ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სოფლის მეურნეობის რეაბილიტაცია კახეთის 4 სოფელში


Surplus Swells Australia's Massive 'Wine Lake'
Surplus Swells Australia's Massive 'Wine Lake'

პროექტი 15 აგვისტოს გერმანიის საელჩოს დაფინანსებით დაიწყო

არასამთავრობო ორგანიზაცია - „ქეა საერთაშორისო კავკასიაში" განაგრძობს კახეთში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დახმარებას „სოფლის მეურნეობის რეაბილიტაცია კახეთის ოთხი სოფლისთვის” პროექტის ფარგლებში. პროექტი 15 აგვისტოს, გერმანიის საელჩოს დაფინანსებით დაიწყო. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩომ პროექტისთვის 50,000 ევრო (100,920 ლარი) გამოყო.

პროექტის ხელმძღვანელის, ვახტანგ ფირანიშვილის თქმით, პროექტი მიზნად ისახავს 2012 წლის 19 ივლისს სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარებას გურჯაანის რაიონის 4 სოფელში, თუმცა მისივე თქმით, რეალურად მსგავს დახმარებას კახეთის 35 დასახლული პუნქტი საჭიროებს:

„ხდება ოთხივე სოფელში ზარალის ინდეფიცირება და ალტერნატიულ კულტურებზე მუშაობა, რაც საშუალებას მისცემს ფერმერებს კიდევ ერთი მოსავალი აიღონ, სანამ ზამთრის ცივი დღეები დადგება, ან დათესონ სხვა კულტურები, მაგალითად, ქერი და ხორბალი, რომლის მოსავალს მაისი-ივნისისთვის მიიღებენ."

ამერიკის ხმა: სიტუაცია როგორი იყო?

ვახტანგ ფირანიშვილი: ამ ოთხივე სოფელში, ძირითადად, განადგურდა ვენახები და ატმის ბაღები.ზუსტად აგვისტო-სექტემბრისთვის ელოდებოდნენ ფერმერები შემოსავალს. შემდეგ, როგორც წესი, ამ შემოსავლის ნაწილის რეინვესტირება ხდებოდა ხოლმე მარცვლეულ კულტურებში. შესაბამისად, რადგან ეს მოსავალი მთლიანად დაკარგეს, თანხა ფიზიკურად აღარ აქვთ და ძალიან ბევრი დიდ ვალებში და კრედიტებშია გადავარდნილი. ამიტომ პროექტი ეხმარებათ მათ თითქოს თავიდან დაიწყონ ეს ციკლი და მეტნაკლებად დადგნენ ფეხზე.

პროექტი ითვალისწინებს გურჯაანის რაიონის სოფლებში - ვაზისუბანში, კალაურში, შაშიანში და ვაჩნაძიანში ასობით ფერმერისთვის სოფლის მეურნეობის საკითხებში კონსულტაციების ჩატარებას და ამავე თემაზე შედგენილი სპეციალური ლიტერატურის დარიგებას.

პროექტი დაზარებულებს დაეხმარება დაზიანებული მოსავლის გადარჩენასა და სტიქიის შედეგად გამოწვეული ზარალის შემცირებაში, ხეხილის ბაღებისა და დაზიანებული ნაკვეთების გასუფთავებაში, უზრუნველყოფს ფერმერებს თესლით და სასუქით, რაც მათ საშუალებას მისცემს ზიანი შეამცირონ და ახალი მოსავალი მიიღონ, - ამბობს ვახტანგ ფირანიშვილი.

ვახტანგ ფირანიშვილი: მაგრამ აქ არის მთელი რიგი პრობლემები, გრძელვადიან მიდგომაზეა საუბარი. რასაც მთავრობა აკეთებს ძალიან მოკლევადიან პერსპექტივაზეა გათვლილი -- მოაწესრიგონ სახურავი, შეწამლონ ვენახი ან ატამი. ჩვენ რასაც ვაკეთებთ, გრძელვადიანი პერსპექტივებია, ფიზიკურ გადარჩენაზეა ვენახების, ატმის ბაღების და ზოგადად სწავლებაზეა. ასევე, იმაზე, თუ როგორ უნდა დაიცვან ფერმერებმა თავი მომავალში ასეთი უბედურებებისგან.

ამერიკის ხმა: როგორ უნდა დაიცვან?

ვახტანგ ფირანიშვილი: არსებობს მთელი რიგი ღონისძიებები - ცოტა ძვირადღირებულია - მაგალითად, არის ტექნოლოგია, როცა ხდება ბაღის თუ ვენახების ბადით გადახურვა, რაც იცავს სეტყვისგან.

ამერიკის ხმა: უცხოეთში აკეთებენ ამას?

ვახტანგ ფირანიშვილი: დიახ, თუმცა აქაც არის ამის საშუალებები, უბრალოდ ინვესტირებასთან და თანხებთან არის დაკავშირებული.

ასევე ვასწავლით, მინიმუმ რა შეიძლება გააკეთონ თუ მოვიდა სეტყვა და გააფუჭა მოსავალი. ძალიან ბევრმა ფერმერმა, მაგალითად, მთავრობისგან მიიღო სასუქიც და პესტიციდებიც, მაგრამ რეალურად არ გამოიყენა, ან არ იცოდა როგორ გამოეყენებინა.

სოფლის მეურნეობის კონსულტაციის სახით არის დეფიციტი - ეს პრობლემა არა მარტო კახეთშია, მთელი საქართველოს მასშტაბით არის ასეთი სიტუაცია. ჩვენი პროექტი ცდილობს ასწავლოს ფერმერებს და აუხსნას კონკრეტულად როდის, სად და რა დოზით უნდა გამოიყენონ წამლობა თუ სასუქი, თუ კვება მოახდინონ მცენარეების, რათა ისინი უფრო გამძლეები გახდნენ სეტყვის წინააღმდეგ. თუ, სიტყვაზე 1 ჰექტარზე უნდა მიიღონ 10-15 ტონა, იღებენ ამის მეოთხედს.

რაც დღესდღეობით ხდება საქართველოს სოფლის მეურნეობაში, ამას სოფლის მეურნეობა არ ჰქვია. ეს არის თვითგადარჩენაზე მიმართული ღონისძიება, რომელიც ასულდგმულებს ფერმერს, მაგრამ რეალურად ამის კომერციალიზაცია ვერ ხდება ბევრი ფაქტორის გამო. მათ შორის ერთ-ერთია არასწორი პრაქტიკის გამოყენება.

წარმოიდგინეთ სიტუაცია -- ფერმერი აკეთებს ინვესტირებას 1 ჰექტარ ატმის ბაღში. 400-500 ძირი ხე ირგვება 1 ჰექტარზე. იმ შემთხვევაში, თუ ფერმერი თავიდანვე სწორად დაგეგმავს და სწორად მოუვლის ბაღს, ამ ბაღის სიცოცხლისუნარიანობა არის 22-25 წელი. საქართველოს პირობებში ეს მუშაობს 12, მაქსიმუმ 15 წელი. ანუ, არასწორი პრაქტიკის, თუ უცოდინარობის გამო, რასაც ქართველი ფერმერი იყენებს ბაღის მოვლაში, მისი ექსპლუატაციის ვადა მცირდება. შესაბამისად, 12-15 წლის მერე თავიდან უწევს რეინვესტირების გაკეთება და ვერ იღებს იმ შემოსავალს, რაც უნდა მიიღოს.

ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს ვიმუშაოთ 35-ვე სოფელში, მთლიანად რეგიონის მასშტაბით. მაგრამ სამწუხაროდ, ეს არის რესურსებთან დაკავშირებული. თუმცა, დონორების დაინტერესების შემთხვევაში, „ქეას” აქვს ექსპერტიზა და საშუალება, რომ ამ მიდგომების გავრცელება მოხდეს სხვა სოფლებშიც რასაც ამ 4 სოფელში ვაკეთებთ.
XS
SM
MD
LG