ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უცხოური პრესის მიმოხილვა


უცხოური პრესის მიმოხილვა
უცხოური პრესის მიმოხილვა

გაზეთები "ვაშინგტონ პოსტი" და "ნიუ იორკ თაიმსი" საქართველოში გამართულ ადგილობრივ არჩევნებს ეხმაურებიან.

დღეს უცხოური პრესის მიმოხილვის მთავარ თემას საქართველოში ახლახან გამართული ადგილობრივი არჩევნები წარმოადგენს. მიმოხილვას ვიწყებთ მიშა ჯინჯიხაშვილის სტატიით სათაურით „არჩევნები საქართველოში სააკაშვილის პარტიის მიმართ ხალხის ნდობის გამოცდას წარმოადგენს,“ რომელიც გაზეთ „ვაშინგტონ პოსტის“ 28 მაისის ნომერში გამოქვეყნდა. სტატიაში ვკითხულობთ:

„კვირას გამართული ადგილობრივი არჩევნები, რომელშიც ამომრჩევლები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და თბილისის მერს ირჩევდნენ, წარმოადგენს სააკაშვილის პრეზიდენტობის ერთგვარ არაფორმალურ რეფერენდუმს.

ყველაზე დიდ ყურადღებას რასაკვირველია თბილისის მერის არჩევნები იპყრობს, რომელიც პირველად პირდაპირი არჩევნების შედეგებზეა დამოკიდებული. ეს ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური თანამდებობაა და გამარჯვებული საკმაოდ მყარ პოზიციას მოიპოვებს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის როცა 2013 წელს სააკაშვილის მეორე ვადა ამოიწურება.

ქალაქის მერის გიგი უგულავას პოპულარობა თბილისის მეტნაკლები ეკონომიკური განვითარებით არის განპირობებული, რომელიც მისი მერობის ხუთი წლის მანძილზე ბევრ სამშენებლო პროექტსა და ერთ დროს მოუვლელ უბნებში ლამაზი კაფეების გახსნაში გამოიხატა. ამას გარდა მას მედიის მხრიდან ყურადღება და ოპოზიციის დაქსაქსულობა უწყობს ხელს.

ქვეყნის ორმა ყველაზე პოპულარულმა კერძო სატელევიზიო არხმა ‘მხარდაჭერა გამოუცხადა მმართველ პარტიასა და თბილისის მერის პოსტზე უგულავას კანდიდატურას,’ ნათქვამია ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის სადამკვირებლო მისიის მოხსენებაში, რომელიც გასულ თვეს გამოქვეყნდა.“

უცხოური პრესის მიმოხილვას ვაგრძელებთ ბარნი თომპსონის სტატიით სათაურით „დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა, მაგრამ ვინ იცის რამდენჯერ ვიზემიებთ ჩვენ ამ დღეს მომავალში?“ რომელიც ბრიტანულ გაზეთ „თაიმს ონლაინში“ 26 მაისს გამოქვეყნდა. სტატიაში ვკითხულობთ:

„საქართველოში დამოუკიდებლობის დღის აღნიშნვნისას აშკარად იგრძნობა ხალხის განწყობა, რომ ქვეყანა ჩართულია ულმობელ და დაუნდობელ მტერთან ბრძოლაში. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაკარგვა ნიშნვას იმას, რომ საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტი სხვა სახელმწიფოს ეკუთვნის.

კრემლისთვის ეს რეგიონები ავტონომური რესპუბლიკებია, ხოლო ქართველი პოლიტიკოსები ამ რეგიონებს ‘ოკუპირებულ ტერიტორიებს’ უწოდებენ.

‘როცა უცხოური სამხედრო ძალები ქართულ მიწა-წყალზე იმყოფება, ამგვარი მდგომარეობა ოკუპაციას წარმოადგენს და მას სხვანაირად უბრალოდ ვერ აღწერ,’ აღნიშნავს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ეკა ტყეშელაშვილი.

‘რუსეთისთვის საქართველო დაუმთავრებელი საქმეა’ აღნიშნა სადაზვერვო სამსახურის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ‘თაიმსთან’ ინტერვიუში. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სამხედრო ძალების გარდა მან მაგალითად მოიყვანა ‘ძალიან აქტიური სადაზვერვო ოპერაციები,’ რომლებიც უცხოური ინვესტორების დაშინებას, სიმპატიებით განწყობილი პოლიტიკური ფიგურების მხარდაჭერასა და კიბერ შეტევის საფრთხეს შეიცავს. როგორც ცნობილია, 2008 წლის აგვისტოში ჰაკერებმა საქართველოს საბანკო სისტემა რამდენიმე დღით მწყობრიდან გამოიყვანეს.

საქართველოს მოთმინება სჭირდება. ნატოს ალიანსის ქვეყნებს ამ ფეთქებადსაშიშ რეგიონში რუსეთთან რაიმე კონფრონტაცია ნამდვილად არ სურთ. ამას გარდა ზოგიერთი პოლიტიკური ფიგურა ჩუმად შეშფოთებას გამოთქვამს ობამას ადმინისტრაციის მოსკოვთან ‘გადატვირთვის’ პოლიტიკის გამო. ‘ჩვენ სულაც არ ვეწინააღმდეგებით შეერთებული შტატების რუსეთთან თანამშრომლობის პოლიტიკას, თუ ამას დადებითი ცვლილებები მოჰყვა,’ დასძენს ქალბატონი ტყეშელაშვილი.“

უცხოური პრესის დასასრულს მიმოვიხილავთ ელენ ბერის სტატიას სათაურით „მერის არჩევნები საქართველოს პრეზიდენტს უშველის,“ რომელიც გაზეთ „ნიუ იორკ თაიმსში“ 30 მაისს გამოქვეყნდა. სტატიაში ვკითხულობთ:

„ორშაბათს გამართულ მუნიციპალურ არჩევნებში საქართველოს დედაქალაქის ამომრჩევლების უმრავლესობამ ხმა მისცა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველ პარტიას. აღსანიშნავია, რომ წელიწადზე ნაკლები გავიდა მას შემდეგ რაც ოპოზიციური პარტიები ქალაქის ქუჩებში ხალხმრავალ დემონსტრაციებს მართავდნენ მისი გადადგომის მოთხოვნით.

გასულ ზაფხულს ბატონმა სააკაშვილმა გასცა ბრძანება, რომლის თანახმადაც პირველად თბილისის მერი პირდაპირი არჩევნების შედეგად დაინიშნებოდა და საყოველთაო ადგილობრივი არჩევნები ოქტომბრის მაგივრად მაისის მიწურულს დაინიშნა. ხსენებული ცვლილებები რეფორმების პაკეტის ნაწილი იყო, რომელიც ოპოზიციის მოთხოვნების დასაკმყოფილებლად გამოცხადდა. როგორც ცნობილია, ოპოზიცია სააკაშვილს რუსეთთან ომის გაღვივებაში ადანაშაულებს.

თბილისის მერის არჩევნებს აქ აღიქვამენ როგორც იმის მანიშნებელს, თუ ვინ გახდება ბატონ სააკაშვილის მემკვიდრე 2013 წელს, როცა მისი პრეზიდენტობის ვადა ამოიწურება.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების თანახმად ქალაქის ამჟამინდელი მერი და ბატონ სააკაშვილის დიდი ხნის პოლიტიკური მოკავშირე გიგი უგულავა დამაჯერებლად ლიდერობს ამომრჩეველთა ხმების 54.5 პროცენტით საარჩევნო უბნების 45 პროცენტიდან შემოსული საარჩევნო ბიულეტნების საფუძველზე. კომისიის ვებ გვერდზე გამოქვეყნებული მასალების მიხედვით მისმა ყველაზე სერიოზულმა მეტოქემ და ყოფილმა დიპლომატმა ირაკლი ალასანიამ ამომრჩეველთა ხმების მხოლოდ 18.2 პროცენტი მოიპოვა.

გასულ თვეს გამოქვეყნებულ მოხსენებაში ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის დამკვირებლებმა წინასაარჩევნოდ სატელევიზიო პროგრამებში ‘ბალანსის ნაკლებობა’ დააფიქსირეს. მოხსენებაში ნათქვამია, რომ ქვეყნის ორ ყველაზე პოპულარულ სატელევიზიო არხზე ბატონ უგულავას ყოველდღიურ საქმიანობას დადებითად აშუქებდნენ, მაშინ როცა პოლიტიკური განცხადებების განთავსება იმდენად ძვირი იყო, რომ უგულავა ერთადერთი კანდიდატი იყო, ვისაც ამ საფასურის გადახდა შეეძლო.

კვირას გამართული არჩევნების შემდეგ ყურადღების ცენტრს დაიკავებს ის თუ ვინ შეცვლის ბატონ სააკაშვილს 2013 წლის იანვარში.

მიმომხილველები, რომლებიც წინასწარმეტყველებდნენ, რომ ხალხის მხარდაჭერა ბატონ სააკაშვილის მიმართ 2008 წლის ომის შემდეგ მნიშვნელოვნად შემცირდებოდა, არასწორნი აღმოჩდნენ. გასული წლის მანძილზე მისმა მმართველმა პარტიამ, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ომამდელი პოპულარობა დაიბრუნა. თუმცა ამომრჩევლებს შორის ფუნდამენტური დაძაბულობა შეინიშნება. აპრილში გამართულმა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვამ, რომელშიც დემოკრატიული რეფორმების მომხრე ამერიკულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ეროვნულმა დემოკრატიულმა ინსტიტუტმა 2,378 ადამიანი გამოკითხა, ცხადყო, რომ ამომრჩეველთა 52 პროცენტი რუსეთის მიმართ საქართველოს მთავრობის პოლიტიკას არ ეთანხმება, ხოლო 46 პროცენტს მიაჩნია, რომ საქართველო არ წარმოადგენს დემოკრატიულ სახელმწიფოს.“

XS
SM
MD
LG