ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უცხოური პრესის მიმოხილვა


უცხოური პრესის მიმოხილვა
უცხოური პრესის მიმოხილვა

მთავარი თემები: რუსული კომპანიების საქმიანობა საქართველოში და თუ რა კავშირი არსებობს "გადატვირთვის" პოლიტიკასა და რუსეთში დემოკრატიზაციას შორის.

უცხოური პრესის მიმოხილვას ვიწყებთ კონსტანტინ როჟნოვის სტატიით სათაურით „საქართველო და რუსეთი კომერციულ სფეროში თანამშრომლობენ დაძაბული ურთიერთობების მიუხედავად,“ რომელიც ბრიტანული საინფორმაციო სააგენტო „ბი-ბი-სი“-ს ვებ გვერდზე 13 ივლისს გამოქვეყნდა. სტატიაში ვკითხულობთ:

„რამდენიმე წლის წინ რუსეთის მიერ დაწესებული ეკონომიკური ემბარგო, რომელიც ქართული ღვინის იმპორტს კრძალავს, და ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის არ არსებობა ყველასთვის კარგად არის ცნობილი.

მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ქართველი დარწმუნებულია, რომ მოსკოვი ნებისმიერ საშუალებას გამოიყენებს რეგიონში გავლენის გაზრდის მიზნით, ბევრი რუსული კომპანია ამ დაძაბული პერიოდის განმავლობაში ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ფუნქციონირებს საქართველოში.

სწორედ ამ ფონზე საქართველოს პარლამენტში დაიწყო საკმაოდ ცხარე დებატები იმ შემოთავაზებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც უნდა დადგინდნეს იმ სახელმწიფო საკუთრებების სია, რომელიც არ უნდა გაიყიდოს.

კანონმდებლობის პროექტის თანახმად, რომელმაც სამი საპარლამენტო მოსმენიდან პირველი უკვე გაიარა, სატრანზიტო მილსადენი, რომელიც რუსულ ბუნებრივ აირს სომხეთს მიაწვდის საქართველოს ტერიტორიის გავლით, შეიძლება პრივატიზირებულ იქნას.

რუსეთის ენერგიტიკული გიგანტი „გაზპრომი“ გამოიკვეთა როგორც ერთადერთი პოტენციური ინვესტორი, რომელიც დაინტერესებულია ამ მილსადენის შეძენით.

„ყველაზე შემაშფოთებელი ის არის, რომ რუსული კანონის თანახმად, გაზპრომს აქვს საკუთარი ინტერესების დაცვის უფლება რუსეთის საზღვრებს გარეთ სამხედრო ძალის გამოყენების ჩათვლით,“ განუცხადა „ბი-ბი-სი“-ს რუსულ სამსახურს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის კათედრის პროფესორმა ნოდარ ხადურმა.

მაგრამ მოსკოვის ეკონომიკის უმაღლესი სკოლის თანამშრომლის ანდრეი სუზდალცევის თქმით, კომერციული თვალსაზრისით, „გაზპრომი“ დაინტერესებული იქნება მილსადენის შეძენით რადგან ის ბუნებრივ აირს მნიშვნელოვან გასაღების ბაზარს აწვდის.

ამას გარდა, როგორც მან აღნიშნა „ბი-ბი-სი“-სთან ინტერვიუში, რუსეთმა არაერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოსთან მიმართებაში მოსკოვი კომერციულ საქმიანობას პოლიტიკისგან მიჯნავს.

მაგალითად, თბილისში ელექტროენერგიის განმანაწილებელ კომპანია „თელასს“ რუსული კომპანია „ინტერ რაო იუ-ი-ესი“ აკონტროლებს.

აღსანიშნავია, რომ ორი წლის წინ ომის დროსაც კი ამ კომპანიას ერთხელაც არ შეუწყვეტია ელექტროენერგიის მიწოდება რეგიონისთვის.

საქართველოში კომერციულ საქმიანობას სხვა რუსული კომპანიებიც აწარმოებენ. მათ შორის აღსანიშნავია „იტერა,“ რომელიც ბუნებრივი აირის განმანაწილებელ რამდენიმე რეგიონალურ კომპანიას ფლობს, ისევე როგორც ვი-ტი-ბი ბანკი და ფიჭვური სატელეფონო კომპანია „ვიმპელკომი.“

რუსეთიდან სომხეთში მიმავალი გაზსადენის შესახებ საქართველოს პარლამენტში გამართული დებატების დროს ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებდნენ, რომ იმ შემთხვევაში თუ რუსული კომპანია დაეუფლებოდა გაზსადენს, მაშინ საქართველო „ენერგეტიკული და ეკონომიკური საფრთხის“ წინაშე აღმოჩნდებოდა.

ოპოზიციონერი პარლამენტარები ითხოვენ საკანონმდებლო გარანტიებს, რომ საქართველოს ხელისუფლება გაზსადენის მაკონტროლებელი აქციების პაკეტზე კონტროლს შეინარჩუნებს.

მართალია კანონმდებლობის პროექტში ამგვარი გარანტიები ჯერ-ჯერობით არ შესულა, პარლამენტის უმრავლესობის წევრის პავლე კუბაშვილის თქმით, გაზსადენს „რუსეთის ფედერაციას არ მიჰყიდიან.“

ამასობაში ქართველი პარლამენტარების უმრავლესობამ კანონმდებლობის პროექტს მხარი დაუჭირა.

თუ პარლამენტსა და მთავრობას შორის კონსულტაციების შემდეგ დარჩენილი ორი საპარლამენტო მოსმენის დროს კანონმდებელთა მხარდაჭერა იგივე დონეზე დაფიქსირდება, მაშინ ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ ამჯერად რუსეთის ბიზნესი კიდევ უფრო ღრმად შეიჭრება საქართველოში.“

უცხოური პრესის მიმოხილვას ვასრულებთ ფრედ ჰაიატის სტატიით „მოახდენს თუ არა ‘გადატვირთვის’ პოლიტიკა რუსეთის დემოკრატიზაციას?“ რომელიც გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ დღეს გამოქვეყნდა. სტატიაში ვკითხულობთ:

„ობამას რუსეთთან თანამშრომლობის პოლიტიკა პრაგმატულ მცდელობას წარმოადგენს, რომლის მიზანია ორ ძალიან განსხვავებულ სახელმწიფოს შორის საერთო ინტერესების მონახვა.

მაგრამ მაშინ როცა ყველგან ყოფილი საბჭოთა იმპერიის ტერიტორიაზე დემოკრატია ან უკან იხევს ან მას საფრთხე ემუქრება, ხოლო რუსეთი ანტი-დემოკრატიულ მოძრაობას უძღვება, საჭირო ხდება ‘გადატვირთვასა’ და დემოკრატიას შორის კავშირის შეფასება.

ერთი შესაძლებლობა ის არის, რომ შეიძლება ‘გადატვირთვასა’ და დემოკრატიას შორის არავითარი კავშირი არ არსებობს. ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, რუსეთი განვითარდება დამოუკიდებლად და შეერთებული შტატები ან ნებისმიერი სხვა სახელმწიფო ამ ქვეყნის განვითარებაზე რაიმე გავლენას ვერ მოახდენს.

მდგომარეობის მეორე, უფრო იმედისმომცემი, აღქმა კი ის გახლავთ, რომ დროის განმავლობაში შესაძლებელი გახდება რუსეთისთვის ბიძგის მიცემა, რათა ქვეყანა პოზიტიური მიმართულებით განვითარდეს. თუ მოდერნიზაციის მომხრეები, რომლებსაც მედვედევი ანსახირებს, შესძლებენ იმის დემონსტრირებას, რომ რუსეთი დასავლეთთან მდგრადი თანამშრომლობით სარგებლობას ღებულობს, მაშინ ისინი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ასპარეზზე გაძლიერდებიან და შედეგად კანონის უზენაესობას მიაქცევენ ყურადღებას, რასაც, თავის მხრივ, უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და ვაჭრობის გააქტიურება მოჰყვება.

მედვედევს შეიძლება მოდერნიზებული რუსეთის ხედვა გააჩნდეს, რომელშიც პუტინის ნავთობის ექსპორტზე გამდიდრებულ ოლიგარქებს ნაკლები მნიშვნელობა მიეცემათ და წინა პლანზე მაღალი ტექნოლოგიების ინდუსტრია და უცხოური ინვესტიციები წამოვა. მაგრამ მას, პუტინის მსგავსად, შეიძლება იმის სჯეროდეს, რომ სახელმწიფო ერთი პოლიტიკური პარტიის მმართველობას უნდა დაეფუძნოს, რომ საჭიროა ქვეყნის შიგნით მტრების ლიკვიდირება, და რომ საბოლოო ჯამში აუცილებელია მეზობელ სახელმწიფოებზე დომინირება.“

XS
SM
MD
LG