ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჟენევის მოლაპარაკებები


„საჭიროა პირდაპირი დალაპარაკება ივანიშვილი-პუტინის დონეზე“

ჟენევაში ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური მოლაპარაკებების მორიგი, ოცდამეოთხე რაუნდი იმართება. მას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით ზალკალიანი უხელმძღვანელებს. შეხვედრაში იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას. „განხილული იქნება ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატით გათვალისწინებული ყველა ძირითადი მიმართულება. მათ შორის, ადგილზე შექმნილი სიტუაცია უსაფრთხოების თვალსაზრისით და ამ კონტექსტში ჩვენ ძალიან მწვავედ დავაყენებთ საკითხს საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მავთულხლართების აგებასთან დაკავშირებით და მოვთხოვთ თანათავმჯდომარეებს, რომ მოხდეს მისი ადექვატური შეფასება. ასევე იქნება მოწოდება ჩვენი მხრიდან რუსეთის ფედერაციის მიმართ, რომ მან დაიცვას 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და პატივი სცეს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, როგორიცაა თავისუფალი გადაადგილების უფლება,“- განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
შეხვედრას აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაიაც დაესწრება. მისი თქმით: „ორივე ჯგუფში დაგროვილია საკითხები, რომლის განხილვა მომწიფდა. ნახევარი წელი გავიდა ბოლო შეხვედრიდან. აფხაზებსა და ქართველებს შორის სიტუაცია უნდა გამოსწორდეს ისე, როგორც ეს ეკადრება ჩვენს ურთიერთობას“.
სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დიმიტრი სანაკოევმა შეხვედრაზე გამგზავრებამდე განაცხადა, რომ აპირებს მავთულხლართების საკითხის განხილვას: „ერთადერთი, ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ საუბარი იმაზე, რომ დღეს დადგა პრობლემა მოსახლეობისთვის იქიდან გამომდინარე, რასაც რუსი მესაზღვრეები აკეთებენ საზღვარზე. ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ, ძირითადად, ძალის გამოუყენებლობაზე“,- ამბობს დიმიტრი სანაკოევი.
კახა ქემოკლიძე, შსს ანალიტიკური სამსახურის უფროსი, რომელიც ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე მონიტორიგნის მექანიზმების ფარგლებში პარასკევს გამართულ შეხვედრას ესწრებოდა, აცხადებდა, რომ ოსურ მხარესთან მავთულხლართების საკითხს კიდევ ერთხელ განიხილავდა. „ძირითადად, ვისაუბრებთ ოკუპაციის ხაზის მიმდებარედ მავთულხლართების ინსტალაციის თემებთან დაკავშირებით. აღნიშნული პრობლემა დღის წესრიგიდან არ მოხსნილა, შესაბამისად აქტიურად დადგება დღევანდელ შეხვედრაზე. შევეხებით ცხინვალის ციხეში მყოფ საქართველოს მოქალაქეების ბედს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარკვეულად, არაადამიანურ მოპყრობას აქვს ადგილი ამ პიროვნებებთა მიმართ. ასევე ვისაუბრებთ უგზო-უკვლოდ დაკარულ იმ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით, რომლებიც 2008 წლის შემდეგ დაიკარგნენ,“- განაცხადა კახა ქემოკლიძემ.
კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი გოგი ხუციშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ მავთულხლართების საკითხის თაობაზე რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის მიერ გაკეთებული განცხადება ცხადად მოწმობს, რომ რუსეთის ფედერაციისთვის ეს თემა გარკვეულია. „მათ აღიარეს ეს რესპუბლიკები და ახლა აწარმოებენ საზღვრის დემარკაციის სამუშაოებს“,- ამბობს გოგი ხუციშვილი. მისივე თქმით: „არამგონია ეს მოლაპარაკებები წარმატებული იყოს, რადგან კარასინმა მაშინ, როდესაც დიცის მოვალენები იყო, ჩამოაყალიბა რუსეთის ხელმძღვანელობის აზრი. რაც იმაში მდგომარეობდა, რომ ეს არაა ახალი პროცესი. უბრალოდ, ახლა მოუწიათ ადამიანების ეზოებსა და სახლებზე გავლა და ამიტომ ამან გამოიწვია რაღაც რეაქცია და სინამდვილეში, თვლიან, რომ ესაა გეგმიური პროცესი. გეგმიურობა იმაში მდგომარეობს, რომ ვინაიდან რუსეთმა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი აღიარა სახელმწიფოდ, ამიტომ მისი საზღვარი უნდა დაამსგავსოს სახელმწიფო საზღვარს. დემარკაცია ხდება იმ რუკის მიხედვით, რომელიც საბჭოთა კავშირის დროინდელ ავტონომიურ ოლქს შეესაბამება. რუკის საკითხი საკამათოა, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, არანაირი გამოკვეთილი საზღვარი იმ ადგილას არ არსებობდა. მას შემდეგ, რაც დაიწყეს საზღვრის გავლება, ხალხი დაზარალდა და გამოვიდა, რომ უფრო აქეთ შემოიწიეს, ისეთ ადგილას, რომელიც ითვლებოდა საქართველოს არაოკუპირებულ ტერიტორიად უკვე. აი, ამ ყველაფერზე, მე დარწმუნებული ვარ, ქართული მხარე ჟენევაში ისაუბრებს, წამოწევს ამ საკითხს, მაგრამ არა მგონია, რომ რამე განსხვავებული პოზიცია მოსკოვმა დაიკავოს ამასთან დაკავშირებით.“
გოგი ხუციშვილი ასევე ამბობს, რომ მოლაპარაკებების ფორმატი ჟენევაში კარგავს ეფექტიანი შედეგის მიღწევის იმედს დიალოგის განვითარების თვალსაზრისით. მისი თქმით, გაცილებით რეზულტატური შეიძლება აღმოჩნდეს პირდაპირი მოლაპარაკებები რუსეთთან, ამიტომ, უკეთესი იქნება თუ საქართველო გაზრდის აბაშიძე-კარასინის შეხვედრების ფორმატს, რაც ამ დრომდე მხოლოდ ეკონომიკურსა და კულტურულ ჩარჩოებშია მოქცეული და მას დაამატებს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ნაწილებს. „ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ ივანიშვილი და პუტინიც შეხვდებიან ერთმანეთს“,- ამბობს ხუციშვილი. „აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატი უნდა გაფართოვდეს, ან ამას უნდა დაემატოს სხვა ფორმატები, რომლებშიც საქართველო-რუსეთის დიალოგი გასცდება მხოლოდ ეკონომიკას და კულტურაზე საუბარს და მოიცავს ასევე პოლიტიკურ საკითხებს. მაგრამ ჯერ-ჯერობით ეს არ კეთდება. საჭიროა პირდაპირ დალაპარაკება. მე ვთვლი, რომ საჭიროა პირდაპირი დალაპარაკება ივანიშვილი-პუტინის დონეზე. უნდა შეიქმნას რაღაც სამუშაო კომისიები, ამის შედეგად უნდა მოხდეს შევსება ჟენევის მოლაპარაკებებისა, რაც სინამდვილეში არაა მოლაპარაკებები, ესაა კონსულტაციები და არანაირი ძალა მოლაპარაკებებისა ამ ფორმატს არ აქვს,“ - მიიჩნევს გოგი ხუციშვილი.
ჟენევაში შეხვედრა ორდღიანია და იგი ხვალ დასრულდება.
XS
SM
MD
LG