ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პარიზში დიდი ოცეულის სოფლის მეურნეობის მინისტრთა შეხვედრა გაიმართება


პარიზში დიდი ოცეულის სოფლის მეურნეობის მინისტრთა შეხვედრა გაიმართება

მსოფლიო ბანკის ცნობით, სურსათზე მზარდი ფასების ფონზე გასულ წელს დაახლოებით 44 მილიონი ადამიანი სიღარიბის ზღვარს ქვევით აღმოჩნდა. საფრანგეთის მთავრობას, რომელსაც ამჟამად დიდი ოცეულის მონაცვლეობითი პრეზიდენტობა უკავია, სურს, რომ საკვებ პროდუქტებზე მზარდი ფასების საკითხი მსოფლიოს წამყვანი და აღმავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების განხილვის მთავარი საგანი გახდეს. დიდი ოცეულის დაარსებიდან მოყოლებული პირველად წევრ სახელმწიფოთა სოფლის მეურნეობის მინისტრები 22-23 ივნისს პარიზში შეხვედრებს გამართავენ, იუწყება ამერიკის ხმის კორესპონდენტი სტივ ბარაგონა.

საფრანგეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი ბრუნო ლე მაირი აღნიშნავს, რომ სურსათის ესოდენ მერყევი ფასი სხვადასხვა ფაქტორებით აიხსნება. მინისტრის აზრით ამ საკითხთან დაკავშირებით დიდი ოცეულის სოფლის მეურნეობის მინისტრებს შორის კონსენსუსის გამონახვა ადვილი როდია.

„მოლაპარაკებების დასაწყისში მე საკმაოდ პესიმისტურად ვიყავი განწყობილი,“ აღნიშნა ბრუნო ლე მაირმა.

საკვები პროდუქტების ბაზრებზე ფასებით სპეკულაციამ მინისტრებს შორის მწვავე დებატები გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ინვესტორებმა ამ ბაზრებში მილიარდობით დოლარი დააბანდეს, რამაც, კრიტიკოსთა აზრით, ფასების ზრდას შეუწყო ხელი. საფრანგეთის სოფლის მეურნეობის მინისტრს მიაჩნია, რომ ინვესტორების გამდიდრების ფონზე განვითარებადი სამყარო დანაკარგებს განიცდის.

„მსოფლიოს უღარიბესი ქვეყნებისა და უღარიბესი ხალხების ხარჯზე სპეკულაცია არავისთვის არის მისაღები,“ აღნიშნა ბრუნო ლე მაირმა.

სპეკულაციის აღკვეთის მიზნით საფრანგეთის მთავრობა საკვები პროდუქტებით ვაჭრობაზე უფრო მეტი ზედამხედველობის დაწესების მოთხოვნით გამოდის.

თუმცა ბევრ ეკონომისტს მიაჩნია, რომ უფრო მეტი წესების შემოღება მდგომარეობას არ გამოასწორებს. ისინი აღნიშნავენ, რომ არ არსებობს იმის დამამტკიცებელი ფაქტები, რომ ახალი ინვესტიციების დაბანდება თითქოს ფასების ზრდას იწვევს.

ბრუნო ლე მაირი აღიარებს, რომ დისკუსიების დროს ეს საკითხი მწვავე კამათს იწვევს, თუმცა იგი გამოთქვამს იმედს, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრები საერთო ენას გამონახავენ.

„ვფიქრობ, რომ 10-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დიდი ოცეულის წევრები კონსენსუსს მიაღწევენ,“ აღნიშნავს ბრუნო ლე მაირი.

საფრანგეთის სოფლის მეურნეობის მინისტრს სურს, რომ დიდი ოცეულის წევრებმა უარყონ საექსპორტო აკრძალვების შემოღება, რომელიც ხშირად ამა თუ იმ კრიზისული მდგომარეობით არის ნაკარნახევი. მაგალითად, გასული წლის ზაფხულს, როცა გვალვის გამო რუსეთმა ხორბლის მოსავლის ერთი მესამედი დაკარგა, მოსკოვმა ხორბლის ექსპორტი აკრძალა. მართალია აკრძალვა რუსეთის სასურსათო მარაგის დაცვას ემსახურებოდა, სხვა ქვეყნებმა ეს ზომა დაგმეს იმის გამო, რომ მან ხორბლის გაძვირებას შეუწყო ხელი.

სურსათის პოლიტიკის საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელს შენგენ ფანს ეეჭვება, რომ დიდი ოცეულის მინისტრები ამ სადავო საკითხთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწევენ.

„ვფიქრობ, რომ ჩვენ შეთანხმებას არ მივაღწევთ. საკუთარი სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ქვეყნებმა საექსპორტო აკრძალვების შემოღებას არ უნდა მიმართონ რადგან სხვაგვარად მეზობელი სახელმწიფოები შიმშილისგან დაუცველნი რჩებიან,“ დასძენს შენგენ ფანი.

XS
SM
MD
LG