ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეთანხმება ჰამასსა და ფათხს შორის


შეთანხმება ჰამასსა და ფათხს შორის
შეთანხმება ჰამასსა და ფათხს შორის

ჰამასსა და ფათხს შორის ცოტა ხნის წინ მიღწეული შეთანხმება შესაძლოა ერთმანეთთან დაპირისპირებულ ორ ორგანიზაციას შორის ზავის მომანიშნებელი იყოს.

სეკულარული მოძრაობა ფათხის ხელმძღვანელი მაჰმუდ აბასია, რომელიც პალესტინელების ხელისუფლების პრეზიდენტიცაა. აბასი ამ თანამდებობაზე 2005 წელს აირჩიეს. მან პალესტინელების ლიდერი იასირ არაფატი შეცვალა, რომელიც 2004 წელს გარდაიცვალა.

გასამხედროებული დაჯგუფება ჰამასი, ასევე, ცნობილია „ისლამისტური წინააღმდეგობის მოძრაობის“ სახელით. წლების მანძილზე ჰამასმა არაერთი ტერორისტული აქტი განახორციელა ისრაელის ტერიტორიაზე. ცეცხლის შეწყვეტის არაოფიციალური შეთანხმება ისრაელსა და ჰამას შორის ერთი წლის წინ დაიდო. შეერთებული შტატბი და ისრაელი ჰამასს ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ. გასამხედროვებულ ფრთასთან ერთად ჰამასს პალესტინელი მოსახლეობისთვის ვრცელი სოციალური მომსახურების ქსელიც აქვს.

ჰამასი ღაზას სექტორს 2007 წელს პალესტინელების შეიარაღებული ძალების - ფათხის - განდევნის შემდეგ აკონტროლებს. ფათხი კი მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს მართავს.

მაისის დასაწყისში, ეგვიპტეს შუამდგომლობით, ჰამასმა და ფათხმა შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომლის თანახმადაც ორ მოძრაობას შორის დაპირისპირება უნდა დასრულდეს. მხარეები ასევე შეთანხმდნენ დროებითი მთავრობის შექმნაზე და ერთ წელში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებაზე.

ალონ ბენ-მირი ნიუ იორკის უნივერსიტეტში ახლო აღმოსავლეთის ექსპერტია. მისი თქმით, ჰამასი და ფათხი იმაზეც შეთანხმდნენ, რომ ისრაელის წინააღმდეგ ძალის გამოყენება შეწყვიტონ.

„ამაზე ბევრს არ საუბრობენ, მაგრამ ჩემი სანდო წყაროებიდან ვიცი, რომ როგორც ეგვიპტე, ასევე ფათხი ჰამასისგან ისრაელის წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე უარის თქმას ითხოვდნენ. მხარეები აცნობიერებენ, რომ ძალის გამოყენებამ შესაძლოა ისრაელის სამხედრო ოპერაციის ინიცირება გამოიწვიოს.“

ბენ მირი ასევე ამბობს, რომ ჰამასმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი უნდა გადადგას:

„მათ ძალადობაზე მთლიანად უნდა თქვან უარი და საკუთარი წესდებიდან ამოიღონ ის ნაწილი, რომელიც ორგანიზაციის წევრებს ისრაელის განადგურებისკენ მოუწოდებს. ისრაელს, თავის მხრივ, ლეგიტიმური უფლება აქვს ეს მოთხოვნა წაუყენოს ჰამასს და მისი დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ორგანიზაციასთან მოლაპარაკებების გამართვაზე უარი თქვას.“

ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ შეთანხმებას სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანა და ტერორის გამარჯვება უწოდა. შეერთებულ შტატებს ჰამასსა და ფათხს შორის მოწერილ ხელშეკრულებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

ფავაზ გერჯესი ლონდონის ეკონომიკის სკოლაში ახლო აღმოსავლეთის ექსპერტია. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმება შედგა, მხარეებს უდიდესი სირთულეები აქვთ გადასალახი:

„შეთანხმების პირობებში ბევრი რამ დაუზუსტებელია. განსაკუთრებით ორი ძალიან სადავო საკითხი. ერთი ახალი მთავრობის შექმნაა. ჯერ გაურკვეველია თუ ვინ იქნება მთავრობის სათავეში. მეორე საკითხი ღაზას სექტორია, სადაც ვითარებას ჰამასი აკონტროლებს და ამ ეტაპზე, გაურკვეველია დათანხმდება თუ არა ის სექტორში პალესტინელების სახელისუფლებო იგივე ფათხის შეიარაღებულ ძალების შეშვებას.“

გერჯესი ასევე აცხადებს, რომ მხარეები შეთანხმების პირობების შესრულებას აუცილებლად ეცდებიან:

„ჰამასს და ფათხს ერთმანეთი არ მოსწონთ. მაგრამ ორივე ორგანიზაციის ლიდერები რეალობას სათანადოდ აფასებენ. ეს სინამდვილეში საჭიროებაზე აგებული ურთიერთობა იქნება და არა საერთო იდეოლოგიის არსებობაზე. ჩემი აზრით, სწორედ გამომდინარე ამ საჭიროებიდან შერიგების შეთანხმება წარმატებული იქნება.“

გერჯესი ასევე აცხადებს, რომ ჰამასის მხრიდან ძალის გამოყენების ფაქტები სავარაუდოდ აღარ იქნება. ორგანიზაცია ეცდება შეთანხმების პირობები არ დაარღვიოს და ეგვიპტესა და ფათხთან მშვიდობიანი ურთიერთობა გააგრძელოს.

XS
SM
MD
LG