მომავალი წლის დიდი შვიდეულის სამიტი აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საკუთრებაში არსებულ მაიამის სასტუმროს კომპლექსში გაიმართება.
თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მიკ მალვენიმ გადაწყვეტილება დაიცვა. მისი თქმით, პრეზიდენტი ამით პირადად არ ისარგებლებს. მან აღნიშნა, რომ სამიტის ადგილზე შეთანხმებაში როლი დაბალმა ფასმა ითამაშა და არა იმან, რომ კურორტი პრეზიდენტის კომპანიის საკუთრებაშია.
მალვენის თქმით, მაიამის აეროპორტთან მდებარე ამ კურორტში, სამიტის ჩატარება უფრო იაფია, ვიდრე სხვა სასტუმრო კომპლექსებში, რომლებიც ფინალისტებს შორის იყვნენ, მათ შორის იუტასა და ჰავაიზე. “დონალდ ტრამპის ბრენდი უკვე საკმარისად ძლიერია და მას მეტი დახმარება არ სჭირდება“, -განაცხადა მალვენიმ.
თუმცა, დემოკრატები ამ შეფასებას არ იზიარებენ. დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტის კანდიდატობის პრეტენდენტმა, ელიზაბეტ უორენმა გადაწვეტილება შეაფასა, როგორც კორუფციული გარიგება. „ეს, მარტივად და უბრალოდ, კორუფციაა“, - განაცხადა მან.
მალვენიმ განაცხადა, რომ ტრამპმა შესაძლოა სამიტზე, რუსეთის პრეზიდენტი ვალდიმირ პუტინი მიიწვიოს. თუმცა თქვა, რომ მოსკოვის დიდი რვიანში დაბრუნებაზე დისკუსია არ მიმდინარეობს. მოსკოვი დიდი რვიანიდან ყირიმის ანექსიის შემდეგ გარიცხეს.
Facebook Forum