ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უცხოური პრესის მიმოხილვა


უცხოური პრესის მიმოხილვაში გაშუქებულია ჟურნალ "ნიუსვიკსა" და გაზეთ "ფაინენშლ თაიმსში" 13 მაისს გამოქვეყნებული სტატიები.

უცხოური პრესის მიმოხილვას ვიწყებთ ოუენ მეთიუსისა და ანა ნემცოვას სტატიით სათაურით „რუსეთის რევანში,“ რომელიც ჟურნალ „ნიუსვიკის“ 13 მაისის ნომერში გამოქვეყნდა. სტატიაში ვკითხულობთ:

„ხუთ წელიწადზე ნაკლები გავიდა მას შემდეგ რაც ‘ფერადი რევოლუციების’ შედეგად ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში პროდასავლურად განწყობილმა პოლიტიკურა ფიგურებმა მოსკოვის მხარდაჭერით აღჭურვილი ლიდერები შეცვალეს, მაგრამ, როგორც ჩანს, კრემლი საკუთარ პოზიციებს თანდათან იბრუნებს. მიმდინარე წლის განმავლობაში რუსეთმა უკვე ორი სკალპი მოიპოვა - უკრაინის ვიქტორ იუშჩენკოსი და ყირგიზეთის ყურმანბეკ ბაკიევის - რომლებიც მოსკოვთან უფრო დაახლოებულმა პირებმა შეცვალეს. მართალია გაზვიადებული იქნებოდა იმის მტკიცებულება, რომ რუსეთს თებერვალში უკრაინაში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებსა თუ ყირგიზეთში აპრილში მომხდარ სახელმწიფო გადატრიალებაში მთავარი როლი მიუძღვის, მოსკოვმა ამ მოვლენებში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. რუსეთმა შეიფარა და მხარი დაუჭირა ყირგიზეთის ოპოზიციის ლიდერებს და ამას გარდა კრემლმა უკრაინელ ამომრჩევლებს განუცხადა, რომ ვიქტორ იანუკოვიჩის გამარჯვების შემთხვევაში რუსეთთან ურთიერთობაში იაფი ბუნებრივი აირისა და გაზრდილი ორმხრივი ვაჭრობის ერა დაიწყებოდა. მიმდინარე წლის მანძილზე მოპოვებული სტრატეგიული გამარჯვებების ფონზე კრემლი ახლა რეჟიმის შეცვლას იმ სივრცეში შეუწყობს ხელს, რომელსაც რუსები ‘ახლო საზღვარგარეთად’ მოიხსენიებენ.

ამ მხრივ პირველ სამიზნეს რასაკვირველია საქართველო და მისი ნატოს მომხრე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წარმოადგენს. კრემლის მომხრე დუმის დეპუტატის სერგეი მარკოვის სიტყვები რომ მოვიშველიოთ, სააკაშვილი ‘რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზაციის გზაზე დაბრკოლებას წარმოადგენს,’ და ამდენად, მისი თქმით, მოსკოვი ‘კმაყოფილი იქნება, თუ მისივე ოპოზიცია ამ დაბრკოლებას გზიდან მოაცილებს.’ გასული წლიდან მოყოლებული კრემლის ხელმძღვანელობა განგებ მართავს საჯარო შეხვედრებს საქართველოს ოპოზიციის მთავარ ფიგურებთან. 9 მაისს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 65-ე წლისთავის აღნიშვნასთან დაკავშირებული ცერემონიების დროს რუსეთის პრემიერ მინისტრი ვლადიმირ პუტინი საქართველოს პარლამენტის ყოფილ სპიკერთან და ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერთან ნინო ბურჯანაძესთან გვერდიგვერდ იდგა. საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების ჩამოგდების მიზნით კრემლმა მოსკოვში კონსულტაციების გამართვისთვის ქართული ოპოზიციის სხვა ლიდერებიც დაპატიჟა, მათ შორის ყოფილი პრემიერ მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი და სააკაშვილის ყოფილი მრჩეველი ირაკლი ალასანია.

რუსეთის ახალი სტრატეგიის ერთი უპირატესობა შეიძლება ის იყოს, რომ პუტინის დროინდელი დაშინების ტაქტიკა წარსულს მიეცა და მის სანაცვლოდ ნამდვილი დიპლომატიის ჩანასახი შეინიშნება, რაც იმას ნიშნავს, რომ 2008 წელს საქართველოში განხორციელებული სამხედრო ინტერვენციისგან განსხვავებით ან უკრაინისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტის ნაცვლად კრემლმა დაიწყო ურთიერთობების განვითარება რეგიონალურ ოპოზიციურ ლიდერებთან არა მხოლოდ რუსეთის ინტერესების საფუძველზე არამედ ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით.“

უცხოური პრესის მიმოხილვას ვაგრძელებთ დომინიკ ლიევენის სტატიით „რუსეთის ხელახლად თვითდამკვიდრება გარდაუვალია,“ რომელიც გაზეთ „ფაინენშლ თაიმსის“ 13 მაისის ნომერში გამოქვეყნდა. სტატიაში ვკითხულობთ:

„პერესტროიკის დროს რუსეთსა და დასავლეთს შორის თაფლობის თვე რომ ცუდად დამთავრდებოდა, ეს გარდაუვალი იყო. იმპერიის დაკარგვა ყოველთვის მწარე გამოცდილებაა. საბჭოთა კავშირის დაშლის ბრიტანული ეკვივალენტი რომ გავიხსენოთ, 1930-იანი წლებში ბრიტანეთის იმპერიის დაშლის დროს ბრიტანელების უმრავლესობას ეგონა, რომ ბრიტანეთის იმპერია ფუნდამენტურად კეთილმოსურნე იყო და რომ იგი ბუნებრივი წყობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა.

ამ კონტექსტში რუსეთის მიერ საერთაშორისო სტატუსის აღდგენისკენ მიმართული მცდელობა ისევე როგორც პოსტ-იმპერიული გავლენის სფეროს დაბრუნების სურვილი გასაკვირი როდია. მოსლაოდნელი უნდა ყოფილიყო ისიც, რომ 1990-იანი წლების ეკონომიკური კრიზისის დაძლევის შემდეგ რუსეთის აღორძინების ფონზე მოსკოვი კიდევ უფრო გააქტიურებდა საქმიანობას ამ მიმართულებით. შედეგად არა მხოლოდ ‘ახლო საზღვარგარეთი’ არამედ ცენტრალური და დასავლეთ ევროპის სახელმწიფოთა უმეტესობა რუსეთის ბუნებრივ აირსა და ნავთობაზე დამოკიდებულებას დიდი შეშფოთებით აღიქვამს. როცა საქართველომ წინდაუხედავად გააღიზიანა დათვი, მან თვალნათლივ დაინახა, რომ მოსკოვს ჯერ კიდევ ძალუძს ეფექტური სამხედრო ოპერაციების განხორციელებს რუსეთის საზღვრებს გარეთ.

რუსეთის ნეო-იმპერიალიზმის მხილება გარკვეულ შემთხვევებში უდავოდ გამართლებულია, მაგრამ იმავდროულად გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამგვარი ქცევა ყოფილ იმპერიებს შორის უნიკალური როდია.

დღევანდელი რუსეთი დაინტერესებულია არსებული გლობალური წყობის შენარჩუნებასა და კონფლიქტების თავიდან აცილებაში. მაგრამ მეოცე საუკუნის პირველ ნახევართან შედარებით, იგი კიდევ უფრო ნაკლებად აკონტროლებს იმ გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ ფაქტორებს, რომელიც მის ბედს განსაზღვრავს. ისტორიის მაგალითი ვერ დაარწმუნებს რუსეთის მმართველებს, რომ გლობალური ეკონომიკური კავშირები, არაფერი რომ არ ვთქვათ დემოკრატიაზე, სტაბილურობისა ან მშვიდობის გარანტიას წარმოადგენს.“

XS
SM
MD
LG