ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გენერალი ჰეიდენი ბრიუსელის თავდასხმებს აფასებს


გენერალი მაიკლ ჰეიდენი
გენერალი მაიკლ ჰეიდენი

ამერიკის ხმის ახალი ამბების რედაქციამ სტუდიაში მოიწვია გენერალი მაიკლ ჰეიდენი, რომელიც აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის და ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ყოფილი დირექტორია. გენერალმა ჰეიდენმა ექსკლუზიურად ბრიუსელის თავდასხმებზე, მათ გამომწვევ მიზეზებსა და მათ შედეგებზე ისაუბრა.

კითხვაზე, თუ როგორ ხედავს ის ექსტრემიზმის საფრთხეს ევროპის კონტინენტზე და რა ახსნას უძებნის ბრიუსელის კოორდინირებულ აფეთქებებს, მაიკლ ჰეიდენმა უპასუხა:

"სამწუხაროდ, ბრიუსელის აფეთქებები არც მოულოდნელი და არც გასაკვირი არ ყოფილა ჩემთვის. აფეთქებები გარდაუვალიც კი იყო. სამიზნე ქვეყანა-ბელგია, ისევე როგორც სამიზნე ადგილი-საზოგადოებრივი ტრანსპორტი-თავდამსხმელებმა ადვილად ამოიღეს მიზანში. ეს იყო ექსტრემისტების მიერ მონიშნული სტრატეგიის გაგრძელება. ასევე, დავინახეთ საერთო ნიშნები პარიზის მოვლენებთან. ერთადერთი განსხვავება იყო მოქმედების ტემპი, რაც ერთერთი ტერორისტის წინა კვირას განხორციელებულმა დაკავებამ დააჩქარა. ბრიუსელის თავდასხმების ორგანიზატორები არ იყვნენ დარწმუნებული თუ რა სახის ინფორმაციას გასცემდა დაკავებული პირი, ამიტომაც მოქმედება დაჩქარდა. ვწუხვარ, რომ ეს არ იყო პირველი და თავისი ბუნებით-წარმოუდგენელი აქტი. ის სავარაუდოდ არც უკანასკნელი იქნება."

გენერალმა ჰეიდენმა ევროპაში დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" არსებობის რისკებიც შეაფასა:

"ბრიუსელის თავდასხმები, ფაქტია, რომ მასშტაბური ქსელის ნახელავია. ეს არის ინფრასტრუქტურის კარგი მოქმედების შედეგი. სხვანაირად, როგორ უნდა ავხსნათ ის ფაქტი, რომ მიმალვაში მყოფი ადამიანი ამდენი ხნის განმავლობაში თავს ირჩენს. როგორც ჩანს მას რაღაც თემი ასაზრდოებს."

ჰეიდენი ევროპელ პარტნიორებს შორის სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის ასპექტებსაც შეეხო, და აღნიშნა, რომ ძალიან ხშირად ევროპელები ამერიკის შეერთებულ შტატებს ბევრად მეტ ინფორმაციას უზიარებენ, ვიდრე ერთმანეთს, რაც უსაფრთხოების სისტემის წარუმატებლობით მთავრდება. "ამასთან ერთად, აშშ-ში ჩვენ უფრო მეტად ვართ შეჩვეული იმიგრანტებთან ურთიერთობას. ისინი ფაქტობრივად ამერიკის მაცხოვრებლები მალევე ხდებიან, ჩვენ აქვე გვაქვს მაღალი ხარიხსის უსაფრთხოების აპარატიც და ინფორმაციის გაცვლის მოქნილი, ძლიერი ქსელიც. უნდა აღვნიშნო, რომ ამ ქსელს კონკურენციას ვერცერთი ევროპული ქვეყანა ვერ უწევს. პრობლემას ასევე ვხედავ ევროპის მმართველობის სისტემაშიც. იქ ადგილობრივი ხელისუფლება და ნაციონალური სამსახურები ყოველთვის ერთნაირი პრიორიტეტებით არ მოქმედებენ, და არც ინფორმაციას ცვლიან: მაშინ, როცა ადგილობრივ დონეზე ინფორმაციის პირადულობა წამყვანი საკითხია, ნაციონალური მთავრობა უსაფრთხოების საკითხებზეა კონცენტრირებული.

XS
SM
MD
LG