ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"უნდა ვისწავლოთ ხელისუფლების დაქირავება"


ექსპრემიერმა ივანიშვილმა თანამდებობიდან წასვლის შემდეგ პირველი პრესკონფერენცია გამართა არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქის“ დამფუძნებლის რანგში

საქართველოს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა თანამდებობიდან წასვლის შემდეგ დღეს პირველი პრესკონფერენცია გამართა. საზოგადოების წინაშე იგი წარსდგა არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქის“ დამფუძნებლის რანგში.

2012 წლის არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგაც საქართველოს ყოფილი პრემიერის მიმართვებში არაერთხელ შეგხვდებათ მოსაზრება იმის შესახებ, რომ საზოგადოების ჩამოყალიბებას სამოქალაქო საზოგადოებად, ისეთად, როგორც ეს დასავლეთის მაღალგანვითარებულ ქვეყნებშია, დრო, გამოცდილება, მუდმივი ძალისხმევა და რა თქმა უნდა თავისუფალი ადამიანების გააზრებული არჩევანი და პასუხისმგებლობის გაცნობიერება სჭირდება. ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლამ და სამოქალაქო სექტორში მუშაობის გაგრძელების სურვილმა არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია სამიოდე თვის წინ. პოლიტიკური ოპონენტები პასუხისმგებლობისგან თავის არიდების შესახებ საუბრობდნენ. დღეს გაკეთებულმა განცხადებებმა ივანიშვილის სურვილი ჩართული იყოს საზოგადოებრივ საქმიანობაში და ამბიციამ სამოქალაქო სექტორიდან მოახდინოს გავლენა პოლიტიკაზე იმდენად, რომ უბიძგოს მას მეტი სიჯანსაღისკენ, გამჭვირვალობის გზით, დაადასტურა, რომ ივანიშვილი არსად წასვლას არ აპირებს. „ჩვენ უნდა ვისწავლოთ ხელისუფლების დაქირავება“ - ამბობს იგი და საზოგადოების თითოეული წევრს სახელმწიფოს წინაშე პასუხისმგებლობის გაცნობიერებისკენ მოუწოდებს.

ბმული

ყოფილმა პრემიერმა ჟურნალისტიკის განვითარების აუცილებლობის თაობაზეც გააკეთა მკვეთრი განცხადებები და საგარეო პოლიტიკასაც შეეხო. „სწორედ რომ „მოქალაქის“ პირველი რიგის დანიშნულება იქნება ის, რომ დაეხმაროს მედიას ტრენინგების, კვალიფიკაციის და სხვა ტიპოის გადამზადებაში, რასაც საჭიროებს ის. ასევე დაგეგმილი გვაქვს ახალი ანალიტიკოსების მომზადების დაფინანსება,“- განაცხადა ივანიშვილმა.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განცხადება, რაც ივანიშვილის მიერ დღეს გამოითქვა იყო ის, რომ საზოგადოებაში თემების ტაბუირება არ უნდა ხდებოდეს და არ უნდა იქმნებოდეს დაბრკოლება ღიად განიხილებოდეს თუნდაც პატრიარქის გამონათქვამები.

"მეც შევდივარ საზოგადოების იმ ნაწილში, რომელიც უდიდეს პატივს სცემს საკუთარ ისტორიას, ტრადიციებს, საკუთარ ეკლესიას, მართლმდადიდბლობას. უდიდეს პატივს ვცემ თვითონ პატრიარქს, ძალიან თბილი ურთიერთობა მაქვს მასთან და ძალიან მიყვარს. მაგრამ საზოგადოებამ უნდა გადალახოს ის ბარიერი, რომ ეკლესიის თემა არის ტაბუდადებული და იქ რაც ითქმება და როგორც ითქმება, არის უმწიკვლო და ხელშეუხებელი. პატრიარქი ბრძნებს, თუ ეკლესიის სხვა მსახური, ეს დამოკიდებულება, ჩემი აზრით, არის ზედმეტად გაფეტიშებული და გადაჭარბებული. ეს არ უნდა იყოს ასე. ამას არ საჭიროებს არც პატრიარქი და არც ეკლესია. ეს ჩვენი საზოგადოების ნაწილია, ეკლესიის მსახურნი არიან ჩვენი თანამოქალაქეები. დამოკიდებულება რაც არსებობს, რომ ეკლესიის თემა არის ტაბუდადებული, ჩემი აზრით არის შეურაცხმყოფელი ჩვენი საზოგადოებისთვის და არ საჭიროებს ამას თვითონ ეკლესია და არ არის სწორი საზოგადოების ეს დამოკიდებულება. ისევე შეიძლება კრიტიკა, ისევე შეიძლება შეეშალოთ იქაც, იქაც შეიძლება მოხდეს ცუდი ამბები, გაუგებრობა, დარღვევები ეკლესიაში და არის კიდეც. ჩვენ ეს კარგად ვიცით. იქაც არის და ნუ გეშინიათ ამაზე საუბრის. თუ გინდათ რომ უკეთესი იყოს, ჩვენ უნდა ვისაუბროთ. ისინიც საჭიროებენ კრიტიკას, ისინიც საჭიროებენ მითითებას.სუროგაციის თემამ დიდი ვნებათღელვა გამოიწვია. ამ დროს ყველას შეიძლება შეეშალოს, პატრიარქსაც შეიძლება შეეშალოს. პატრიარქმა შეიძლება ბრძანოს ის, როგორც თვითონ უყურებს, მაგრამ ჩვენ არ გავიზიაროთ. ეს ნორმალურია, არ გვინდა ეს დოგმები,“- განაცხადა ივანიშვილმა.

ყოფილი პრემიერის პრესკონფერენციას დღეს მოქმედი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილიც გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა: „ყოფილმა პრემიერმა თქვა, რომ ეკონომიკური ვარდნა ჩვენ არ გვქონია. მინდა ამ განცხადებას მივესალმო და დავადასტურო. იყო გარკვეული შენელება, მაგრამ ვარდნა ჩვენ არ გვქონია. ის რაც მოხდა, ჩვენი მთავრობის პირობებში, ვგულისხმობ ეკონომიკურ გაჯანსაღებას, ეს დაიწყო ჩვენი მმართველობის პირობებში, არჩევნების შემდეგ. ნაციონალური მოძრაობა ეკონომიკას ასტიმულირებდნენ ხელოვნურად“.

ივანიშვილის მიერ დაარსებული „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ოპონენტები „ნაციონალური მოძრაობიდან“ დღეს ყოფილი პრემიერის მიერ გამოთქმული მოსაზრებებიდან ყველაზე მწარედ ლარის კურსის შესახებ გამოთქმულ აზრს აკრიტიკებდნენ. ივანიშვილის განცხადებით, ქართული ვალუტა განსაკუთრებულ რყევებს არ განიცდის, ხოლო მაღალგავითარებულ ქვეყნებში არსებული პრეცენდენტების თანახმად, როგორც ივანიშვილი ამბობს, მთავრობები ვალუტის კურსის ვარდნას ზოგჯერ ახალისებენ, ეკონომიკის განვითარების მიზნით.

ზურაბ ჭიაბერაშვილი, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ამბობს: „ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს რაც აწუხებს, ეს ივანიშვილს არ ადარდებს. ესაა ინფლაცია და ლარის გაუფასურება. მან თქვა, რომ ამ ყველაფერში განსაკუთრებული არაფერია. გასაგებიცაა, ის მილიარდელია და რა ენაღვლება. პრაქტიკულად, ჩვენ ვერ მოვისმინეთ, რომ გაიხსნება ის საწარმოები, რომლებსაც ასე უხვად პირდებოდა წინასაარჩევნო პერიოდში.“

ბიძინა ივანიშვილის, ყოფილი პრემიერის პრესკონფერენცია დღეს სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
XS
SM
MD
LG