სახელმწიფო დეპარტამენტის დიპლომატმა წარმომადგენელთა პალატის წევრებს დახურულ კარს მიღმა გამართულ მოსმენაზე განუცხადა, რომ თეთრი სახლი უკრაინის მიმართ პარალელურ პროცესს აწარმოებდა და რომ ის უკრაინის პოლიტიკას ჩამოაშორეს.
ჯორჯ კენტის, ევროპის და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო დეპარტამენტის მეორე მდივნის თანაშემწის ჩვენების შესახებ განცხადება დემოკრატმა კონგრესმენმა ჯერალდ კონოლიმ გააკეთა.
კონოლი კენტს ციტირებს და ამბობს, რომ უკრაინის მიმართ პოლიტიკას „სამი მეგობარი“ ედგა სათავეში და რომ 23 მაისის შეხვედრაზე, თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მიკ მალვენიმ მათ მისცა უკრაინის საკითხებზე მუშაობის დავალება. კენტმა, კანონმდებლების თქმით, ეს მოქმედება და ასევე, მისი "ჩამოშორება" უკრაინის პოლიტიკისგან, „არასწორად“ შეაფასა.
კონოლის თქმით, კენტი „სამ მეგობარში“ ენერგეტიკის მდივანს რიკ პერის, ევროკავშირში აშშ-ის ელჩს გორდონ სონლენდს და ამერიკის ახლა უკვე ყოფილ დესპანს უკრაინის მოლაპარაკებების საკითხებში კურტ ვოლკერს გულისხმობდა. კონოლის თქმით, კეტმა საკუთარ ჩვენებაში აღნიშნა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინას დახმარება შეუჩერა პრეზიდენტ ზელენსკიზე ზეწოლის პარალელურად, რომ გამოეძიებინა ტრამპის პოლიტიკური ოპონენტ ჯო ბაიდენი და მისი შვილი. „ისინი თავს „სამ მეგობარს“ უწოდებდნენ“, - ციტირებს კენტს კონოლი. თუმცა, თავად კენტს თავად აღნიშნულ საკითხებზე საჯარო განცხადება არ გაუკეთებია.
უკრაინის სკანდალი მას შემდეგ დაიწყო, რაც პრეზიდენტ ტრამპის და უკრაინის პრეზიდენტის ზელენსკის 25 ივლისს შემდგარი სატელეფონო საუბარი ანონიმური საჩივრის საბაბი გახდა, რომლის საფუძველზეც წარმომადგენელთა პალატაში საიმპიჩმენტო გამოძიება დაიწყო. პრეზიდენტი ტრამპი ბრალდებებს უარყოფს და დემოკრატების მიერ მართულ წარმომადგენელთა პალატას „კუდიანებზე ნადირობაში“ ადანაშაულებს.
ორშაბათს, თეთრი სახლის ყოფილმა თანამშრომელმა, ფიონა ჰილმა წარმომადგენელთა პალატის გამომძიებელს განუცხადა, რომ ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველი ჯონ ბოლტონი ტრამპის პირად ადვოკატს, რუდი ჯულიანის „ხელყუმბარას“ უწოდებდა, რომელიც „ყველას ააფეთქებდა“. ჰილმა, იმ ადამიანების ინფორმაციით, რომლებიც მის ჩვენებას უსმენდნენ, აღნიშნა, რომ ბოლტონს და სხვებს ტრამპის ადმინისტრაციაში, აწუხებდათ ჯულიანის ქმედებები უკრაინის მიმართ.
დემოკრატები, რომლებიც პრეზიდენტს იძიებენ, ეჭვობენ რომ პრეზიდენტის პირადი ადვოკატი „ჩრდილოვან“ საგარეო პოლიტიკას მართავს. პალატა განაგრძობს საქმის შესწავლას. ამ კვირაში, წარმომადგენელთა პალატის წინაშე ასევე წარსდგება ევროკავშირში აშშ-ის ელჩი გორდონ სონლენდი.
თეთრი სახლის წარმომადგენლები, მათ შორის, ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, უარს აცხადებენ წარმომადგენელთა პალატის წინაშე უკრაინის საკითხების გარშემო იმპიჩმენტის განხილვაში მონაწილეობაზე. კონგრესის მიერ ჩვენების მოთხოვნაზე უარი განაცხადა ასევე ჯულიანიმაც.
თეთრი სახლი წარმომადგენელთა პალატისგან მოითხოვს, რომ ხმა მისცეს იმპიჩმენტის საქმის განხილვის დაწყებას, იქამდე სანამ გამოძიებას დაიწყებს. თუმცა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი აცხადებს, რომ წარმომადგენელთა პალატას არ აქვს ვალდებულება იმპიჩმენტის საქმის შესწავლას უყაროს კენჭი. მისი თქმით, პალატა კონსტიტუციის და მისი პასუხისმგებლობის ფარგლებში მოქმედებს.
Facebook Forum