნობილი ქსელების ობიექტებმაც. მაგალითად, შარშან შერატონი აშენდა, წელს კი რედისონი.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე ამბობს, რომ ათასობით ნომიერი სხვადასხვა სასტუმროებში ჯერ ისევ დასამთავრებელია:

„გასულ წელს აქ შერატონი გაიხსნა, წელს რედისონი, მომავლისთვის ჰილტონი, კემპინსკი და ჰოლიდეი ინი გვაქვს დაგეგმილი. ორ-სამ წელიწადში სასტუმროების მინიმუმ 10 ქსელი იქნება აქ წარმოდგენილი, თუმცა არც ეს იქნება საკმარისი.“

ქალაქში მთავრობამ 700 პალმის ხე დარგა და სანაპირო ბულვარი 7 კილომეტრით გააგრძელა. რამდენიმე მიმდინარე სამშენებლო პროექტი მოიცავს აკვარიუმს, კუბის ფორმის საგამოფენო ცენტრს და პირამიდის ფორმის სასტუმროს დაკიდებული ბაღებით.

საქართველოს ერკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ვერა ქობალიას ინვესტორების მოზიდვა და საქართველოში სამუშაო ადგილების შექმნა ევალება. მისი თქმით:

„როდესაც ინვესტორები ბათუმში ჩამოდიან, ამბობენ, რომ ქალაქი ისე ვითარდება, როგორც დუბაი და სინგაპური ვითარდებოდა. ისინი ბათუმში ბევრ მსგავსებას ხედავენ. ჩვენ თვითონ არ ველოდით ინვესტიციების ასეთ რაოდენობას ბათუმში.“

ბათუმის წარმატების ამბავმა ნიუ იორკამდეც ჩამოაღწია და ამერიკელმა ინვესტორმა დონალდ ტრამპმა ბათუმში 52 სართულიანი, ეგრეთ წოდებული, ბათუმის ტრამპის კოშკის აშენება გადაწყვიტა.

ბათუმზე ყურადღების გამახვილების მიზნით, ქალაქში არაერთი მასშტაბური კონცერტი გაიმართა. მაგალითად, ცოტა ხნის წინ იქ ბრიტანელი მომღერალი სტინგი და ესპანელი პოპ ვარსკვლავი ენრიკე იგლესიასი ჩავიდნან.

ჯეიმს ბრუკის მოწოდებულ სიუჟეტს ქართული რედაქცია ახმოვანებდა.

იხილეთ ფოტოები, რომლებიც თანმხლებმა პოტორეპორტიორმა იული ვიკსმა გადაიღო.

XS
SM
MD
LG