ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონი ასადის მოწინააღმდეგეებს ჰუმანიტარულ დახმარებას აწვდის


ვაშინგტონი ასადის მოწინააღმდეგეებს ჰუმანიტარულ დახმარებას აწვდის

ანტი-სამთავრობო დემონსტრაციები პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადის გადადგომას ითხოვენ.

სამთავრობო ძალები კი დემონსტაციებს ძალისმიერი მეთოდებით არბევენ.

უკანასკნელი რამდენიმე დღის მანძილზე უშიშროების ძალებთან შეტაკების შედეგად ასობით ადამიანია დაღუპული.

მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო საზოგადოება ცდილობს სირიაში გაეროს აქტიურ ჩართვას, უშიშროების საბჭოს თითქმის არაფრის გაკეთება შეუძლია იმის გამო, რომ რუსეთი და ჩინეთი სირიასთან დაკავშირებულ ნებისმიერ რეზოლუციაზე ვეტოს დადებით იმუქრებიან. გასულ კვირას მათ ერთი რეზოლუცია უკვე დაბლოკეს.

უშიშროების საბჭოში არსებული ასეთ ვითარებიდან გამომდინარე, შეერთებული შტატები ცდილობს გამოსავალი სხვაგან მონახოს. მაგალითად, ვაშინგტონი ასადის მოწინააღმდეგეებს ჰუმანიტარულ დახმარებას აწვდის და იმ ქვეყნების წინააღმდეგ პოლიტიკურ ზეწოლას ახორციელებს, რომლებიც სირიასთან იარაღით ვაჭრობენ.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ვიქტორია ნულანდი ამბობს:

„ჩვენ ვაპირებთ ისეთ ზომებს მივმართოთ, რომლებიც გაეროს ჩართვას არ ითვალისწინებს, თუმცა გააძლიერებს, გაამყარებს და გააფართოვებს საერთაშორისო საზოგადოების მიერ ასადის რეჟიმზე ზეწოლას.“

გერმანია „სირიის მეგობართა ჯგუფის“ წევრია, რომელიც ასადის მთავრობის მიერ მოსახლეობის წინააღმდეგ ძალის გამოყენების შეწყვეტას ისახავს მიზნად.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი გუიდო ვესტერველე აცხადებს:

„ევროპა სირიის წინააღმდეგ სანქციებს გაამკაცრებს. ჩვენ ასევე შევქმნით საკონტაქტო ჯგუფს, რომელიც დემოკრატიული სირიის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.“

თურქეთის პრემიერ მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი აცხადებს, რომ ეს ჯგუფი სირიაში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებას ისახავს მიზნად:

„ჩვენ ვცდილობთ ვისარგებლოთ ყველა დიპლომატიური ხერხით იმისთვის, რომ სირიას მსოფლიო საზოგადოების ყურადღება მივაპყროთ. ვაპირებთ დავიწყოთ ახალი ინიციატივა, რომელიც სირიელ ხალხს დაუდგება გვერდში და არა სირიის მთავრობას.“

პრეზიდენტ ასადს კი საკუთარი მეგობრების ჯგუფი ჰყავს. ეს ქვეყნები ირანი, რუსეთი და ჩინეთია.

ვაშინგტონში დაფუძნებული კატოს ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობების ანალიტიკოსი მალუ ინოკენტი აცხადებს, რომ სირიასთან დაკავშირებული დავა რეგიონში ირანის გავლენას აყენებს საფრთხის ქვეშ:

„ახლო აღმოსავლეთში დაპირისპირება არა მხოლოდ გეოპოლიტიკური თვალსაზრისით არსებობს, არამედ ცხადია რელიგიური და სექტარული დაპირისპირებაც. ირანი საკუთარ გავლენას სწორედ ამ გამყოფ ხაზებზე ამყარებს. როგორც კი ასადის რეჟიმი დაემხობა, ირანელებს რეგიონში ერთით ნაკლები მოკავშირე ეყოლებათ.“

არონ სნაიპი სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილეა ახლო აღმოსავლეთის საკითხებში. ის ამბობს, რომ ისტორია უარყოფითად შეაფასებს იმ ფაქტს, რომ ირანი დამასკოს დახმარებას უწევს:

„ახლო აღმოსავლეთი ძალიან სწრაფად იცვლება. რეჟიმები, რომლებიც ათწლეულების მანძილზე მართავდნენ რეგიონს, აღარ არსებობენ. ირანი ერთ-ერთ ასეთ ძველ რეჟიმს ემხრობა, რეჟიმს, რომელიც ძალადობის გამოყენებით ცდილობს ქვეყნის სათავეში დარჩენას.“

სირიაში ძალადობა გრძელდება. შეერთებული შტატების ოფიციალური წარმომადგენლები კი არ ამბობენ იმას, უჭერს თუ არა მხარს ვაშინგტონი სირიის მეამბოხეთა დაჯგუფებას, რომელსაც თავისუფალი სირიის არმია ჰქვია. ამერიკელი პოლიტიკოსები ხშირად იმეორებენ პრეზიდენტი ობამას სიტყვებს, რომ სირიაში მიმდინარე კონფლიქტი სამხედრო ძალის გამოყენების გარეშე უნდა დასრულდეს.

XS
SM
MD
LG