ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სარკოზი ახალ სკანდალში გაეხვია


სარკოზი ახალ სკანდალში გაეხვია

საფრანგეთში კარგად ცნობილ სკანდალში, რომელიც „ყარაჩის საქმის“ სახელწოდებით არის ცნობილი, ახალი ფაქტები და სახელები ამოტივტივდა. ზოგიერთ მათგანს საფრანგეთის ამჟამინდელ პრეზიდენტ -ნიკოლა სარკოზიმდეც კი მივყავართ.

საქმე საკმაოდ ჩახლართულია და მის გახსნას ფრანგი გამომძიებლები უკვე რამდენიმე წელიწადია ცდილობენ. „ყარაჩის საქმემ“ სახელმწიფო მმართველობაში არსებული კორუფციის ფაქტები გამოავლინა და ის 1995 წელს პაკისტანისთვის 3 წყალქვეშა ნავის მიყიდვით იწყება. პროკურატურა ამჟამად ახალი ბრალდებების გამოძიებით არის დაკავებული.

ერთ-ერთი ვერსიით გაყიდვით მოგებული თანხა საფრანგეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა -ედუარდ ბალადურმა- საკუთარი საარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად გამოიყენა. ბალადურის კაბინეტში ნიკოლა სარკოზი ბიუჯეტის მინისტრი იყო. გამომძიებლებს ასევე ეჭვი აქვთ, რომ აღნიშნული კონტრაქტი მიბმულია პაკისტანში მომხდარ აფეთქებასთან, რომლის გამო 11 საფრანგეთის მოქალაქე დაიღუპა.

დღეისათვის სარკოზისთან დაახლოებული უკვე 3 პირია გამოაშკარავებული. პოლიციამ ორი მათგანი გასულ კვირას დააკავა და დაკითხვის შემდეგ გამოუშვა. პროკურატურის განცხადებით მესამე ადამიანთან დაკავშირებით ისინი დამატებით დანაშაულს იკვლევენ. საუბარია ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრზე, ბრის ჰორტეფოქსზე, რომელმაც ბრალდების მიხედვით პროკურატურის ერთ-ერთ თანამშრომელს კონფიდენციალური ინფორმაცია დასტყუა. ინფორმაცია მისი მეუღლის, იუგოსლავიის პრინცესა ჰელენას ძიებისთვის მიცემულ ჩვენებებს შეეხებოდა.

საფრანგეთის რადიოსთვის -ევროპა 1- მიცემულ ინტერვიუში პრინცესა ჰელენა ამბობს, რომ ის ძველი ჩვენების გადათქმას არ აპირებს. მას კარგად ახსოვს, თუ როგორ დაბრუნდა მისი მეუღლე მოგზაურობიდან ფულით სავსე ჩანთებით, თუმცა მან არც ზუსტი თანხა იცის და არც მისი წარმომავლობის წყარო.

პრეზიდენტის პრესცენტრმა ამ კვირას გაკეთებულ განცხადებაში სარკოზის მონაწილეობა „ყარაჩის საქმეში“ კატეგორიულად უარყო. - უწოდა რა აღნიშნულ ბრალდებას ჭორი და პოლიტიკური მანიპულაციის მცდელობა. სარკოზის მთავრობაც ანალოგიურ განცხადებებს აკეთებს.

სპორტის მინისტრმა -ჩანტალ ჟუანომ- კომენტარი უშუალოდ ძიების პროცესის შესახებ არ გააკეთა. მაგრამ აღნიშნა, რომ არჩევნებამდე სულ 7 თვეა დარჩენილი და სწორედ ახლა დაიწყო პრეზიდენტ სარკოზის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკური მანიპულაცია, რომელიც მიზნად მის დისკრედიტაციას ისახავს.

სარკოზის დაბალმა რეიტინგმა რამდენიმე თვე გასტანა. მის პოლიტიკურ მტრებს ახლა ყველაზე ხელსაყრელი დრო აქვთ, რათა სკანდალი მაქსიმალურად გააბუქონ. ულტრა-მემარჯვენე საპრეზიდენტო კანდიდატმა მარინ ლეპენმა პირველმა დაგმო პოლიტიკური კორუფცია მთავრობაში. თემა სწრაფად აიტაცა ოპოზიციურად განწყობილმა სოციალისტურმა პარტიამაც.

სოციალისტური პარტიის ლიდერი, მარტინა აურბი, ასევე საპრეზიდენტო კანდიდატი, „ყარაჩის საქმეს“ საფრანგეთის უახლეს ისტორიაში ყველაზე სერიოზულ დანაშაულს უწოდებს და პროკურატურას მისი დეტალური გამოძიებისკენ მოუწოდებს.

2007 წელს ხელისუფლებაში მოსვლამდე ნიკოლა სარკოზის წინასაპრეზიდენტო კამპანიის ლოზუნგი „სუფთა მთავრობა“ იყო. გათვლა მის წინამორბედ ლიდერზე, ჟაკ შირაკზე, იყო გაკეთებული, რომელიც პოლიტიკური კარიერის მანძილზე კორუფციის რამდენიმე გახმაურებულ საქმეში გაეხვია. ზოგიერთ მათგანზე ძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს. თუმცა პროკურორები სამხილის ნაკლებობის გამო სასამართლოს შირაკის საქმის დახურვას სთავაზობენ.

XS
SM
MD
LG