ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონგრესში ტრამპის იმპიჩმენტის გამოძიებას უყრიან კენჭს


ხუთშაბათს, წარმომადგენელთა პალატის სრული შემადგენლობა უყრის კენჭს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ დაწყებულ საიმპიჩმენტო გამოძიებას. პალატის დემოკრატმა სპიკერმა ნენსი პელოსიმ გადაწყვეტილება ორშაბათს, დღის მეორე ნახევარში მიიღო. მისი თქმით, საჭიროა პროცესთან დაკავშირებით, "ნებისმიერი ეჭვი გაიფანტოს".

თეთრი სახლი კონგრესში მიმდინარე პროცესს აკრიტიკებდა და მას არალეგალურად აცხადებდა. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის და მისი რესპუბლიკელი მხარდამჭერების ერთ-ერთი არგუმენტი გამოძიების არალეგალურობასთან დაკავშირებით იყო ის, რომ პროცესი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.

შეერთებული შტატების კონსტიტუციაში არსადაა ნათქვამი, რომ კანონიერებისთვის გამოძიებას მთელმა პალატამ უნდა უყაროს კენჭი. მაგრამ, ამ ნაბიჯით, პროცესი უფრო გამჭვირვალე გახდება. ნენსი პელოსის წერილობით მიმართვაში კოლეგების მიმართ, ნათქვამია, რომ კენჭისყრის შემდეგ, პრეზიდენტის იმპიჩმენტის გამოძიების ნაწილი ამერიკელებისთვის საჯარო გახდება.

კენჭისყრამდე, თვითმხილველთა და საქმეში ჩახედული ადამიანების მოსმენა გრძელდება. დღეს, კონგრესის დაზვერვის, საგარეო და ზედამხედველობის კომიტეტებში დაბარებულია შეერთებული შტატების არმიის მაღალჩინოსანი ალეგზანდერ ვინდმენი, რომელიც ქვეყნის ეროვნული უშიშროების საბჭოში მსახურობს. ისიც ისმენდა სატელეფონო საუბარს პრეზიდენტ ტრამპს და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის, რომელიც გამოძიების ეპიცენტრშია.

კონგრესისთვის წინასწარ მომზადებული განცხადების მიხედვით, რომელიც მედიის საშუალებებმა მოიპოვეს და გაავრცელეს, ვინდმენიც შეშფოთებული იყო 25 ივლისს გამართული საუბრის გამო. "შემაშფოთა ამ ზარმა. ჩემი აზრით, არაა მართებული უცხოეთის მთავრობას მოსთხოვო ამერიკელ მოქალაქეზე გამოძიება" - ნათქვამია ვინდმენის განცხადებაში.

ბრალდების მიხედვით, პრეზიდენტმა ტრამპმა უფლებამოსილებას გადააჭარბა. ის ზელენსკის, ამერიკის ბიუჯეტიდან უკრაინის უსაფრთხოებისთვის გამოყოფილი დახმარების თანხის სანაცვლოდ, საკუთარ პოლიტიკურ ოპონენტზე კომპრომატის მოძებნას სთხოვდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG